„წართმეული ქონების უკან დაბრუნება ჩვენს ვალდებულებად რჩება“

„წართმეული ქონების უკან დაბრუნება ჩვენს ვალდებულებად რჩება“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტის დატოვების მიზეზებზე, ზაქარია ქუცნაშვილი კვლავ არ საუბრობს და ისევ დუმილის უფლებით სარგებლობს. კანონმდებელი იმ პოლიტიკურ მოტივებსაც არ ასაჯაროვებს, რის გამოც, ის დღეს რიგითი დეპუტატია. თუმცა, for.ge ცოტა ხნის წინ, ექსკლუზიურად წერდა, რომ ქუცნაშვილს დაკავებული თანამდებობა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით დაატოვებინეს, რომელიც ამ პოსტზე გია ვოლსკიმ ჩაანაცვლა.

თუ რა გახდა ქუცნაშვილსა და ივანიშვილს შორის უთანხმოების მიზეზი, ამის გარკვევას for.ge ზაქარია ქუცნაშვილთან შეეცადა:

რატომ დატოვეთ, ფრაქციის ხელმძღვანელის პოსტი?

- ჩემი გადაწყვეტილების მიზეზები, ფრაქციის ყველა წევრისთვის ცნობილია და ამ საკითხზე, საჯაროდ საუბარს არ ვაპირებ.

თუმცა, მიზეზები უცნობი საზოგადოებისთვის, რომელმაც თქვენ ნდობის მანდატი მოგანიჭათ. რატომ დაგიპირისპირდათ, ბიძინა ივანიშვილი?

- თათბირის საიდუმლოება გარეთ არ გამომაქვს. თუ რა იყო მოტივები, ამის თაობაზე ყველა ჩემი კოლეგა ინფორმირებულია.

რადგან, მიზეზებზე თქვენ არ საუბრობთ, გეტყვით, რომ for.ge-სთან კულუარულ საუბარში მმართველის გუნდის ლიდერებმა განაცხადეს, რომ თქვენ ივანიშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი შემოგთავაზათ, რაზეც უარი განაცხადეთ და ყოფილ პრემიერთან კამათი სწორედ ამიტომ მოგივიდათ...

- თავიდანვე გითხარით, რომ ამ საკითხზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია ფრაქციის ყველა წევრი და კითხვა, რაც არ უნდა შეატრიალოთ, ამ საკითხზე პასუხს ვერ მიიღებთ!

ფრაქციის თავმჯდომარე თქვენ აღარ ხართ, მაგრამ გკითხვათ, თუ ფლობთ ინფორმაციას მმართველი გუნდიდან კადრების შესაძლო გადინების თაობაზე? მათ შორის საუბარია, რომ შესაძლოა, სოსო ჯაჭვლიანმა, გოგი ქავთარაძემ, ვიქტორ ჯაფარიძემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ძალის ქვეშ, ფრაქციას შექმნან. გამორიცხავთ, თქვენი რიგების შეთხელებას?

- ფრაქციის ხელმძღვანელი 400 დღე ვიყავი და მხოლოდ ერთი დეპუტატი - კობა დავითაშვილი დავკარგე. რაც შეეხება აღნიშნული პირების მიერ ფრაქციის შექმნას, ამას გამოვრიცხავ, რადგან ეს ძველი ჭორია, რომელიც ექვსი თვეა ტრიალებს. ფრაქციის შიგნით მოვლენები თუ როგორ განვითარდება, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ შენარჩუნდება კომუნიკაცია დეპუტატებს შორის. ერთიანი ფრაქციის მომხრე ვრჩები, რადგან მმართველი პარტია ვალდებულია, ნაკისრი ვალდებულებები ბოლომდე მივიტანოთ.

თქვენი ოთხწლიან პროგრამაში წართმეული ქონების დაბრუნებაზეც იყო საუბარი, მაგრამ ეს პროცესი, ჯერჯერობით არ დაძრულა. რატომ?

- წართმეული ქონების დაბრუნება პროგრამის ნაწილი იყო და ჩვენც ეს დაპირება უნდა შევასრულოთ. წართმეული ქონების უკან დაბრუნება და პატიმრების რეაბილიტაცია ჩვენს ვალდებულებად რჩება, რისი შეუსრულებლობაც სავალალო პოლიტიკურ შედეგებს მოიტანს. მე და ჩემი მეგობრები, რომლებიც ძალიან ბევრი ვართ, ამ ხედვის ერთგულნი ვრჩებით.

რა აფერხებს ამ პროცესის დაძვრას? ბიზნესმენები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ხელისუფლებას .. სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარებას სთხოვენ...

- ხარვეზების დამდგენი კომისიის საქმიანობის ამოქმედებასთან დაკავშირებით, მთავარი მიზეზი, რაც მთავრობის მხრიდან დასახელდა, არის ის, რომ სამართლიანობის აღდგენა, შელახული უფლებების ფიქსაცია და სასამართლო გადაწყვეტილებები წარმოშობს პირისთვის მიყენებული მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. იქედან გამომდინარე, რომ ასეთი ბევრი ადამიანია, შეიძლება ზიანის ანაზღაურების მომთხოვნთა რაოდენობა ძალიან დიდი იყოს და ამ ტვირთის აწევას თუ რამდენად შეძლებს ქართული ეკონომიკა, ეს მოსაზრება მთლად უსაფუძვლო არ არის, მაგრამ მე და ჩემს მეგობრებს პოზიცია გვაქვს, რომ ამ ადამიანების უფლებების აღდგენა, რაც გამოიხატება ქონების ზიანის ანაზღაურებაში, შეიძლება დროში გაიწელოს, თუმცა, გრძელვადიანი გრაფიკი უნდა გაკეთდეს. ეს იქნება 10 წელი, 15 წელი თუ 17 წელი, ამ ადამიანებმა თავიანთი მოთხოვნა უნდა დაიკმაყოფილონ, რადგან მათ ზიანი სახელმწიფომ მიაყენა. თუ ეს პროცესი არ დავიწყეთ, თუ არ მოხდა პრობლემების ინვენტარიზაცია და თუ არ გაირკვა - ვის ვისი რამდენი მართებს, შესაძლოა, ამ ადამიანებმა თავი უფლებააყრილად მიიჩნიონ. ვფიქრობ, რომ ქართველ ადამიანს უფრო იურიდიული რეაბილიტაცია სჭირდება, ვიდრე ქონების დაბრუნება. ამიტომ, აუცილებელია, რომ ადამიანებმა თავი გაიმართლონ, თუ მართლები არიან, რაც მატერიალური და არამატერიული ზიანის ანაზღაურებას წარმოშობს. ხალხი მოითმენს, თუ მათ ეცოდინებათ, მათი სახელმწიფოს თუ რა მართებს. ამას ხალხი ერთი წელია ითმენს და ჩვენი არგუმენტებიც არ არის უსაფუძვლო, მაგრამ მთავრობის ფრთხილი დამოკიდებულება და პროგრამული დაპირება გადაიკვეთება და გამოსავალს ვიპოვით.

რაც შეეხება უმცირესობის მიერ გამოცხადებულ პოლიტიკურ ბოიკოტს. ნაციონალები სოსო ჯაჭვლიანს კუთხური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ და პარლამენტის თავმჯდომარეს პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ. როგორ აფასებთ, ოპონენტთა პოლიტიკურ ტაქტიკას?

- ბარამიძე, რომელ კუთხეს მიეკუთვნება? კუთხური შუღლის გაღვივება, ორი კუთხის წაკიდებას ნიშნავს და ერთი სვანია, მაგრამ ბარამიძე?!

ნაციონალები აცხადებენ, რომ რუსეთის გეგმებში შედის ვითარების დაძაბვა სამეგრელოში, სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში და მათი მტკიცებით, ნებსით თუ უნებლიედ, სოსო ჯაჭვლიანმა რუსეთს სამსახური გაუწია და კუთხური შუღლის გაღვივებას შეუწყო ხელი...

- ეს მოსაზრება პიარ-ელემენტის ნაწილია და მცდარი ხედვაა. უმცირესობა ცდილობს არა სპეცოპერიის გადაფარვას, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა, არამედ ძალადობრივი აქტის გამართლებას. ბარამიძე რომელ კუთხეს წარმოადგენს, აბა დაასახელონ. აფრასიძის დანაშაული არცერთ სასამართლოს არ ჰქონდა დამტკიცებული და სახელმწიფოს არ ჰქონდა უფლება, რომ მისი ოჯახის წევრები საფრთხის ქვეშ ჩაეგდო და ცეცხლი გაეხსნა. ნაციონალებს არ აქვთ უფლება, გადაჭარბებული ძალის გამოყენება გაამართლონ და ამით იამაყონ კიდეც.

სუფთა სამართლებრივი თვალსაზრისით, სვანეთში ძალისა და უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი და ამით საფრთხე შეუქმნეს უდანაშაულო ადამიანებს. ბარამიძემ გაგვცეს პასუხი -ჰქონდა თუ არა სამართლებრივი საფუძველი აფრასიძის მიმართ და იყო თუ არა ის დამნაშავე?! ადამინი დამნაშავეც რომ იყოს, სახლემწიფო ვალდებულია, ის ოპერატიული ღონისძიებების გამოყენებით შეიპყრას და არა საომარი ტექნიკის საშუალებით. ჯაჭვლიანს განცხადების გაკეთებისას მხედველობაში არც უკრაინა ჰქონდა, არც კუთხური შუღლის გაღვივება და არც რუსეთისთვის სამსახურის გაწევა. ნაციონალებმა ძალადობრივი საქმიანობა გლობალური პოლიტიკურ ასპექტებზე გადაიტანეს, თითქოს, ჯაჭვლაინი უკრაინაზე და რუსეთზე ფიქრობდა.

როცა ძალისა და უფლებამოსილების გადამეტებაზე ისაუბრეთ. მაინტერესებს, რატომ არ კითხავს ბარამიძეს პროკურატურა?

- ეს პროკურატურას უნდა ჰკითხოთ. ყველას პასუხი მისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა მოჰკითხოთ.

თუმცა, თქვენ დეპუტატი ხართ და უფლება გაქვთ, პროკურატურას კითხვებით მიმართოთ...

- ამ შემთხვევაში, იმ ჰიბრიდული სისტემის შესახებ მოგეხნებათ, რომლის გათვალისწინებითაც, ერთი მხრივ, პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, მეორე მხრივ კი, დამოუკიდებელი სტურქტურაა. გრძელვადიანი თვალსაზრისით, ან დამოუკიდებელ სტრუქტურაზე უნდა ვიფიქროთ, ან პარლამენტთან ანგარიშვალდებულ უწყებაზე. ამ მხრივაც, ბევრი სამუშაო არის გასატარებელი. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირდება.