ჩინეთის საელჩო დანიგანს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ჩინეთის საელჩო დანიგანს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ჩინეთის დიპლომატიური უწყება რობინ დანიგანს პასუხობს და წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი. ჩინურმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დადგენილ სან-ფრანცისკოს ხედვას.

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელის განცხადებები, როგორიცაა: „China Communications Construction Company“-ის უმეტესობას „ჩინეთის კომუნისტური პარტია“ ფლობს და China Communications Construction Company და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის რუსეთის არმიის ნომერ პირველი დამფინანსებელი, არის აზრს მოკლებული და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან. ჩინური მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა აღნიშნა, რომ CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტში კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა, რომელიც დღეს რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია. ელჩის თქმით, ჩნდება კითხვა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს ოკუპანტს?

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქართულ მხარეს პარტნიორებთან მუდმივი დიალოგი აქვ და მათ აქვთ სრული ინფორმაცია ანაკლიის პორტის პროექტზე.

„იცით, რომ კონსორციუმის ერთ კომპანიაზე იყო საუბარი, გვყავს მეორე კომპანიაც კონსორციუმში - China Harbour Investment, ასევე რამდენიმე ქვეკონტრაქტორი და აგრეთვე მოიაზრება რამდენიმე მნიშვნელოვანი, მაღალი რეპუტაციის, მათ შორის, ჩინური საერთაშორისო გადამზიდავი ხაზის ჩართულობა - ზოგადად, ეს იქნება კომპლექსური ეკოსისტემა, სადაც ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი თანამშრომლობს სახელმწიფოსთან იმისთვის, რომ ჩვენ ამ პორტის მაქსიმალურად ხარისხიანი განვითარება მივიღოთ და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული და კომერციული ინტერესები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აშშ-ის ელჩი არ არის გამონაკლისი, რომელიც ჩინური კამპანიის და ზოგადად, ანაკლიის პორტის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდის. „ლელოს“ ლიდერები - ჯაფარიძე და ხაზარაძე ანაკლიის პროექტისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ. უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ჯაფარიძე და ხაზარაძე სხვის რეპუტაციაზე საუბრობენ მაშინ, როცა ისინი სასამართლომ დამნაშავედ ცნო თაღლითობაში და ეს განაჩენი არც გაუსაჩივრებიათ.

„მეორე კაზუსია ის, რომ ეს ადამიანები პროექტისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ, დღეს კი ანაკლიის პროექტზე ისე საუბრობენ, გეგონება, ანაკლიის პროექტის დიდი გულშემატკივრები არიან. ხმა საერთოდ რომ არ ამოიღონ, უკეთესი იქნება. დეზინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ. სხვათა შორის, ეს ადამიანები ანაკლიის პორტში ჩინური ინვესტიციების ჩადებაზე ოცნებობდნენ. აქედანაც ჩანს მათი ორმაგი სტანდარტი და რეპუტაცია. ეს არის პარტია, რომელსაც ამომრჩეველი საერთოდ არ ჰყავს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი სვას კითხვას - აშშ თვითონ როცა ურთიერთობს და ვაჭრობს ჩინეთთან, მაშინ ჩინეთი დემოკრატიული სახელმწიფოა და საქართველოს შემთხვევაში ხდება თურმე „დიქტატორული“? როგორც დეპუტატი აცხადებს, აშშ-ის მხრიდან საქართველოს მიმართ არასამართლიანმა და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა უკვე იმ მასშტაბებს მიაღწია, რომ ჩინეთის საელჩომ ამერიკელი დიპლომატი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, საქართველოს მიმართ აშშ-ის ვასალური დამოკიდებულება უკვე ხილული გახდა.

„როდესაც საქართველოს სახელმწიფომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კონკურსი გამოაცხადა, არც ერთმა ამერიკულმა კომპანიამ მონაწილეობა არ მიიღო. ამ ფონზე კი, როცა ჩინურმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მოიგო ტენდერი და უნდა, რომ განავითაროს ეს პორტი, რითაც საქართველოს ეკონომიკა წინ წავა, უსაფუძვლო პრეტენზიები ჟღერდება აშშ-ის მხრიდან საქართველოს მიმართ. ამავდროულად, ტყუილს ეუბნებიან საზოგადოებას იმით, რომ თითქოს ჩინეთი დაღდასმული სახელმწიფოა, რადგან რუსეთს აფინანსებს და ამიტომ საქართველოს თურმე მასთან ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს.

ეს ის ჩინეთია, რომელთანაც აშშ-სა და ევროკავშირს აქვთ ურთიერთობა და წლიურად, ექვსას მილიარდზე მეტი სავაჭრო ბრუნვა. ხალხურ ენაზე რომ ავხსნათ - ამერიკას ჩინეთთან რა სავაჭრო ბრუნვაც აქვს ათი საათის განმავლობაში, ჩვენ ერთი წლის განმავლობაში გვაქვს. ამ ფონზე, საქართველოს ეუბნებიან, რომ ჩინეთთან არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. ანუ, თვითონ როცა ურთიერთობენ, ჩინეთი დემოკრატიულია და საქართველოს შემთხვევაში ხდება დიქტატორული სახელმწიფო“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ლელოს“ წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ანაკლიასთან დაკავშირებით რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა, დასავლური, თავისუფალი სამყარო როგორ არ უნდა იყოს შეშფოთებული, მით უმეტეს, რომ ეს შეეხება ვიზებსაც, ინვესტიციებსაც და სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვასაც. მისი შეფასებით, ხელისუფლება თავისი უგუნური პოლიტიკით, ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას საფრთხეს უქმნის.

„დღეს „ქართული ოცნების“ გამხმოვანებელმა მთავარმა ძალამ გვითხრა, მერე რაო, გაუქმდეს ყველაფერი, თუკი რამე პარტნიორობა გვაქვს აშშ-სთან და დასავლეთთანო, ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვეყანასო. აი, ასე უგუნურად მიაქანებს ეს ხალხი ამ ქვეყანას. ყველა ქვეყანა თავად წყვეტს, ვინ შეუშვას საკუთარ ქვეყანაში და ვინ არა. ელჩი პასუხისმგებელია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე და თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. ჩვენი ქვეყანა რომ არ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის პრობლემა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პოლიტიკოს მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited გაუძღვება. შეთანხმების პირობები საქართველოსთვის ოპტიმალურია. თანხას ინვესტორი ხარჯავს, ის ასევე უზრუნველყოფს პორტში ჩინური ტვირთების მოზიდვას და ქართულ სახელმწიფოს პორტის 51%, ანუ საკონტროლო პაკეტი რჩება. მისი თქმით, აქ მნიშვნელოვანია, რომ ამ ინვესტიციას პოლიტიკური ვალდებულებები არ მოყვება.

„მაგალითად: ლგბტ პრაიდის ჩატარება, მარგინალურ ლიბერალურ ჯგუფებთან კოალიციური მთავრობა ან სხვა. ზოგადად, ქართული სახელმწიფოს მიერ 51%-ის კონტროლი კარგია და თუ მომავალში შემოვიღებთ კანონის ნორმას, რომლის მიხედვით ნებისმიერი იურიდიული პირის 51% საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნოდეთ, ეს გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკურ სუვერენიტეტს.

როგორც მინიმუმ, მსგავსი ნორმა სასარგებლო წიაღისეულს, კომუნალური მომსახურების კომპანიებს, ენერგეტიკას, დიდ სატრანსპორტო ობიექტებს, დიდ სამრეწველო ობიექტებს და სხვა სტრატეგიულ ან დარგწარმომშობ საწარმოებს უნდა ეხებოდეთ. ცხადია, ვგულისხმობთ არა კონფისკაციას, არამედ სამართლიან ნაციონალიზაციას - სახელმწიფოს მიერ წილის დადგენილი გრაფიკით გამოსყიდვის ფორმით“, - აცხადებს გოგავა.

მისი თქმით, დასავლეთიდან ისმის კრიტიკა, რომ China Communications Construction Company Limited ცუდია კომპანიაა, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ეკუთვნის და ოკუპანტ რუსეთს აფინანსებს. თუ ასეა, გოგავას განცხადებით, მაშინ რატომ აძლიერებს დასავლეთი ამ კომპანიას თავისი კაპიტალით?!

„ჩინეთის სახელმწიფო ფლობს ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტს, მაგრამ მინორიტარული აქციონერები არიან: ამერიკული Black Rock Inc.-ის შვილობილი კომპანიები: BlackRock Fund Advisors, BlackRock Advisors (UK) Ltd, BlackRock Investment Management (UK) Ltd., BlackRock Financial Management, Inc., ასევე ამერიკული Fidelity Management & Research Co. LLC, და ბრიტანული Hermes Investment Management - marketscreener.com. CHIN company ამ კომპანიებმა CCCC-ის აქციები საფონდო ბირჟაზე შეიძინეს, რითაც გაზარდეს CCCC-ის კაპიტალიზაცია.

ვიკიპედიის ცნობით, China_Communications - ამ კომპანიის 63,8%-ს ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ქონების მართვის კომისია ფლობს, ხოლო აქციონერები ამერიკული Meryl Lynch, Black Rock და JP Morgan Chase-ის აფილირებული კომპანიები არიან. 2020 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც ამერიკულ კომპანიებს და ინდივიდებს აეკრძალათ ამ ჩინური კომპანიის აქციების ფლობა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი აგრძელებს ამ კომპანიაში სხვა იურისდიქციებში რეგისტრირებული შვილობილი კომპანიებით აქციონერად ყოფნას.

დასკვნა: ანაკლიის პორტისთვის აუცილებელი მოცულობის ტვირთები აქვს მხოლოდ ჩინეთს და ამ ტვირთების მიღებით ევროპა არის დაინტერესებული. გადაწყვეტილება გიგანატური ჩინური კომპანიის მიერ ანაკლიის პორტის აშენების თაობაზე სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პორტის 51% საქართველოს რჩება. მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ პროექტის დროული და ხარისხიანი შესრულება გააკონტროლოს“, - აღნიშნა ირაკლი გოგავამ.

 

amo ხელისუფლებავ თუ იყენებთ (ფარულად მაინც, გამგები გაიგებს) ირაკლი გოგავას ხომ კარგი და თუ არა, ვაი თქვენს პატრონს.
5 თვის უკან
მერაბ.g ჩინეთი გვატემალა და ერაყი არაა, რაც ასიშიში მოსახლეობაა, იმაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს; ატომური ბომბი ტანკი და თვითმფრინავიც არავისზე ნაკლები არა ჰყავს ჩინელებს! რაც ჩვენთვის მისაღებია, ჩინელი არ ერევა შენს ცხოვრებაში, ტრადიციები, რელიგია,
5 თვის უკან