NATO-ს ახალი შეფი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი იქნება

NATO-ს ახალი შეფი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი იქნება

NATO-ს მეთოთხმეტე ხელმძღვანეკი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ხდება. ახალი გენერალური მდივანი 30-ვე ქვეყნის მთავრობამ კონსენსუსით უნდა დაამტკიცოს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული ინტერესები, წარმომავლობა და პოლიტიკური დღის წესრიგი, ასევე - კანდიდატის წარმოშობის ქვეყნის სამხედრო და დიპლომატიური მნიშვნელობა.

NATO-ს მოქმედი გენერალური მდივანი, ნორვეგიელი იენს სტოლტენბერგი, 2005-2013 წლებში ხელმძღვანელობდა ნატოს, 2014 წლის 1 ოქტომბერს, მას კიდევ ერთი ვადით გაუგრძელდა ამ თანამდებობაზე ყოფნა. რაც შეეხება სტოლტენგებრის მომავალს, რომელიც ნატოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გენ-მდივანია, მას ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება სურდა და ალბათ იქ გაარძელებს საქმიანობას.

იენს სტოლტენბერგის მემკვიდრემ უნდა უზრუნველყოს თანმიმდევრულობა და ინტერესთა ბალანსი, ხელი შეუწყოს კონსენსუსს ნატოს წევრებს შორის. ამასთან, აუცილებელია, რომ ნატოს ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი წარსულში იყოს სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაური, აუცილებელია, რომ კანდიდატს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ვაშიგტონთან, რომელსაც ეკუთვის საბოლოო სიტყვა.

იენს სტოლტენბერგის შემცვლელის შესახებ მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს მარკ რუტეს კანდიდატურას ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე უნგრეთმა და სლოვაკეთმაც დაუჭირეს მხარი. რუტემ ორბანისადმი წერილში დაუდასტურა მას, რომ ნატოს გენერალური მდივნის პოზიციაზე არჩევის შემთხვევაში, ის პატივს სცემს ალიანსის ახლანდელ ხელმძღვანელთან, იენს სტოლტენბერგთან მიღწეულ შეთანხმებებს იმის თაობაზე, რომ ბუდაპეშტი უკრაინისთვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილებებში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ არც დაბლოკავს მათ.

„ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ დაადასტურა, რომ სრულად უჭერს მხარს ამ შეთანხმებებს და გააგრძელებს ამის კეთებას, თუ ნატოს შემდეგი გენერალური მდივანი გახდება. მისი დაპირების გათვალისწინებით, უნგრეთი მზად არის მხარი დაუჭიროს პრემიერ-მინისტრ რუტეს კანდიდატურას ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე“, - აცხადებს ვიქტორ ორბანი.

18 ივნისს, რუტეს კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ სატელევიზიო ეთერში გამოაცხადა. ამდაგვარად, მარკ რუტე ნატოს მომდევნო გენერალური მდივნად რომ იქნას არჩეული, თავისი კანდიდატურა რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა უნდა მოხსნას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა დანარჩენი წევრის მხარდაჭერა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს უკვე აქვს.

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მის შემცვლელად არჩევის მაღალი შანსი სწორედ, მარკ რუტეს აქვს. სტოლტენბერგის თქმით, როგორც წესი, თავს იკავებს თავის შემცვლელზე კომენტარის გაკეთებისგან, რადგან თავად არ ირჩევს მას.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დღევანდელი განცხადების შემდეგ, ვფიქრობ, აშკარაა, რომ ალიანსში ძალიან ახლოს ვართ შემდეგი გენერალური მდივნის არჩევასთან. მარკ რუტე ძალიან კარგი კანდიდატია, რადგან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დიდი გამოცდილება აქვს. ის ჩემი ახლო მეგობარი და კოლეგაა. ამიტომ, ვფიქრობ, ალიანსი ძალიან მალე შეჯერდება ჩემს შემცვლელზე. ეს ყველასთვის, ნატო-სთვის და, მათ შორის, ჩემთვისაც კარგი იქნება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მოლოდინი, რომ სტოლტენბერგის მემკვიდრე შეცვლის ნატოს პოლიტიკას, ამის მოლოდინი არ აქვს პოლიტოლოგს, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარს, თამარ კიკნაძეს, რომლის განცხადებით, ჩვეულებრივი როტაციული პროცესია და შესაბამისად, არც არაფერი არ იცვლება. მისი თქმით, თავმჯდომარეს შეიძლება რაღაცა ფუქნქცია აქვს, მაგრამ არც იმდენი, რომ შეცვალოს ნატოს პოლიტიკა.

„გადაწყვეტილების მიღების პროცესი არის ძალიან რთული, კონსესნსუსის გზით ხდება. რაც შეეხება თავმჯდომარეს, არც თუ ისე დიდი დატვირთვა აქვს და ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება, ის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. მიმაჩნია, რომ ახალ თავმჯდომარეს არაფრის ცვლილება არ შეუძლია. ალბათ, ნატოს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს ახალ რეალიებთან დაკავშირებით. ეს ჩვეულებრივი როტაცია არის, ახალი კანდიდატურა, რასაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს და სწორედ, ამიტომ დაუჭირეს მხარი სლოვაკეთმა და უნგრეთმა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, აუცილებლად ყურადღება უნდა გავამხვილოთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებებზე და ეს უკავშირდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს, რადგან ამერიკელი საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰპოვებს ასახვას შემდეგ პოლიტიკაზე.

„რაც შეეხება, როგორც აშშ-ს, ისე ნატოს, მას აქვს თავისი სტრატეგია, რომელიც აუცილებლად გათვლილია ათწლეულებზე. შესაბამისად, ამას ხელს არ შეუშლის ნატოს ხელმძღვანელობაში ვინც არ უნდა მოვიდეს, ეს არის კონკრეტული ინდივიდი, რომელსაც არ აქვს რაიმე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ყველაფერი გაწერილია და შესაბამისად, აღსრულდება იმ სახელმწიფოს ნება, რომელსაც აქვს ზეგავლენა ამ ორგანიზაციაზე. ვთვლი, რომ უნდა დაველოდოთ აშშ-ის არჩევნებს. გარკევული ცვლილებები განხორციელდება და ამაში გასათვალისწინებელია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და ახლა უკვე კანდიდატის განცხადებები თუნდაც ნატოსთან დაკავშირებით. საკმაოდ არაორდინალური პიროვნებაა, არ ვიცი რამდენად შეძლებს, მაგრამ შესაძლებელია, არსებულ ცალკეულ გეგმას გარკევული წინააღმდეგობაც კი გაუწიოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

ანალიტიკოს ირაკლი გაბელიას განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც ბიპოლარულ მსოფლიო წესრიგში ჩამოყალიბდა, დღესაც ერთ-ერთ მთავარ სუბიექტად გვევლინება გლობალურ პოლიტიკაში. მისი თქმით, ალიანსის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ევროპის გასაბჭოების პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებებია, თუმცა სსრკ-ს დაშლის შემდგომ მან მაინც განაგრძო არსებობა და მეტიც, წინარე პერიოდთან შედარებით, კიდევ უფრო გაფართოვდა.

„ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ვადაში, მის მიერ ღიად გამოთქმულ აზრს ნატოდან აშშ-ს გასვლაზე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა ამჟამინდელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მსგავსი რიტორიკა წარსულს ჩააბარა, რაც 2023 წელს ფინეთის, ხოლო მიმდინარე წელს შვედეთის ალიანსში გაწევრიანებით დაგვირგვინდა.

უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, დღეს აქტუალური საკითხი გახდა ნატოს მომდევნო გაფართოება და ზოგადად, მისი პოლიტიკა, ვინაიდან მკვლევართა უდიდესი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ აშშ-ს ჰეგემონია დასრულდა და სრულიად ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებას ვადევნებთ თვალს, რაც წარსულში უალტერნატივოდ მიღებული მოცემულობების გადახედვას საჭიროებს. აღნიშნული ალიანსსაც ეხება და მას მოუწევს ანგარიში გაუწიოს ისეთ ძლიერ აქტორებს, როგორებიც რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არიან“, - აცხადებს გაბელია.

როგორც ანალიტიკოსი ამბობს, ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რუსეთის ფედერაციის პოზიციაა, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება ალიანსის გაფართოებას და ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს მას. რაც შეეხება უნგრეთის გადაწყვეტილებას, გაბელიას განცხადებით, უნგრეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა წერილობითი გარანტიები მისცა, რომ არ აიძულებდა ქვეყანას მონაწილეობა მიეღო სამხედრო ალიანსის ახალ გეგმებში უკრაინის მხარდაჭერის მიზნით.

„თავდაპირველად, მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რას წარმოადგენს მომავალი, სავარაუდო, ნატოს გენერალური მდივანი. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში, რუტე იყო ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, რომელიც უკრაინისადმი ევროპის სამხედრო მხარდაჭერის უკან იდგა და მუდმივად ხაზს უსვამდა იმას, რომ ევროპაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება იყო აუცილებელი. მისი ბოლოდროინდელი ხელმძღვანელობით, ნიდერლანდებმა თავდაცვის ხარჯები ნატოს წევრებისათვის საჭირო მშპ-ს 2%-იან ზღურბლზე გაზარდა, მიაწოდა კიევს F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავები, არტილერია, დრონები და საბრძოლო მასალა, ასევე დიდი ინვესტიცია განახორციელა საკუთარ არმიაში.

უპირველესად, რუტეს კანდიდატურას თურქეთი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა აპრილში იგი დაეთანხმა და მსვლელობა მისცა მის გენერალურ მდივნად არჩევას. მოგეხსენებათ, ალიანსი გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებს, ამიტომ ნებისმიერ კანდიდატს 32-ვე მოკავშირის მხარდაჭერა სჭირდება. რუტეს კანდიდატურას ჯერ კიდევ ეწინააღმდეგება ოფიციალური ბუქარესტი, რომლის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისიც იბრძვის ამ თანამდებობისთვის, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუტესათვის ეს დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენს. საკითხით დაინტერესებული ადამიანებისათვის მარტივია იმ დასკვნის გაკეთება, რომ ალიანსის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიც რეალურად განსაზღვრავს თავად ალიანსის პოლიტიკას“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, ახალი გენერალური მდივნის არჩევით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ განსაკუთრებულად არაფერი შეიცვლება და მეტად სავარაუდოა მისი წინამორბედის პოლიტიკა განაგრძოს.

„თავად ნატოს პოლიტიკაზე, ისევე როგორც მსოფლიოს სამომავლო კონტურებზე, დიდ გავლენას ამერიკის მოახლოებული არჩევნები მოახდენს. კონფრონტაციის შესამცირებლად ან მის აღმოსაფხვრელად დიდ აქტორთა შორის შეთანხმება უნდა მივიჩნიოთ, ხოლო ალიანსი საერთო დაპირისპირების კონკრეტული რეალიზაციაა. დაპირისპირება, რომელიც რეალურია და აჩრდილივით დასტრიალებს თავს მსოფლიოს, ნატოს გენერალური მდივნის პოზიციამდე არ დაიყვანება და იგი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე უმეტესობას წარმოუდგენია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გაბელიამ.