მას შემდეგ, რაც გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძე გადადგა, აქტიურად განიხილება საკითხი, თუ ვინ შეცვლის მას ამ პოსტზე. ოპოზიცია საუბრობს, რომ გენერალურ პროკურორად შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მოგვევლინოს, ასევე საუბარია „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილზეც, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა გენერალურ პროკურორად მის წარდგენას აპირებს. მისივე თქმით, საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარადგენს კანდიდატებად.
„საპროკურორო საბჭო არის უფლებამოსილი, რომ პარლამენტს კანდიდატები წარუდგინოს. მე განაცხადი არ შემიტანია, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, აქედან გამომდინარე, ყველა ერთად დაველოდებით კანდიდატების წარმოდგენას.
ჩვენს კომპეტენციაში არ არის ვისაუბროთ იმაზე, რაც უნდა გადაწყვიტოს საპროკურორო საბჭომ. საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარმოგვიდგენს... საპროკურორო საბჭო არავის სთავაზობს თანამდებობებს. ამას ელემენტარული ჩახედვა სჭირდება კანონმდებლობაში“, - დასძინა ოხანაშვილმა.
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი კი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოხანაშვილს „რუსულ კანონთან“ დაკავშირებულ „გმირობას“ უფასებს და შესაძლებელია, მისი კანდიდატურა განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.
მისივე განცხადებით, გადაწყვეტილებები უზენაეს სასამართლოზე, გენერალურ პროკურორსა და სხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე ახალი ლეგიტიმაციით, ახალმა პარლამენტმა უნდა მიიღოს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ თუკი კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას იძლევა, უმჯობესი იქნება, თუ გენერალური პროკურორის კანდიდატურა მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იქნება წარდგენილი.
„ეს შეიძლება ოხანაშვილი იყოს, ან სრულიად უცნობი ვიღაც - ამას მნიშვნელობა არ აქვს. პოლიტიკურს პარტიებს და მათ, ვისაც გადაწყვეტილი აქვთ ხელისუფლებაში მოსვლა, კოალიციური მთავრობა იქნება თუ რა, შესაფერისი კანდიდატები უნდა ჰყავდეთ.
ეს ის თემაა, რომელიც კანონით რეგულირდება - თუ კანონი იმის საშუალებას იძლევა, რომ გენერალური პროკურორის არჩევა გადაიდოს, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ კანდიდატის შერჩევა არჩევნების შემდეგ მოხდება, თუმცა, კანონი ამის საშუალებას იძლევა? - არ ვიცი“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება გენერალური პროკურორი, მთავარია ვინ გაატარებს „ქართული ოცნების“ ინტერესებს.
„ჩემთვის მდინარაძესა და ოხანაშვილს შორის დიდი განსხვავება არ არის, რადგან ერთი მეორეზე უარესია. ასე რომ, ვინ უფრო უარესია, ალბათ, ამ პრინციპით აირჩევენ (გენერალურ პროკურორს).
რაღაც სხვა პარამეტრები იმუშავებს, რომელიც არსებითი არ არის. შესაძლოა ოხანაშვილს და მდინარაძეს პარლამენტში დარჩენა ურჩევნიათ, ან პირიქით - ვინ უფრო მეტად „ჩააწყობს“ გენერალურ პროკურორობისთვის. მთავარია, ვინ როგორ „იჩალიჩებს“. ორივე ერთნაირად მოემსახურება „ქართული ოცნების“ ინტერესებს და არა სახელმწიფოს ინტერესებს.
წესით, მათ არ უნდა სურდეთ გენერალური პროკურორის თანამდებობის დაკავება, რადგან ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ჰაერში არიან გამოკიდებული, როცა მოუნდებათ მაშინ გაუშვებენ. ხოლო, როდესაც პარლამენტის წევრი ხარ, ვიდრე არ დასრულდება საპარლამენტო ცხოვრება, თანამდებობაზე დარჩენა შეუძლიათ - 4 წელი დაცული იქნებიან დეპუტატის იმუნიტეტით“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტი ირაკლი შოთაძემ 23 მაისს, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დატოვა.