გუბერნატორებო, სწორდით! გუბერნატორებო, სმენა!

გუბერნატორებო, სწორდით! გუბერნატორებო, სმენა!

ნაციონალების დროს გუბერნატორების ინსტიტუტი ცემა-ტყეპისა და პოლიტიკური გარჩევების არეალი იყო. ეს ინსტიტუტი განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურდებოდა და მოწინააღმდეგეებთან გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადებოდა. ადამიანებს გზაში ხვდებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ თუნდაც იმის გამო, რომ მათ „ქართული ოცნების“ მაისურები ეცვათ. მაგალითად, სოფელ ჩალაუბანში, კოალიცია „ქართული ოცნების“ პროგრამა „კარდაკარის“ მონაწილე ილია სულიაშვილი იხსენებს, რომ ის კახეთის გუბერნატორის ნათესავმა „ქართული ოცნების“ წევრობისთვის სცემა. ასეთი შემთხვევები კი არაერთი იყო.

ნაციონალები გუბერნატორებად პარტიულ აქტივს ნიშნავდნენ: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზაზა გოროზია, დავით კირკიტაძე, გიორგი ღვინიაშვილი, თენგიზ გუნავა, ვახტანგ ბალავაძე, ლადო ვარძელაშვილი და სხვანი. ზოგიერთი მათგანი გუბერნატორობისას ხელფასზე ორჯერმეტ პრემიას იღებდა. თუმცა გუბერნატორებმა, რომლებმაც ხალხს თავი პოლიტიკური დავალებების პირნათლად შესრულებით დაამახსოვრეს, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაწერეს.

დღეიდან კი საქართველოს ცხრა რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი გუბერნატორების ვინაობა დაასახელა, რომლებიც მისი წარდგინებით მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა.

როგორც ირკვევა, ახალი გუბერნატორები ძირითადად ძალოვან უწყებებსა და ეკონომიკის სფეროში ნამუშევარი კადრია.

ქვემო ქართლი - გიორგი მღებრიშვილი (იურისტი, მუშაობდა სამართალდამცავ სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე);

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - პარმენ მარგველიძე (ეკონომისტი);

სამხე-ჯავახეთი - აკაკი მაჭუტაძე (საგარეო-ეკონომიკური მიმართულების სპეციალისტი. მუშაობდა სამართალდამცავ და საფინანსო სტრუქტურებში;)

სამეგრელო-ზემო სვანეთი - ლევან შონია (სამართალმცდონე, ვახტანგ გორგასლის ორდენის ორგზის კავალერი და ღირსების ორდენის კავალერი);

იმერეთი - ზაზა მეფარიშვილი (ინჟინერ-ტექნოლოგი. აქვს მიღებული იურისიტის და ბუღალტერ-ფინანსისტის კვალიფიკაცია);

კახეთი - ირაკლი შიოლაშვილი (იურისტი); დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი.

მცხეთა-მთიანეთი - ნუგზარ ყიფიანი (რეჟისორი);

შიდა ქართლი - ზურაბ რუსიშვილი (საგარეო ურთიერთობების მართვის სპეციალისტი, ფინასტისტი);

გურია - გიორგი ჩხაიძე (ეკონომისტი);

ქვემო ქართლის გუბერნატორის წარდგენისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამართალდაცავ ორგანოებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობისას გიორგი მღებრიშვილი მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა.

„პატრიოტი და კარგი მენეჯერი“, - ასე დაახასიათა პრემიერ-მინისტრმა სამართალდაცავ ორგანოებში მომუშავე აკაკი მაჭუტაძეც, რომელიც სამცხე-ჯავახეთში გახლდათ სახელმწიფო რწმუნებული. იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსიც იყო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დანიშნული ლევან შონიას შესახებ კი პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი მინისტრობის დროს იგი გამორჩეული სამხარეოს უფროსი იყო, დღესაც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს სამეგრელოში და თავის დროზე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. უფრო კონკრეტულად, 1999- 2004 წლებში ლევან შონია შსს-ს გულუას სახელობის პოლიციის სპეცდანიშნულების სამსახურის უფროსი გახლდათ.

რაც შეეხება იმერეთის გუბერნატორად დანიშნულ ზაზა მეფარიშვილს, ამ თანამდებობამდე ის შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტის) დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი იყო და ირაკლი ღარიბაშვილმა ის კარგ ორგანიზატორად მოიხსენია. ასეთივე მაღალი შეფასება მისცა სხვა გუბერნატორებს.

ამასთან, მათ 24-საათიანი მუშაობისა და რეგიონის პრობლემის ადგილზე გაცნობისკენ მოუწოდა. პრემიერის თქმით, მთავრობის ამოსავალი წერტილი თითოეული მოქალაქე უნდა იყოს და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ გუბერნატორებს, რათა რეგიონებში დაწყებული ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტები წარმატებით, ეფექტურად და დროულად განხორციელდეს.

თავის მხრივ, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გუბერნატორის ინსტიტუტი აბსოლუტურად უმოქმედო იყო, ამიტომ საჭიროა მისი გამოღვიძება და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს შორის კოორდინაციის არსებობა.

ახალი გუბერნატორების წარდგენას გულგრილი არ დაუტოვებია იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე. იგი დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის ზაზა მეფარიშვილის დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „გასაოცარი ის არის, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, იმას აკეთებენ თვითონ. დანიშნული ცხრა გუბერნატორიდან უმრავლესობა ძალოვანი უწყების თანამშრომელია. სამწუხაროა, რომ იმერეთშიც ამ თანამდებობაზე „სუს“-ის (სახელმწიფო უშიშროების სამსახური) ქუთაისის უფროსი დანიშნეს“.

„თანამდებობებზე ნათესავებსა და მეგობრებს ნიშნავენ“, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ირმა ნადირაშვილი გუბერნატორების დანიშვნის საკითხს.

დეპუტატის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ აბაშიძის პასუხი მოჰყვა. მას მიაჩნია, რომ არანაირ ნეპოტიზმს ადგილი არ აქვს და, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორის თანამდებობაზე ის ადამიანები შეარჩია, რომელთა საქმიანობასაც იცნობს.

ის ფაქტი, რომ ახლადწარდგენილი გუბერნატორებიდან რომელიმე ძალოვან უწყებაში მუშაობდა, კრიტიკის საფუძვლად არ მიაჩნია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას. იგი ფიქრობს, რომ პრემიერის არჩევანი განპირობებულია რეგიონის საჭიროებებით.

For.ge-სთან საუბარში ექსპერტი და მცხეთა–მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ ნაციონალების დროს ნებისმიერი ინსტიტუტი, მათ შორის, გუბერნატორების ინსტუტუტი ადამიანების დარბევის, ცემა-ტყეპისა და სისხლის სამართლის დანაშაულთან ასოცირდებოდა. იგი ფიქრობს, რომ ახალი თვითმმართველობის კანონი ბევრ რამეს დაარეგულირებს და კარგია, რომ ახალ გუბერნატორებს ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტი ექნებათ.

მისი თქმით, ახალ გუბერნატორებს შორის ბევრს არ იცნობს, მაგრამ ნუგზარ ყიფიანის შესახებ შეუძლია თქვას, რომ მცხეთა-მთიანეთელები, მისთვის ძალიან საყვარელი ადამიანები, იმედგაცრუებულნი არ დარჩებიან. მეტიც, ნუგზარ ყიფიანი დემოკრატი ადამიანია, დანარჩენებს კი მათი საქმიანობა გამოაჩენს.

„ნაციონალები ახლა რომ წუწუნებენ, გუბერნატორების უმეტესობა ძალოვანი სტრუქტურებიდან არიანო, რატომ ავიწყდებათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ზოგი საიდან მოვიდა, ზოგი - საიდან. თუმცა სხვადასხვა სფეროდან მოსვლის მიუხედავად, ნაციონალებს სადისტებად ჩამოყალიბებაში ხელი არ შეშლიათ. ახლა ისინი პარლამენტშიც არიან და ადრე მთავრობაშიც იყვნენ, მაგრამ სადისტებად ჩამოყალიბდნენ. ამიტომ განმსაზღვრელი ის კი არ არის, ადამიანს სად უმუშავია, უბრალოდ, მთავარია, ვინ არის იგი და როგორი ოჯახიდან მოდის. გუბერნატორების საკითხებში ნამდვილად ვერკვევი და ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ჩვენ უნდა ვეცადოთ, თვითმმართველობის ისეთი კანონი მივიღოთ, რომ თავად თვითმმართველობა გახდეს ძლიერი და გუბერნატორი აღარ იყოს საჭირო. მანამდე კი, ამ გარდამავალ პერიოდში, რამდენიმე თვის განმავლობაში, გუბერნატორებმა ხელი უნდა შეუწყონ თვითმმართველობის განვითარებას. სწორედ ამას ვუსურვებ ამ გუბერნატორებს“, - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

მანვე განმარტა, რომ ზემოდან დანიშნული გუბერნატორები მსოფლიოში, როგორც წესი, არ არიან. უფრო მეტიც, დანიშნული გუბერნატორი და თვითმმართველობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. უბრალოდ, გარდამავალ პერიოდში აღნიშნული ინსტიტუტის ამ სახით არსებობა საჭიროა.

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ექსპერტი, ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ 2011 წელს მიღებული რეგიონული განვითარების სტრატეგიით, გუბერნატორი კოორდინაციას უწევს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შემუშავებას. სწორედ ეს არის მისი ძირითადი ფუნქცია. ამასთან, გუბერნატორი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე ზედამხედველობას სახელმწიფოს სახელით ახორციელებს და გუბერნატორობა ნიშნავს, რომ სახელმწიფომ თავისი რეგიონული პოლიტიკა თბილისიდან კი არ განახორციელოს, არამედ ადგილზევე.

მისივე თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, გუბერნატორს ისედაც აკრძალული აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევა. გუბერნატორს კი არა, არცერთ ორგანოს არ შეუძლია, ამ საქმეებში ჩაერიოს, რადგან თვითმმართველობა თავისი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას.

„ნაციონალების დროს გუბერნატორების ერთგვარი დემონიზაცია მოხდა და პარტიულ-პოლიტიკური ვითარების გამო, ისინი გადაიქცნენ ინსტიტუტად, რომლებიც ადგილებზე სიტუაციას პარტიული ხაზით მართავდნენ. ამდენად, პრობლემა კანონმდებლობაში კი არ იყო და დემონიზაციას საკანონმდებლო საფუძველი კი არ ჰქონდა, არამედ დემონიზაცია მმართველი პოლიტიკური სისტემის შტრიხი იყო“, - აღნიშნა For.ge-სთან საუბარში დავით ზარდიაშვილმა.

მანვე განმარტა, რომ დღეს ძნელი სათქმელია, რა დატვირთვის მქონე იქნება გუბერნატორი იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაშია და რა პოლიტიკურ დატვირთვას მისცემს მას ახალი მთავრობა.