სტრატეგიული მეგობრის უცნაური საქციელი გრძელდება. შარშანდელი მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოს ყოველ მეორე მოქალაქეს ამერიკაში ვიზის გაცემაზე უარს ეუბნებიან და ქართველებს მექსიკიდან უწევთ ამერიკაში შეღწევა.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქართველებთან შედარებით გაცილებით მეტ ბელარუს და რუს მოქალაქეს უშვებენ ამერიკაში. ამ მკაცრ მონაცემებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ირკვევა, რომ 2023 წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზაზე უარის მაჩვენებელი 49,23% ყოფილა, ბელარუსის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 32, 80%-ია, რუსეთის შემთხვევაში კი, 39,49%.
„ხალხის ძალის“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ შეურაცხყოფაა, როცა საუბარია, რომ ამერიკა აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას ვიზებთან დაკავშირებით სანქციები დაუწესოს და ამ დროს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში წერია, რომ ვიზების მიღების თვალსაზრისით, საქართველო გაცილებით უკან არის, ვიდრე სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთი.
ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ვიზებთან დაკავშირებული პოლიტიკა არ მოსწონს იაგო ხვიჩიასაც. „გირჩის“ ლიდერი ამბობს, რომ ქართველ ხალხს აშშ-ში მექსიკის გავლით შესვლა არ უნდა უწევდეს. ასეთი დამოკიდებულება ჩვენი ხალხის მიმართ არასწორია.
რისთვის სჭირდება ამერიკას ასეთი დისტანცირება საქართველოსთან, თუკი ჩვენ სტრატეგიული მეგობრები ვართ?! ეს მეგობრობა მხოლოდ ქართველი ჯარისკაცების წაყვანით უნდა გამოიხატოს საერთაშორისო მისიებში, საიდანაც ისინი ზოგჯერ დაღუპულ-დასახიჩრებულები ბრუნდებიან?!
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამგვარი სავიზო პოლიტიკის განხორციელება სტრატეგიული პარტნიორის - შეერთებული შტატების მხრიდან, მარტივად რომ ვთქვათ, უნამუსობა, უსინდისობა და მრავალსტანდარტულობაა. გია აბაშიძეს აინტერესებს, როგორ შეიძლება, ახლო მეგობართან, მოკავშირესთან გქონდეს ვიზების გაცემის შეზღუდვები და, ამავე დროს, არადემოკრატიული ქვეყნების მოქალაქეებზე უფრო მეტი ვიზა გაიცეს?! როგორ შეიძლება, წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდეს ამერიკასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერა, რომ არაფერი ვთქვათ პირდაპირ ავიამიმოსვლებზე?! როგორ შეიძლება საქართველოს დამუნათება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომ აქ ჩინური ინვესტიცია შემოდის, როდესაც ტენდერი ღია იყო ყველასთვის და ვერსად ვერ დავინახეთ, ოფიციალურ ვაშინგტონს წაეხალისებინა ამერიკული ან მულტინაციონალური დასავლური კორპორაციები, რომ შემოსულიყვნენ საქართველოსთვის ამ ეპოქალური მნიშვნელობის პროექტში.
აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსი ასკვნის, რომ ამერიკის მხრიდან ჭკუის დარიგება მიუღებელია იმ დროს, როდესაც ე.წ. ამ ლექციებს თან არ ახლავს საქმე, რომელსაც ველით სტრატეგიული პარტნიორისგან.
„სტრატეგიული პარტნიორობა, ისევე, როგორც მეგობრობა, არის ორმხრივი მოძრაობის ქუჩა, აქ არ შეიძლება ვიღაც მაღლა იდგეს, ვიღაც დაბლა, ასეთი მიდგომა მიუღებელია. შევხედოთ, რა მოხდა ამ ერთი წლის განმავლობაში ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერის შემდეგ, ზუსტად ის, რაც უნდა ხდებოდეს სტრატეგიულ მოკავშირეებს შორის - თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც მანამდეც იყო ჩინეთთან და კიდევ უფრო ფორსირებული გახდა, უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ავიაფრენები, მრავალდარგოვანი თანამშრომლობის გაღრმავება. განსხვავება იმაშია, ჩინეთი დახმარებას კი არ სთავაზობს საქართველოს, არამედ - მსხვილ ინვესტიციებს. რასაკვირველია, საქართველო სუვერენული, თავისუფალი ქვეყანაა და არავისზე არ იქნება დამოკიდებული, არც ერთ კონკრეტულ ზესახელმწიფოზე, ოფიციალურ თბილისს არჩეული აქვს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა ყველა მეგობართან, გარდა ოკუპანტისა, ასეც გაგრძელდება მშვიდობიანი სტაბილური პოლიტიკის ჭრილში. თუმცა, სამწუხაროა, რომ ამერიკაში ლეგალურად თუ არალეგალურად წამსვლელ საქართველოს მოქალაქეებს ექმნებათ უამრავი ბიუროკრატიული პრობლემა“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.
მანვე განმარტა, წლების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეული ამერიკული დახმარების გამო მადლიერნი ვართ, მაგრამ ამის დამუნათება აბსოლუტური უსინდისობაა, რადგან ერთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის წვეთი სისხლის ფასიც არ არის თუნდაც მრავალმილიარდიანი დახმარება. საქართველო უანგაროდ იბრძოდა და იბრძვის საერთაშორისო ასპარეზზე მოკავშირეების მხარდამხარ და აქ არავითარი დამადლება არ შეიძლება. მით უმეტეს, არ შეიძლება თვალთმაქცური სავიზო შეზღუდვები, ვითომც თავისუფლად იძლევიან ვიზებს, სინამდვილეში, არ იძლევიან.
გია აბაშიძე თვლის, რომ შეერთებულ შტატებში პრაგმატულ პოლიტიკურ აქტორებს მოუწევთ საკუთარი უნიათო პოლიტიკის გადახედვა. ამ მხრივ საქართველოსთან ურთიერთობა გამონაკლისი არ არის. ბოლო წლებია, შეერთებულმა შტატებმა საგრძნობლად გაიფუჭა ურთიერთობა ძირძველ პარტნიორებთან - ისრაელთან, თურქეთთან, ევროპასთან. თავად საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ არ სურს, იყოს ამერიკის ვასალი. როდესაც ამდენი ნეგატიური სიგნალი ისმის, რაც არ უნდა დიდი ზესახელმწიფო იყო, უნდა გადახედო საკუთარ პოლიტიკას. ასეთნაირ ჩავარდნებს გადახედვაც ესაჭიროება და პოლიტიკის მოდიფიცირებაც.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ მექსიკის გავლით ამერიკაში შესვლა უკანონობაა, აშშ-ის კანონის დარღვევაა, რაშიც მარტო ქართველები კი არა, მთელი მსოფლიოს მოსახლეობა სცოდავს. ამერიკული ვიზები კი სულ სხვა საკითხია.
„საქართველოს მოქალაქეებზე ამერიკული ვიზების გაცემის წესს უმჯობესია გამოეხმაუროს აშშ-ის საელჩო. ეჭვი მეპარება, ისე იყოს სტატისტიკა, როგორც ამას ცალმხრივად გვაწვდიან, თითქოს რუსებსა და ბელარუსებზე უფრო მეტი ვიზა გაიცემა. მესმის, რომ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, მაგრამ რა განწყობა ექნება ამერიკას, როდესაც ისეთი შეფასებები ისმის მმართველი გუნდის მხრიდან, თითქოს იქიდან წამოსული ფული მტრული ფული ყოფილა“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას..
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ, როგორც ჩანს, ამერიკა რიტორიკის დონეზე სტრატეგიულ პარტნიორად თვლის საქართველოს, მაგრამ საქმით ეს არ მტკიცდება. პეტრე მამრაძის თქმით, რუსი მეცნიერები მასთან საუბარში არ მალავენ, რომ ახლაც კი, როდესაც ომი მიმდინარეობს უკრაინაში, მათ ამერიკაში ჩასვლის მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვთ.
„ცხადია, გარკვეული უნდობლობა ჩანს ამაში, როცა საქართველოს მოქალაქეებს ამერიკაში ვიზას არ აძლევენ. რატომ ხდება ასე, ეს რთული სათქმელია, სტატისტიკურად ბელარუს მოქალაქეებს უფრო აძლევენ ვიზას. ნაცვლად იმისა, რომ წლების წინ შეღავათი მოეცათ ჩვენთვის, როგორც სტრატეგიული პარტნიორისთვის, რატომღაც რჩება ასეთი მკაცრი რეჟიმი, რომელიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში მახსოვს, როცა მეტად რთული იყო აშშ-ის ვიზის მიღება და გასაუბრების შემდეგ მოგცემდნენ ან დასტურს, ან უარს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მახსოვს შემთხვევა, როცა გამოჩენილ ქართველ სპორტსმენს ამერიკელებმა ვიზა არ მისცეს და არც აუხსნეს, რატომ მოიქცნენ ასე. როდესაც ვკითხეთ მაშინდელ ელჩს, რომ ეს არის მსოფლიოს გამოჩენილი სპორტსმენი, თუ შეიძლება რამე გავაკეთოთ, რომ მან შეძლოს დიდ ტურნირში მონაწილეობის მიღება, ელჩმა თქვა, ვერც თქვენ და ვერც კლინტონი ვერ შეძლებთ ამას, რადგან მიგრაციული სამსახური პრეზიდენტსაც არ ექვემდებარებაო“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ ჩვენთან საუბრისას.
ვინც გადალახავს მექსიკის ხიფათით სავსე ბარიერებს, ის ნამდვილად გამოდგება მძიმე ფიზიკური მუშაობისათვის და 18 საათიან სამუშაო რეჟიმსაც გაუძლებს. განსაკუთრებული ნიჭის მქონე გონებრივ კაპიტალს კი თითონ ეძებენ და ისრუტავენ, მათ სავიზო პრობლემები არ აქვთ. აბა იმ ოლიმპიადებს რისთვის ატარებენ, საცოდავად დამჭკნარი ქართული მეცნიერების ასაყვავებლად? ამერიკამ იცის რასაც აკეთებს.