ლარისადმი ნდობა არ დაკარგულა. როგორც ჩანს, ეროვნულმა ვალუტამ მძიმე დღეები უკან მოიტოვა და სწრაფად დაიწყო პოზიციების აღდგენა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო ერთ თვეში, როდესაც ლარის კურსი თითქმის 20 პუქტით გაუფასურდა, მოსახლეობისა და ბიზნესის დამოკიდებულება ქართული ვალუტისადმი არ შეცვლილა. ახლა კი ვითარება საპირისპიროდ შეცვალა და კურსი 2,80-იან ნიშნულს უკვე საგრძნობლად ჩამოსცდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში იურიდიული პირების ლარის ვადიანი დეპოზიტების ზრდის ტემპმა მოიმატა და ეს მაშინ, როცა უცხოური ვალუტის ვადიანი დეპოზიტების ზრდის ტემპი შემცირდა. კვლავ მაღალი დარჩა ლარის დეპოზიტების მოცულობა, დოლარიზაციის მაჩვენებელი კი კვლავ 50%-ზე დაბალია.
„დეპოზიტების არსებულ ტენდენციასთან ერთად, ძლიერია დაკრედიტების მაჩვენებელიც. წინასწარი მონაცემებით, მაისში დაკრედიტების მაჩვენებელი 19%-ით გაზრდილია, რაშიც ძირითადი წვლილი ბიზნესსესხების დაკრედიტებაზე მოდის.
ამასთან, მზარდია ლარით დაკრედიტებაც - მაისის წინასწარი მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტების მაჩვენებელი 21%-ია“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
ეკონომისტთა ნაწილის შეფასებით, ეს მონაცემები ადასტურებს იმას, რომ ლარისადმი ნდობა მოსახლეობაში არ დაკარგულა და სავალუტო ბაზარზე სპეკულაციის შედეგი დროთა განმავლობაში სრულად გაქრება.
ლარში დეპოზიტების ზრდა რომ ლარის მიმართ გამყარებულ ნდობას ნიშნავს, ეს დაადასტურა თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ.
„ეს ობიექტური რეალობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ზრდა არ იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ გამყარდა, ზოგადად, ნდობა ლარის მიმართ. მეორე მხრივ, ალბათ, ხდება გარკვეული თანხების აკუმულირება იმისთვის, რომ შემდგომ მოხდეს სერიოზული ინვესტირება ბიზნესში. თავისთავად პროცესი უარყოფითი კონიუნქტურის მატარებელი არ არის“, - აღნიშნა ღაღანიძემ.
„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი ნოდარ ნადარაია მიიჩნევს, რომ სხვა თანაბარ პირობებში წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი დაახლოებით 8%-ის დონეზე იქნება.
„სავალუტო შემოდინებები გაძლიერდა. იცით, რომ ლარის კურსზეც უფრო ოპტიმისტურისკენ გადმოვიხარეთ, ვიდრე ნეიტრალურისკენ. ჩვენნაირ ეკონომიკებში, როცა გაურკვევლობა მაღალია და სენტიმენტები იქნება, თუ სხვა ფაქტორები მოქმედებს, ეს, რაღა თქმა უნდა, შემცირების საწინააღმდეგო არგუმენტია. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ეკონომიკური ზრდა და სავალუტო შემოდინებები მაღალია, ესეც შემცირების საწინააღმდეგო არგუმენტია. მაგალითად, გვახსოვს პერიოდი, როდესაც ლარი მყარდებოდა, ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იყო, საკრედიტო აქტივობაც მაღალი იყო, მაგრამ ამ პერიოდში სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ შეამცირა, რადგანაც ეკონომიკის ზედმეტ გადახურებას არ ჰქონოდა ადგილი.
ამიტომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენი პროგნოზი არ შეცვლილა და წლის ბოლოს, დაახლოებით იგივე ნიშნულზე გვაქვს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც ღღეისთვისაა, საუბარია დაახლოებით 8%-ზე“, - აღნიშნა ნადარაიამ.
მართლაც, ლარის მკვეთრი გაუფასურებისა და ინფლაციის ტემპის საგრძნობი მატების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა რბილ მონეტალურ პოლიტიკაზე უარი თქვა და ბოლო კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა.
„ბოლო პერიოდში, შიდა და გარე გამოწვევების ფონზე გაურკვევლობამ მოიმატა, რაც ინფლაციურ რისკებს ზრდის. ამ ფონზე, გაცვლითი კურსის მაღალი მერყეობა იმპორტირებული ინფლაციიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს საყურადღებოს ხდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ნავთობზე საერთაშორისო ფასები შემცირდა, თუმცა სურსათის ფასების საერთაშორისო ინდექსი ბოლო ორი თვეა იზრდება.
ასევე, საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინი მომატებულია. შიდა ეკონომიკური აქტივობაც მოსალოდნელზე ძლიერია, რასაც გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს“, - აღნიშნავენ სებ-ში.
იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო.
ლარი უფასურდება მხოლოდ ქუჩის ხმაურის და არეულობის დონის შესაბამისად. როცა ეჯაჯგურებიან პარლამენტის ჭიშკარს და პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან, ხალხი იზაფრება და თავისი დანაზოგების დაცვას უცხოურ ვალუტაში ცდილობს. მერე სიტუაცია წყნარდება, იგივე ხალხი თავის დოლარებს უკან ითხოვეს მიმდინარე საჭიროებებისათვის. ამ გადაცვლა გადმოცვლაში ზარალდება უბრალო ადამიანი, იგებს ბანკი და გადამცვლელი პუნქტები.
ეკონომიკური მიზეზით გაუფასურებულ ვალუტას, ასე უცებ ვერაფერი გაამყარებს.