დედაქალაქში უწყლობით გამოწვეული კოშმარი გრძელდება და ეს უკვე მხოლოდ მოსახლეობის თავსატეხი არ არის. „ჯივიპის“ გამო, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ერთად, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა ბიზნესიც. როგორც „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, წყლის ერთი კვირით გაჩერება თბილისში კოლაფსია, აქ საუბარია არა მარტო რესტორნებზე. სასტუმროებსაც დიდი პრობლემა აქვთ, რადგან მათ წყლის დიდი რეზერვუარები არ გააჩნიათ.
„ამ პერიოდში, შეიძლება, რესტორანმა მუშაობა მთლიანად შეწყვიტოს თუ კომპანია წყლის მოწოდებას ვერ უზრუნველყოფს. ამის საშიშროება, რა თქმა უნდა, არის. ერთი და ორი დღე შეიძლება ეს პრობლემა გადაიჭრას თვითმომარაგების კუთხით, მაგრამ ეს მუდმივად ვერ მოხერხდება ჰიგიენიდან გამომდინარე. წყლით მთლიანად უზრუნველყოფა გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოუდგენელია. ერთი კვირა ის პერიოდია, როდესაც უწყლოდ დარჩენილმა რესტორანმა მუშაობა შეიძლება შეწყვიტოს.
აქ საუბარი არა მარტო რესტორანზე, სასტუმროებზეცაა. მათ 200-300 სტუმარი ჰყავთ და წყალი პირველი მოთხოვნილებაა. ვერც ერთი რეზერვუარი ამას ვერ შეავსებს. დღეს ინფრასტრუქტურა ისე არ არის მოწესრიგებული, რომ დიდი რეზერვუარი ჰქონდეს სახურავზე რომელიმე სასტუმროს და ის შეავსოს. წყლის ერთი კვირით გაჩერება თბილისში კოლაფსია. სასტუმროებს სხვა ობიექტებში მოუწევთ სტუმრების გადანაწილება. რესტორანმა კი შეიძლება ბევრი სტუმარი ვერ მიიღოს, მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობა“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
დედაქალაქის სტუმრებისთვის მართლაც დიდი პრობლემა გახდა უწყლობა. რესტორატორმა კოტე გაბრიჩიძემ კი ვითარება პირველყოფილ სიტუაციას შეადარა. მანვე დაადასტურა, რომ რესტორნებში წყალს სხვადასხვა უბნიდან იმარაგებენ.
„არბენინებენ ვედრებით, პირველყოფილი სიტუაციაა. ცალკე საპირფარეშო, ცალკე სისუფთავე. თავი ტურისტის ადგილას წარმოვიდგინე, ჩავიდე პარიზში ან ლონდონში და იქ სასტუმროში წყალი არ აღმოჩნდეს. მტკვრის მეორე მხარეს და კიდევ რაღაც უბნებში, ვიცით, რომ წყალი არის. გადარბენა-გადმორბენებით მოგვაქვს. დღეს რაღაც ადგილებში წყალი წამოვიდა და ევროკავშირში მიღების დონის სიხარული იყო“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ კოტე გაბრიჩიძემ და დასძინა, რომ კვების ობიექტებს მომხმარებლების დარწმუნება უწევთ, რომ შექმნილ სიტუაციას გაგებით მოეკიდონ.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კი ჯიუტად ამტკიცებს, რომ მასშტაბურ პრობლემას ერთ კვირაში აღმოფხვრის, თუმცა ამის არ სჯერათ სპეციალისტებს. ისინი გაცილებით დიდ ვადას ასახელებენ. სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას:
„ღმერთმა ქნას ვცდებოდე. იმავე მარშრუტზე წყალსადენი მილის აღდგენა რთული ამოცანაა. 2017 წლიდან დაყრილი 230 000 კუბური მეტრი ნაყარის გატანა და შემდეგ აღდგენა რამდენიმე თვის სამუშაოა. თუ შემოვლითი გზით გაატარეს, ასევე თვეების სამუშაოა, მუხლჩაუხრელადაც რომ იმუშაონ. ქმედითი გეგმა თუ არსებობს, გაგვაცნონ. სოფლებში მაინც წავიდეს ხალხი ან დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე გადავიდეთ. ერთმანეთის სუნი დაგვახრჩობს“, – დაწერა გოდოლაძემ.
პრობლემის გადჭრამდე კი თბილისის დიდ ნაწილს წყალი ისევ გრაფიკით და ცისტერნებით მიეწოდება, რადგან სხვა გამოსავალი არ არის.