„არაფერი დასრულებულა და არც ტრაგედია უნდა შევქმნათ - ჩვენ კი არა, ეგერ, ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბელგიამ წააგო აუტსაიდერ სლოვაკეთთან“

„არაფერი დასრულებულა და არც ტრაგედია უნდა შევქმნათ - ჩვენ კი არა, ეგერ, ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბელგიამ წააგო აუტსაიდერ სლოვაკეთთან“

საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტს სპორტული ჟურნალისტები და ეროვნული გუნდის ყოფილი წევრები დადებითად აფასებენ. For.ge-თან საუბრისას, ყველა ერთად თანხმდება, რომ „ჯვაროსნების“ მარცხის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე ვილი სანიოლის გაწვრთვნილმა ნაკრებმა თურქების წინააღმდეგ საკმაოდ კარგად ითამაშა.

სპორტული ჟურნალისტი კახა ბერიძე თვლის, რომ საბოლოო ანგარიში არ ასახავდა მატჩის მიმდინარეობას და იყო მონაკვეთები, როდესაც საქართველო მეტოქეს ჯობნიდან კიდეც.

„ცხადია, იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა არა შერცხვენილები. ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი გუნდისგან ბევრი, შესაძლოა, დამფრთხალ და დაბნეულ თამაშს ელოდა, მით უფრო რომ თურქეთის ნაკრებს დიდ ტურნირებზე თამაშების დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ გამოჩნდა, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არც ჩვენ ვართ. ვფიქრობ, საბოლოო ანგარიში არ ასახავს მატჩის მიმდინარეობას და პერიპეტიებს. უფრო მეტიც, იყო მონაკვეთები, როდესაც მეტოქეს ვაჯობეთ და გაშვებული გოლის შემდეგ, სულ მალე წინ გასვლაც შეგვეძლო. ფეხბურთში ბევრ რამეს ოსტატობასთან ერთად იღბალიც წყვეტს. თურქეთთან ფორტუნამ აშკარად ზურგი გვაქცია, როდესაც იქეთ გასატანი საკუთარ კარში მივიღეთ. სხვათა შორის, მატჩის შემდეგ არაერთმა თურქმა გულშემატკივარმა მოგვილოცა ევროდებიუტი და გუნდიც შეგვიქეს. გვითხრეს, რომ ჩეხებთან გამარჯვება შეგვიძლია.

ფაქტია, რომ ბიჭებმა იბრძოლეს. მატჩის სტარზე მღელვარება ეტყობოდათ, თუმცა მალევე დაწყნარდნენ. უფრო მეტს ველოდით კვარაცხელიასგან, რადგან თამასა იმ დონეზე აქვს აწეული ყველა თამაშში, მისგან სასწაულებს ველით. დღეს მისი დღე ნამდვილად არ იყო. ვფიქრობ, ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა, თუმცა მოგების შანსიც იყო. ბოლო წუთებზე იღბალი აშკარად თურქების მხარეს იყო და მესამე გაშვებული გოლიც მატჩის კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი იყო. ამით არაფერი დასრულებულა და არც ტრაგედია უნდა შევქმნათ. ჩვენ კი არა, ეგერ, ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბელგიამ წააგო აუტსაიდერ სლოვაკეთთან“, - განუცხადა კახა ბერიძემ for.ge-ს.

სპორტული ჟურნალისტი თვლის, რომ საქართველოს ნაკრები ჩეხებს არაერთ თავსატეხს გაუჩენს.

„არც ჩვენ და არც ჩეხებს დასაკარგი არაფერი გვაქვს, რადგან პირველ ტურში ორივე გუნდი დამარცხდა და ეს ჯგუფიდან გასვლის ბოლო შანსია. ამიტომ ცხადია რთული მატჩი იქნება და სავარაუდოდ, ფრთხილიც. სპეციალისტები ფავორიტად ჩეხებს მიიჩნევენ და არცთუ უსაფუძვლოდ, თუმცა ვფიქრობ, მათ მარტივი გასეირნება არ ექნებათ. ბუნებრივია, ვილი სანიოლი და სამწვრთნელო შტაბი თურქეთთან მატჩს გააანალიზებენ და ეცდებიან ის ხარვეზები, რაც იყო, აღმოფხვრან. ამ მატჩში სამივე შედეგი მოსალოდნელი და ლოგიკური იქნება. ვინც არ უნდა მოიგოს, ან ფრედ დასრულდეს, რაიმე განსაკუთრებული მოხდაო ვერავინ იტყვის.

ვფიქრობ, ხვიჩაც სხვანაირად მოტივირებული იქნება და ჩეხებს არაერთ თავსატეხს გაუჩენს. კი, გვსურდა ევროპის ჩემპიონატი მარცხით არ დაგვეწყო, მაგრამ დადებითი ის იყო, რომ მიუხედავად წაგებისა, ქომაგები მაინც ბოლომდე ამხნევებდნენ ფეხბურთელებს, რადგან გამოჩნდა, რომ მოედანზე იბრძვიან. ფეხბურთში კი შედეგთან ერთად მთავარი ესეც არის. თუ დამანახებ, რომ ბოლომდე იხარჯები, ქომაგიც ბოლომდე დაგიდგება გვერდში და გაგამხნევებს.

როგორც არ უნდა დასრულდეს ჩვენთვის ეს ევროპის ჩემპიონატი, აუგს ნაკრებზე ვერავინ იტყვის, რადგან ის, რომ ამ დიდ ფორუმზე ვართ, უკვე დიდი ამბავია. კი, მადა ჭამაში მოდის, მაგრამ გამოცდილებაც თავისას შვება. დაკარგული ჯერ არაფერია. მჯერა, რომ ჩეხებთან საქართველოს ნაკრები მხოლოდ გამარჯვებისთვის იქნება დამუხტული. დანარჩენს ბურთი და მოედანი გამოაჩენს“ - აღნიშნა კახა ბერიძემ.

სპორტული ჟურნალისტი ილია ნანობაშვილი საქართველოს ნაკრების მარცხს ევროპის ჩემპიონატზე გამოუცდელობას და უიღბლობას აბრალებს.

„ფეხბურთის გიჟებს ძალიან გვტკივა ეს წაგება, მით უმეტეს, ასეთი მარცხია დასანანი, როცა ამდენი საგოლე მომენტი ფუჭდება. ცალკე უიღბლობის, ცალკე კი გამოუცდელობის ბრალია. იმედი მაქვს, ნაკრები აღიდგენს ძალებს. დაგვაკლდა კიტეიშვილი, რომელიც გუნდის ძრავაა და ნახევარდაცვას სხვანაირ ძალად აქცევს. და გამოჩნდა, რომ დაგვაკლდა აზაროვიც. მარცხენა ფლანგი უკეთესის სურვილს ტოვებდა. შანსები? - იქიდან გამომდინარე, რომ ექვსიდან ოთხი მესამეადგილოსანი გადის, ჩეხეთთან მოგების შემთხვევაში შესაძლებელია გასვლა. დღეს კი ფორტუნამაც გაგვანადგურა. სამი მომენტი ბოლო 5 წუთში, როცა ამხელა ფორუმზე ხარ და წყვილის აუტსაიდერად ითვლები, მაქსიმალურად უნდა გამოადნო შანსები. სამწუხაროდ, არ იყო ჩვენი დღე, ხდება ხოლმე“, - განუცხადა For.ge-ს ილია ნანობაშვილმა.

მისი თქმით, ჩეხეთთან საქართველოს ნაკრების თამაში ორიგინალურ მოქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

„ინდივიდუალური თვალსაზრისით ჩეხები თურქებს, ალბათ, ჩამორჩებიან, მაგრამ გუნდური თამაში ისტორიულად კარგად იციან. იმედით ვარ. ასეთ ნაკრებებთან უფრო მეტია დამოკიდებული ორიგინალურ მოქმედებებზე, ცალკეულ გაბრწყინებებზე და მეტს ველი ხვიჩასგან. რა თქმა უნდა, მოგების იმედი მაქვს, დღევანდელი ჩეხეთი მონსტრი გუნდი ნამდვილად არაა“, - აღნიშნა სპორტულმა ჟურნალისტმა.

სპორტული ჟურნალისტი ნოდარ სიმსივესთვის საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა უკვე დიდი გამარჯვებაა. როგორც მან for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, „ჯვაროსნებისთვის“ კონტინენტის პირველობაზე მოხვედრა დიდ გამოცდილებას ნიშნავს და შემდეგ შესარჩევ ეტაპებისთვის ნაკრებს თავდაჯერებულობას შემატებს.

„რაც შეეხება საქართველოს ნაკრების თამაშს, ტიპიური დებიუტანტის თამაში იყო. პირადად მე, როგორც გულშემატკივარი, კმაყოფილი ვარ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსოფლიო მედიას დავანახეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ექსკურსიაზე ჩასული არაა, როგორც ეს იყო თუნდაც ბოლო ევროპის ჩემპიონატი მაკედონიის შემთხვევაში. ჩვენი თამაში, დარწმუნებული ვარ, ბევრი ევროპული სპეციალისტისთვის, მედიისთვის სიურპრიზი იყო. ამაზე მეტყველებს ის, რომ ბევრი კარგი გამოხმაურება გვქონდა. ეს თამაში თურქეთმა გამოცდილების ხარჯზე მოიგო. ბოლოს და ბოლოს, ზედიზედ ევროპის სამ ჩემპიონატზე თამაშობს, ამის გამოცდილება ძალიან დიდი აქვთ და ძალიან შორს გასულა თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, გულშემატკივარის ფაქტორიც იყო. ამ ყველაფერმა იმოქმედა.

პირველივე დღიდან, როდესაც გაირკვა, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებდა, ჩემთვის აქ მონაწილეობა უკვე გამარჯვება იყო. რა იქნება დარჩენილ ორ შეხვედრაში?! - ვნახოთ, არ მოგატყუებთ და რასაკვირველია, მოგება მინდა. ასეთი თამაში ჩვენ შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გამოგვადგება. ეს გამოცდილება თავის სიტყვას იტყვის შემდეგ ფინალურ მატჩებში. ასე რომ, შემდეგ შეხვედრებში რა იქნება შედეგის მხრივ, ამას ჩემთვის პირადად უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარი არის ის, რაც დავინახე, ის რომ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ასეთ დონეზე თამაში; ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ფინალურ ეტაპზე გამოსვლა, თან ძალიან კარგად. თავი არ შეგვირცხვენია და ამას ვერავინ იტყვის. ასე რომ, ის რისთვსაც ღირდა ამ ევროპაზე გამომოსვლა და თამაში, ეს უკვე მოხდა. დარწმუნებული ვარ, დარჩენილ ორ თამაშში, რომელიც ძალიან რთული იქნება, კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას მისცემს ჩვენს ნაკრებს“, - განუცხადა ნოდარ სიმსივემ for.ge-ს.

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი ნაკრების მოთამაშეებს გმირებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ნაკრებმა უკვე დიდ წარმატებას მიაღწია ევროპის ჩემპიონატზე რომ მოხვდა.

„რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის მარცხით დაწყება სამწუხაროა, თუმცა ნუ დაგვავიყდება, რომ ეს ბიჭები ნამდვილად გმირები არიან. ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს და გაიყვანეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინალურ ეტაპზე, რაც ამდენი ხანია გვსურდა. შანსები კიდევ არის, წინ ორი თამაშია. ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება თამაში. ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ ფორმაციის ნაკრების, ის არის, რომ ნებისმიერ მეტოქესთან გადიან და არ ეშინიათ, არ არიან შებოჭილები, ყველასთან მოგება უნდათ, თუნდაც ეს პორტუგალია იყოს ან მსგავსი დიდ გუნდები. აქედან გამომდინარე, შანსი გვაქვს დარჩენილ ორ თამაშში. იმედი მაქვს, რომ ამ კარგ თამაშს, გარდასახავენ უკვე შედეგში.

რაც შეეხება ჩეხეთთან მატჩს, რთული თამაშები იქნება, ვიდრე თურქეთთან იყო. ძალიან რთულია პირველი თამაშის ჩატარება ასეთ დონეზე, ასეთ ტურნირზე, სადაც ერთი მხრივ ძალიან დიდი სტრესია და ძალიან დიდი ნებისყოფა გჭირდება. მეორე მხრივ, ჩვენთვის ორმაგად დატვირთული იყოს ეს თამაში, ორმაგად სტრესული იყო, რადგან გვინდოდა შედეგისთვის მიგვეღწია. მეტი ავანსი იყო გაცემული დღევანდელ თამაშზე, აქედან გამომდინარე, ზედმეტად ემოციურად შევხვდით. ეს მოსალოდნელიც იყო, ევროპაზე პირველი თამაში იყო და პირველი გამოცდილება იყო ჩვენთვის. ვფიქრობ, ნაკრები ჩეხებთან ფსიქოლოგიურად თავდაჯერებული იქნება და მგონია, რომ არ წავაგებთ“, - აღნიშნა ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა.

„ჯვაროსნების“ ყოფილი მცველი ლაშა სალუქვაძე for.ge-თან საუბარში აღნიშნავს, რომ როგორც სამწვრთვნელო შტაბმა, ასევე ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გამოსულიყვნენ.

„პირველ რიგში, მადლობა უნდა ვუთხრა თითოეულ ფეხბურთელს, მწვრთნელს, გუნდის ხელმძღვანეობას, რათა ყველფერი გააკეთეს, რომ ღირსეულად გამოსულიყვნენ და კარგი თამაში ეჩვებებინათ, გაეხარებინათ გულშემატკივარი, მაგრამ იღბალმა გვიმტყუნა. ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს, ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა სამწუხაროდ, ბევრი გოლი ვერ შევაგდეთ. არა უშავს, წინ კიდევ არის დარჩენილი თამაშები და დარწმუნებული ვარ, ჩეხეთს მოვუგებთ. ვნახოთ, რა იქნება, ჯერ კიდევ ყველაფერი დამთავრებული არაა. ასე რომ, მადლობა ბიჭებს, ისინი ღირსეულად გამოვიდნენ“.

არგამართლებაზე საუბრობს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დავით სირაძე. რამდენიმე წლის წინ, სწორედ, სირაძემ გაუტანა თურქებს გოლი.

„კარგი თამაში აჩვენეს ბიჭებმა. ალბათ, უფრო არ გაგვიმართლა. საკმაოდ ბევრი მომენტები შევქმენით. მჯერა ჩვენი ნაკრების, მომავალ ორ თამაშში ქულებს ავიღებთ და გვექნება ჯგუფიდან გასვლის შანსი“, - განუცხადა ექს-ფეხბურთელმა for.ge-ს. 

საქართველოს ნაკრების ასევე ყოფილი ფეხბურთელი გოგა გახოკიძე მიიჩნევს, რომ მონდომებით შესაძლებელია ნაკრები ჯგუფიდანაც გავიდეს.

„რაც შეეხება ჩვენი ნაკრების თამაშს, ძალიან კარგად ითამაშეს და მართლა არ გვეკუთვნოდა ეს ანგარიში. ჩვენს მხარეს რომ ყოფილიყო იღბალი, მინიმუმ, ფრე უნდა მორჩენილიყო. რაც შეეხება გავალთ თუ არა ჯგუფიდან, ვფიქრობ, ასეთი შემართებით და უფრო და უფრო თუ მოვინდომებთ, ყველაფერი შესაძლებელია“, - განუცხადა გახოკიძემ for.ge-ს.

ლევკოთეა ხმამაღლა არავინ ამბობს და სწორიცაა, მაგრამ როგორი ზედმეტი იყო მამარდაშვილის ჩასვლა მოწინააღმდეგის საჯარიმოში.
ეგეთ რამეს მხოლოდ ფლეი-ოფის თამაშის, ან ჯგუფის ბოლო თამაშის დროს აკეთებენ.
პირველივე თამაშში ეგეთი რამე აშკარა გამოუცდელბის ბრალია. ეგაა, მამარდაშვილი გამოუცდელია, მაგრამ სანიოლი ხომ არაა გამოუცდელი.
5 თვის უკან