„პუტინი რჩება საბჭოთა კავშირის ნარატივში - თუ გინდა მიიღო საბურავი, მოითხოვე ტრაქტორი - მაქსიმალურს ითხოვს, რათა გამარჯვებულის ფონი შექმნას და მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს“

„პუტინი რჩება საბჭოთა კავშირის ნარატივში - თუ გინდა მიიღო საბურავი, მოითხოვე ტრაქტორი - მაქსიმალურს ითხოვს, რათა გამარჯვებულის ფონი შექმნას და მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს“

რეალური სურვილი სამშვიდობო მოლაპარაკებაზე თუ მზაკვრული გეგმა, რომელიც პუტინმა უკრაინის ომის დასასრულებლად ჩაიფიქრა? მის ე.წ. სამშვიდობო გეგმას უკრაინის პრეზიდენტი და დასავლელი ლიდერები გამოეხმაურნენ. რა სურს პუტინს და ცდილობს თუ არა ჩიხში შესული კრემლი ვაჭრობას?

პუტინმა ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობად დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან უკრაინის ჯარები გაყვანა დაასახელა. მეორე პირობად კი NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა.

ამ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტმა რუსული ნაციზმი უწოდა, ხოლო პუტინი ჰიტლერს შეადარა.

„ომის იდეა უკვე წაგებულია. პუტინი ულტიმატუმების ენიდან უნდა გადავიდეს მსოფლიო უმრავლესობის ენაზე, რომელსაც სამართლიანი მშვიდობა სურს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა კი აღნიშნა, რომ უკრაინის საქმე არ არის თავისივე ტერიტორიიდან ჯარის გაყვანა.

ომის დასრულების პირობებზე, პუტინის განცხადებას აშშ-ის თავდაცვის მდივანი გამოეხმაურა. ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ პუტინი ვერ დააწესებს პირობებს, რადგან რუსული ჯარები შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე.

„პუტინს უკანონოდ აქვს ოკუპირებული უკრაინის სუვერენული ტერიტორია. ის ვერანაირად ვერ უკარნახებს უკრაინას რა უნდა გააკეთოს მშვიდობის დასამყარებლად. ასობით ათასი მისი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა ამ უსამართლო და არაპროვოცირებული თავდასხმის დროს. მას შეეძლო ამის დასრულება დღეს, თუ ძალიან სურს. ჩვენ მას მოვუწოდებთ გააკეთოს ეს და დატოვოს უკრაინის სუვერენული ტერიტორია“, - თქვა ოსტინმა ბრიუსელში, ნატოს ლიდერთა შეხვედრის დროს.

პუტინი კი ამის პარალელურად მოკავშირეებს ჩრდილოეთ კორეაში ეძებს. ის ფხენიანში 19 ივნისს ჩავიდა. ეს 24 წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტის ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში პირველი ვიზიტია.

„ფხენიანი უპირობოდ დაუჭერს მხარს რუსეთის ყველანაირ პოლიტიკას“, – განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა პუტინთან შეხვედრისას.

კიმ ჩენ ინის თქმით, ფხენიანი აპირებს, რომ კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესოს სტრატეგიული თანამშრომლობა რუსეთთან.

„ჩრდილოეთ კორეა სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს რუსეთის მთავრობას, არმიას და ხალხს, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელებისას მათი სუვერენიტეტის, უსაფრთხოების ინტერესების და ასევე ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ პუტრინის ამ განცახდებიდან ჩანს, რომ მისი სტრატეგიული მიზნები შეცვლილია. გენერალი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სულ სხვა იყო ომის დაწყების დროს პუტინის მადა და სურვილები, ახლა კი საუბარი მხოლოდ იმ ტერიტორიებზეა, სადაც ომი მიდის.

„პუტინმა რა ტერიტორიებიც ჩამოთვალა, აქედან ლუგანსკი აქვს ბოლომდე აღებული, ყირიმი და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრამდეც კი არ არის გასული, რომ არაფერი ვთქვათ ზაპროჟიეს და ხერსონის საზღვრებზე. ანუ რაღაცა ტერიტორია დაკავებული აქვს, თუმცა მთლიანად არა. აბსოლუტურად აბსურდია ის საკითხი, რომ უკრაინამ ჯარი თავისი ქვეყნიდან უნდა გაიყვანოს და ყველაფერზე უარი თქვას, ნატოზე უარი თქვას. რა თქმა უნდა, აბსურდულია, მაგრამ პუტინის ამ წინადადებაში მისი მხრიდან მოლაპარაკების დაწყების სურვილი ჩანს. პუტინი რჩება საბჭოთა კავშირის ნარატივში, ანუ თუ გინდა მიიღო საბურავი, მოითხოვე ტრაქტორი. მაქსიმალურს ითხოვს, რათა გამარჯვებულის ფონი შექმნას. ამ დევიზით კი მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს“, - ამბობს გენერალი.

რაც შეეხება იმას, ექნება თუ არა მნიშვნელობა ფრონტის ხაზზე განვითარებულ მოვლენებს, გენერალი ამბობს, რომ ბრძოლის ველზე იქნება, ფაქტობრივად, იმ პოზიციების დაფიქსირება, რითაც მაგიდას რუსები და უკრაინელები საბოლოოდ მიუსხდებიან.

„კულუარული მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობს, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. შესაძლოა, ეს არ არის უმაღლეს დონეზე, არამედ გარკვეული სამუშაო ჯგუფების დონეზე მიდის. ევროკავშირი, ნატო თუ სხვა ფორმატები იქნება, ყველგან ამაზე მსჯელობენ. ეს პუტინისგან შემოგდებული ბურთია, რომელსაც ვაჭრობა უნდა მოჰყვეს. პუტინი ცდილობს შეინარჩუნოს უკრაინის ის დაკავებული ტერიტორიები, რაც ამ ორი წლის განმავლობაში შეძლო. ომი პოლიტიკური ფენომენია და აქ წამყვანი პოლიტიკაა. ბოლო პერიოდში დიპლომატიური და პოლიტიკური ინიციატივა უკრაინის მხარეს არის. სამშვიდობო შეხვედრები, მონაწილეობა და ა.შ. ეს ბოლო შვეიცარიაში შეხვედრაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან ზელენსკიმ პუტინივით ტრაქტორი არ მოითხოვა,

პირდაპირ მოითხოვა ისეთი რაღაცები, რაც მიღწევადია. ზელენსკის სამი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფერს თავისი სახელი დაექრვას და ითქვას პირდაპირ, რომ ეს არის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ზაპორჟიეს ელექტროსადგური უკრაინის კონტროლქვეშ გადავიდეს და დაბრუნდეს ის 1000-ზე მეტი ბავშვი, რომელიც რუსებს გაყვანილი ჰყავთ. რუსეთი უკვე კულმინაციის წერტილთან ახლოს არის მისული. ამ დროს კი შემტევს შეტევის თავი აღარ აქვს, დამცავს კი დაცვის თავი“, - ამბობს კაპანაძე.

მისივე თქმით, რუსები თვეების განმავლობაში ცდილობენ ერთი და იგივე ტერიტორიების დაკავებას, მაგრამ ვერ ახერხებენ. ახლა ხარკოვის ოპერაციაც ჩაუვარდათ. გენერალი ამბობს, რომ რუსებმა მსოფლიოში მეორე არმიის სტატუსი დაკარგა. ამიტომ ახლა სასოწარკვეთილი პუტინი დახმარებას ჩრდილო კორეისგან ითხოვს.

„რუსებმა ამ ომში ძალიან სერიოზული შეცდომები დაუშვეს. პირველ რიგში, ვერ განისაზღვრა სტრატეგიული გრავიტაციის ცენტრი - რას წარმოადგენდა მოსახლეობის ნება და რა სახის წინააღმდეგობას გაუწევდნენ. რუსებმა იფიქრეს, რომ შევალთ და ხალხი სიხარული დაგვხვდებაო. სამ დღეში აპირებდნენ ხარკოვის აღებას, ერთ კვირაში კი კიევის. ამ დაპირისპირებაში ასევე, არის საერთაშორისი მხარდაჭერა, რომლის მოლოდინიც ასევე, არ ჰქონდა პუტინს. ტაქტიკურ დონეზეც კი ვერ განისაზღვრა უკრაინული ძალების ბრძოლისუნარიანობა. ეს იყო დაზვერვის დიდი ჩავარდნა. ეს არის რუსების წარუმატებლობის მიზეზები. რუსებმა მოინდომეს ქარიშხალი უდაბნოში არაშესაბამისი სამხედროებით გაეკეთებინა. ძალიან სუსტი აღმოჩნდა სერჟანტთა რგოლი, ქვედა რგოლის ოფიცრები აღმოჩნდნენ ისევ ის ძველი საბჭოთა კავშირის დროინდელი, როცა არანაირი ინიციატივა არა აქვთ და დავალებებს ზემოდან ელიან“, - ამბობს კაპანაძე.