რობინ დანიგანი არ მალავს, რომ აშშ კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოში ჩინეთის შემოსვლით და მით უმეტეს მისი ჩართულობით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის. როგორც დანიგანი აცხადებს, CCCC (China Communications Construction Company Ltd) კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტში კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. ელჩის განმარტებით, აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით კითხვები ხარისხისა და სტანდარტების კუთხითაც ისმის.
„ჩინეთის კომუნისტური პარტია, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმავო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? იმიტომ, რომ რუსეთის არმიას ჩინეთის კომუნისტური პარტია აფინანსებს. ეს ერთი კითხვაა. შემდეგი კითხვაა, მოცემული კომპანიის ხარისხისა და სტანდარტების შესახებ, CCCC-ს არ აქვს კარგი რეპუტაცია გლობალურად. 2009 წელს მსოფლიო ბანკმა აუკრძალა ბანკს ამ კომპანიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ცოტა ხნის წინ კომპანიამ ააშენა პორტი შრი-ლანკაში და ამ პორტის ირგვლივ ბევრი კამათია.
შეერთებული შტატების ხაზინამ დაადგინა, რომ ეს კომპანია არის კომპანია, რომელიც შედის კომპანიების სიაში, რომლებსაც აქვთ ღრმა კავშირები კომუნისტური პარტიის სამხედროებთან. ასე რომ, ბევრი შეშფოთება არსებობს ანაკლიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს სუვერენული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მე უბრალოდ, ვიმეორებ ზოგიერთ შეშფოთებას, რომელიც გლობალურად არსებობს ამ კონკრეტული კომპანიის შესახებ“, - განაცხადა რობინ დანიგანმა.
ჩინური ინვესტიციის წინააღმდეგ გამოდის ევროკავშირის ელჩი. როგორც პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, ჩინეთს გლობალურ არენაზე შეუცვლელ პარტნიორად განიხილავენ, ამავდროულად, ცდილობენ რისკ-ფაქტორების შემცირებას. შესაბამისად, თვლის, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი ურთიერთობები სურს რომელიმე ქვეყანასთან.
„კომენტარს არ გავაკეთებ ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებაზე. ევროკავშირს აქვს ორმხრივად ხელსაყრელი ურთიერთობა ჩინეთთან. ეს ურთიერთობა ვრცელდება ვაჭრობიდან კლიმატურ ცვლილებებამდე სხვადასხვა სფეროზე. ჩვენ ჩინეთს განვიხილავთ შეუცვლელ პარტნიორად გლობალურ არენაზე, მაგრამ, ამავდროულად, ვცდილობთ ჩინეთის გავლენის რისკ-ფაქტორების შემცირებას, რათა ჩვენი ეკონომიკა არ იყოს ჩინეთზე დამოკიდებული. საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი ურთიერთობები სურს რომელიმე ქვეყანასთან“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
რადიკალური ოპოზიციის შეფასებით, ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა ნიშნავს რუსეთის შემოყვანას შავ ზღვაში. თუმცა, ისევე როგორც ელჩს, ასევე რადიკალური ოპოზიცია არ საუბრობს იმაზე, რომ რუსეთი შავ ზღვაში დიდი ხანია შესულია და მეტიც, რატომღაც „დაავიწყდათ“, რომ საქართველოს ტერიტორაზე, ოჩამჩირეში ასევე შენდება სამხედრო ბაზა. მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ გაფრთხილება არ შეისმინა და თურმე, ყველას კარგად ესმის რამხელა საფრთხეებს ქმნის ანაკლიის პორტის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარება.
აღსანიშნავია, რომ აშშ წინააღმდეგი იყო საქართველში ჩინეთის შემოსვლით. მეტიც, ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, საქართველოში შედგა სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკა არ აპირებდა არც ერთი ცენტის დადებას ანაკლიის პორტის მშენებლობაში, მაგრამ გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ ჩინეთი არ შემოუშვათ ანაკლიის პორტშიო. მიუხედავად პოლიტიკური ლიდერების ცვლილებებისა, ჩინეთის არშემოშვების სულისკვეთება ამერიკულ პოლიტიკაში უცვლელად შენარჩუნდა, რასაც ადასტურებს აშშ-ის ელჩი.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ რუსეთი დიდი ხანია შემოსულია შავ ზღვაში, რომელიც განიხილავს, რომ მისი სტრატეგიული არეალი არის შავი ზღვის აკვატორია. რაც შეეხება ჩინეთის შემოსვლას, როგორც კიკნაძე აცხადებს, დღესდღეობით ეს შედის საქართველოს ინტერესებში.
„გავიხსენოთ წინა პროექტი, ანაკლიის მშენებლობა, რომელსაც ხაზარაძე-კვირიკაშვილი გვთავაზობდნენ, ეს იყო ძალიან ცუდი პროექტი, სადაც სახელმწიფო ძირითად პაკეტს არ ფლობდა. ეს იყო კერძო კომპანიების ხელში. ჩინეთი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაბორატორია, რესურსები მიდის ჩინეთში და მოდის მზა პროდუქცია. შესაბამისად, პორტის დატვირთვაც გარანტირებულია და არა ისე როგორც წინა მშენებლობის დროს, რადგან თუ საქართველო ვერ დატვირთავდა ამ პორტს, მაშინ 400 მილიონი უნდა გადაეხადა. გარდა ამისა, საინტერესოა, რომ ყველაზე მსხვილი პარტნიორი აშშ-სთვის წლების განმავლობაში იყო ჩინეთი, რატომ ურთიერთობდა თვითონ? როდესაც ამერიკისთვის ყველაზე მსხვილი პარტნიორი იყო, მაშინ ვინ იყო ჩინეთი, ახლა გახდა კომუნისტური და იდეოლოგიზირებული? ასე რომ, დღეს საქართველოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე აწყობს ეს პროექტი და ძალიან ხელსაყრელია საქართველოსთვის. იმ ნეოკოლონიალურ რეჟიმს, რომელიც აქამდე იყო და ამ ტრანსნაციონალურ კომპანიებს, მაგალითად, რომელსაც „საქართველოს ბანკი“ ქვია, რამდენი პროცენტი რჩება საქართველოში? ამ რეჟიმს ექმნება პრობლემა და ამიტომ მოდის ასეთი აგრესია დასავლეთის მხრიდან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.
ანალიტიკოსი ირაკლი გაბელია აცხადებს, რომ საქართველო ისტორიის მანძილზე მუდამ ხვდებოდა სხვადასხვა იმპერიებისა თუ სამეფოების ინტერესთა ორბიტაზე, რასაც მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა განსაზღვრავდა. დღეისათვის მოცემულობა არ შეცვლილა, შეიცვალნენ მხოლოდ სუბიექტები, რომელთა ინტერესების კვეთა რეგიონში თვალნათლივ წარმოჩინდება.
მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთია ანაკლიის პორტი, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და მისი აშენება ისეთი გიგანტი სახელმწიფოს ინტერესში მოხვდა, როგორიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა. როგორც გვალია აცხადებს, ინტერესთა ეს თანხვედრა საქართველოს მისცემს საშუალებას, რეგიონში მოწინავე პოზიციების დაბრუნებისაკენ დიდი ნაბიჯი გადადგას და მისი ისტორიული როლი შეასრულოს, რომელიც დამაკავშირებელ ხიდად წარმოსდგება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.
„როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფოთა მოქმედებებს მათი ინტერესები განსაზღვრავს, სწორედ ამიტომ, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოცხადდა ჩინურ მხარესთან პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით თანამშრომლობა, გააქტიურდნენ ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პორტის მშენებლობას და მას აბსურდული მიზეზებით უპირისპირდებიან.
რუსული მხარის ანაკლიის პორტთან დაკავშირება და მის ინტერესში მოხვედრა წმინდა წყლის დემაგოგიაა, ვინაიდან რუსეთის ფედერაციას მისი ინტერესები დაცული აქვს შავი ზღვის რეგიონში. კერძოდ, ყირიმის ანექსიით და მასზე კონტროლის მოპოვებით, მან საკუთარი საზღვაო ინტერესები დაიკმაყოფილა, რომელსაც თან ფეოდოსიის ნახევარკუნძულზე სრული კონტროლიც განსაზღვრავს. რუსეთის სამხედრო ფლოტილიის ძირითადი ნაწილი ამ რეგიონებშია განლაგებული და ისინი თითქმის სრულად პასუხობენ რუსეთის გამოწვევებს.
აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და მისი სასაზღვრო ნაწილის სრული კონტროლიც. რუსეთისთვის პირიქით, დამატებით ძლიერი აქტორის შემოსვლა რეგიონში, გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება საფრთხის შემცველადაც იქცეს. თუმცა იგი ასევე ფლობს დამატებით ბერკეტს შავი ზღვის რეგიონში, რომელსაც მონტროს საერთაშორისო კონვენცია განსაზღვრავს და უპირატეს მდგომარეობაში აყენებს შავი ზღვისპირა სახელმწიფოებს არაშავი ზღვისპირა სახელმწიფოებთან შედარებით“, - აცხადებს გაბელია.
მისი თქმით, მსოფლიო წესრიგის მიმდინარე ფორმაციის პროცესში რუსეთი და ჩინეთი სასწორის ერთ პინაზე აღმოჩნდნენ კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა მიმართულებით დათმობის პოლიტიკას გულისხმობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი კი, გვალიას შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია, რომელმაც ევროპის მიმართულებით ჩინური საქონელი უნდა გაატაროს.
„აშშ-ს ელჩის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია, მაშინ, როდესაც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისათვის მთავარ საფრთხის შემცველად ჩინეთია აღქმული და ყველანაირად ცდილობს მის დასუსტებასა და გავლენის შემცირებას. მათ ინტერესში კავკასიის რეგიონში ჩინეთის ინტერესების გატარება არ შედის, თუმცა როგორც დროითი მიმდინარეობა წარმოაჩენს, ნაკლებ სავარაუდოა ამერიკულმა მხარემ პროექტის ჩაშლა მოახერხოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გაბელიამ.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ელჩის განცხადება გამოწვეულია იმით, რომ ჩინეთი შემოვიდა რეგიონში, რაც, რა თქმა უნდა, არ აწყობს აშშ-ს. ამავე დროს აშშ თავად ვერ შემოდის და ვერ მკვიდრდება რეგიონში, რადგან რეგიონში მის დამკვიდრებას ხელს უშლის ისეთი უზარმაზარი სახელმწიფო, როგორიც არის რუსეთი.
„ამიტომ, აშშ-ის ეს განცხადება მაგონებს ერთ რამეს და კითხვა მინდა დავსვა - რატომ არის ამერიკის პორტები ჩინელების აშენებული და ჩინელების ხელში? რატომ არის ევროპის პორტები ჩნელების აშენებული და ჩინელების ხელში? ეს მიუთითებს ერთ რამეზე, დიდ გადანაწილებაზე, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარეობს და აქ მყარად ვერ დგას აშშ თავისი კატასტროფული შეცდომებიდან გამომდინარე, რაც უპირველესაც გამოიხატება იმაში, რომ ისინი აქ საქართველოში მხარს უჭერდნენ და უჭერენ ისეთ ოდიოზურ ფიგურებს, როგორიც არის გვარამიები, მელიები, ხაბეიშვილები, ხიდაშელები და სხვები, რომლებიც ხალხში ნული ავტორიტეტით სარგებლობენ.
ამ 30 წლის განმავლობაში აშშ და დასავლეთი თუ დაგვეხმარა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში? - არა. კი, მოხდა ის, რომ ამ ქვეყნებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ საქართველოს არ ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთოებები მის მეზობლებთან და ამავე დროს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული ყოფილიყო. აშშ, სამწუხაროდ, გასცდა იმ გზას, რომლითაც ის ცნობილი იყო და შემოდიოდა საქართველოში - ეს იყო დემოკრატია, ეს იყო თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები და დღევანდელ დღეს ვხედავთ იმ საოცარ რაღაცას, როდესაც აშშ ერევა სასამართლოს საქმეში. უფრო მეტიც, დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი და ამის გამო აშშ ამ დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტარებს ასანქცირებს. ამიტომ რეგიონში შემოდის ჩინეთი და აშშ ახლაც ვერ ხვდება, რა დიდი შეცდომები დაუშვა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩმა საქართველოში თავის პროფილისა და ბეგრაუნდის შესაბამისად ძალიან კარგად იცის და კარგად აანალიზებს იმ მდგომარეობას, რომ შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის ფედრაცია ისედაც დომინირებს. რაც შეეხება ჩინეთის შემოსვლას ეკონომიურ პარტნიორად, კუხალაშვილი თვლის, რომ ეს გარკვეული ალტერნატივა არის საქართველოსათვის და თვლის, რომ ის არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური უსაფრთხოებსათვის შესაძლებელია მნიშვნელოვანი საყრდენიც კი გახდეს.
„რაც შეეხბა აშშ-ის და ჩინეთის დაპირისპირებას, დამდგარი შედეგიდან გამომდინარე, დღეს უკვე არსებობს შესაძლებლობა, რომ ის პოლიტიკური პროცესები, რომლის ინსპირირება მოხდა თბილისის ქუჩებში და პრაქტიკულად, შეეხო ქვეყნის პოლიტიკურ უსაფრთხოებას, გარკვეულწილად, უკავშირდებოდა ხელისუფლების გადაწყვეტილებას ამ საზღვაო პორტთან დაკავშირებით. ზოგადად, გაუთვიცნობიერებელი ადამიანებისათვის, რომლისთვისაც ძალიან ახლოს არ არის საერთაშორისო უსაფთხოება და სადაზვერვო საქმიანობა, ვფიქრობ, რომ თავის ანალიტიკურ სისტემაში ჩართეს ეს მომენტები.
ზოგადად, ის, რაც ჩანს პოლიტიკური სარჩულით, შესაძლებელია უკავშირდებოდეს ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც მნიშვნელოვანწილად უკავშირდებოდა სწორედ ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორად შემოსავლას საქართვლოში და სწორედ, ამ კუთხით უნდა შევაფასოთ საქართველოში განვითარებული მოვლენები, რომელშიდაც ძალიან მაღალი იყო პოლიტიკური დესტაბილიზაციის შესაძლებლობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.
ეგ პორტი ახლა აშენებული იქნება და წარმოიდგინეთ რა დატვირთვა და როლი ექნებოდა, პომპეოს რომ არ აეკრძალა ჩინელების შემოსვლა.
ვერ ააშენებს მაგ პორტს ვერავინ ჩინელების გარდა. ყველას ეშინია, რადგან სარისკო ინვესტიციაა. არც ჩვენ გვაწყობს, აშენდეს და მერე საომარ პოლიგონად იქცეს, ეგ პორტიც და მთელი ქვეყანაც.
ჩინეთი ერთად ერთია, ვის ინვესტიციასაც რუსეთი თავს არ დაესხმება. როცა ეგ პორტი აშენდება, ყველა ძალიან კარგად ისარგებლებს მისი მომსახურებით. მთავარია იაფი იყოს და პოლიტიკა არავის გაახსენდება, რადგან ფულია ყველაფრის მამოძრავებელი.