კონფლიქტების მოგვარება საზოგადოების დაკვეთას წარმოადგენს, მაგრამ ამ ეტაპზე პროცესი წინ არ მიდის, თუმცა ხელისუფლება იძლევა საკმაო მესიჯებს, რომ ვითარება უნდა შეიცვალოს. კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის აუცილებელია პირდაპირი ურთიერთობები და კონტაქტები აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთნ, რომ ქართველების მტრის ხატი დაუმსხვრიონ. სამშვიდობო პოლიტიკა იქნება ერთ-ერთი საკითხი, რაზეც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 28 ივნისს წარსდგება.
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობისა და მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, რაც უკიდურესად ართულებს სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას, იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ, სამშვიდობო ინიციატივებში ჩართვის სურვილს, რაც უმთავრესი შედეგია ამ პოლიტიკის საბოლოო მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობისა და ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ფუნქციონირებას აგრძელებდა სამშვიდობო ინიციატივის − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში მოქმედი „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც გრანტებს გასცემს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ერთობლივი ბიზნესპროექტების მხარდასაჭერად.
პრემიერის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის 15 მაისი -15 ივნისის პერიოდში, მშვიდობის ფონდის მეოთხე საგრანტო კონკურსის ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 129 ბიზნესპროექტი დარეგისტრირდა, რაც განაცხადების სტაბილურ მატებას და, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მზარდ ინტერესს ადასტურებს.
შედეგად, დაფინანსდა 22 ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ბიზნესპროექტი; ჯამურად, ფონდის ამოქმედებიდან (2020 წლის სექტემბერი) ოთხი საგრანტო კონკურსის ფარგლებში 300-ზე მეტი ბიზნესპროექტი დარეგისტრირდა, რომელთაგან 100-მდე პროექტია დაფინანსებული. ამასთან, 2023 წელს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ფონდს საქართველოში რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტებზე გრანტის გაცემის და, ამგვარად, კიდევ უფრო მეტი ერთობლივი ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ბიზნეს ინიციატივების დაფინანსების შესაძლებლობა მიეცა.
მშვიდობის ფონდი გრანტებს გასცემს საერთაშორისო კონტრიბუციების საფუძველზე. საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ფონდის წარმატებული საქმიანობის შედეგად, შვეიცარიისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაფინანსების გაზრდის შესახებ.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე შეუფერხებელი და გამარტივებული წვდომის ხელშეწყობა. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში მოქმედი არაერთი საშეღავათო პროგრამის გამოყენებით, 2023 წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში უგამოცდოდ ჩაირიცხა 235 სტუდენტი, ხოლო საკუთარი სურვილით ეროვნული გამოცდების გავლის შედეგად დამატებით ექვსი ახალგაზრდა.
ამასთან, ოთხი ახალგაზრდა ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო ე.წ. „1+4“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც განკუთვნილია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, აფხაზებისა და ოსებისთვის. სამშვიდობო ინიციატივის შესაბამისად, გაგრძელდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე, მათ შორის საქართველოს მოქალაქის პასპორტზე გამარტივებული წესით წვდომის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, 2023 წელს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ოკუპირებული რეგიონებიდან 142-მა ადამიანმა აიღო.
„საქართველოს მთავრობა აქტიურად განაგრძობდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან, უფასო ჯანდაცვაზე წვდომის უზრუნველყოფას. ამ მიზნით, შეუფერხებლად გრძელდებოდა „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ ეფექტიანი ფუნქციონირება და მის ფარგლებში საჭირო სამედიცინო მომსახურების უფასოდ გაწევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, რითიც საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის რეგიონიდან - 1 178-მა, ხოლო ცხინვალის რეგიონიდან 298-მა ადამიანმა (სულ: 1 476) ისარგებლა.
საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებების განხორციელების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის შესაძლებელი გახდა აღნიშნული პროგრამის მიღმა არსებულ ჯანმრთელობის დაცვის სპეციალურ სახელმწიფო პროგრამებში ჩართვა და უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში ამოქმედებული ნეიტრალური პირადი ნომრის ფლობის საფუძველზე“, - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის ანგარიშში.
ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა უყურადღებოდ არ დაჩენია რუსეთის ხელისუფლებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კრიმინალური ავანტიურიდან გაკვეთილი ისწავლა და მიზნად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი გზით „დაბრუნებას“ ისახავენ. რუსულ მედიასთან ინტერვიუში მიხაილ გალუზინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამ განცხადებებზე სოხუმისა და ცხინვალის რეაქცია თავისთავად მეტყველებს.
„აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა სუვერენული არჩევანი ჯერ კიდევ 2008 წელს გააკეთეს, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ერთი რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება ძალის გამოყენებით სცადა და მეორეს მსგავსი ქმედებებით დაემუქრა. როგორც ჩვენ გვესმის, საქართველოს ხელისუფლებამ ამ კრიმინალური ავანტიურიდან გაკვეთილი ისწავლა და მიზნად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი გზით „დაბრუნებას“ ისახავს.
უპირველეს ყოვლისა, საუბარია ქართულ „რეინტეგრაციის“ პროგრამებსა და ინიციატივებზე, რომელთაგან მთავარია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. აფხაზებმა და ოსებმა მათი სუვერენული სტატუსის „შელახვის“ და საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოქცევის მცდელობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არაერთხელ გამოხატეს და აღნიშნეს, რომ ერთადერთი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარება იქნება“, - განაცხადა მიხაილ გალუზინმა.
მისივე თქმით, სოხუმი-თბილისი-ცხინვალის „სამკუთხედში“ ნორმალიზების წინაპირობები მას შემდეგ გაჩნდება, რაც საქართველო არსებულ რეალობას მიიღებს და თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპების საფუძველზე ურთიერთობების დამყარებისთვის მზად იქნება.
„ამასთან დაკავშირებით, უმთავრესი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, საქართველოს და მეორე მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის, ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო გარანტიებზე ხელმოწერას. ასევე, მათ შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გადაწყვეტას შემდგომი დემარკაციით. ყველა ეს თემა, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, განხილვის საგანს წარმოადგენს.
ეს ფორმატი თანაბარი დიალოგის შენარჩუნებისა და საერთაშორისო შუამავლობით თბილისის, სოხუმისა და ცხინვალის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის საერთო ენის პოვნის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მუშაობის გააქტიურებას მხარს ვუჭერთ. ვიცი, რომ აფხაზები და სამხრეთ ოსები ამისთვის მზად არიან“, - აღნიშნა რუსულ მედიასთან საუბრისას მიხაილ გალუზინმა.