პრემიერი ირაკლი კობახიძე რამდენიმე თვეში ახალ ოთხწლიან გეგმას წარადგენს, რომელიც საქართველოს განვითარების ყველა მიმართულებას მოიცავს. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ეს გეგმა ერთდროულად ამბიციურიც იქნება და რეალისტურიც.
მთავარი ამოცანაა, თვისობრივად გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანზიტო პოტენციალი. ამისთვის მსხვილი ინვესტიციები ჩაიდება ქვეყნის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო ინფრასტრუქტურაში, გაძლიერდება წარმოება, ექსპორტი, ფუნდამენტური ცვლილებები იგეგმება საგანმანათლებლო სისტემასა და ინფრასტრუქტურაში, განვითარდება ადამიანური რესურსები.
რა უნდა იყოს პრიორიტეტული მიმართულება ქვეყნისთვის, ამის შესახებ for.ge-ს საკუთარ შეხედულებას აცნობენ ანალიტიკოსები.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარების 4-წლიანი გეგმა, ალბათ, მოიცავს ყველა მიმართულებას, რადგან მოდის არჩევნები და პროგრამების ომიც აუცილებელი იქნება.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ მიმდინარე წლის ფონზე კიდევ უფრო გაიზარდა აქცენტი ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციაზე, რასაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დროს ჩაეყარა საფუძველი. ახლა უკვე ნავთობზე კი არაა საუბარი, არამედ მთელ სატრანზიტო ინფრასტრუქტურის აწყობაზე.
„თუკი ვლაპარაკობთ ტვირთების ტრანზიტზე, მაშინ ბიზნესის გადმოტანა სასარგებლო უნდა იყოს საქართველოში, რადგან საქართველო ფარავს კონკრეტულ რეგიონებს. საწარმოების გახსნაც აუცილებელია საქართველოში, ვინაიდან ეს საწარმოები კონკრეტულ რეგიონებზე უფრო იოლად იმუშავებენ, ვიდრე ევროპაში არსებული საწარმოები. სხვათა შორის, იწყება ეს ტენდენციაც საქართველოში. საწარმოო პოტენციალის განვითარებას საკუთარი პროფესიული კადრები სჭირდება, რაც საქართველოსთვის გამოწვევაა. ასევე, საჭიროა მშვიდობიანი გარემო, საჭიროა შესაბამისი სტრუქტურების განვითარება. კარგი იქნება, თუკი საქართველო აიღებს თავის თავზე იმას, რომ ის ხდება საქონლის, ბიზნესის, ინტერესების გამტარი, ასევე, პოლიტიკური ინტერესების შეხვედრის წერტილიც კი, რადგან აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობაში საქართველო შუამავლის როლს იღებს თავის თავზე და ეს ზოგადი მედიატორობა საქართველოს გეოგრაფიას უკავშირდება. ეს ყველაფერი ითხოვს რაღაცების განვითარებას, ამიტომ განათლების სფეროდან დაწყებული, მშენებლობით დამთავრებული, ამ სფეროების განვითარება, ალბათ, დღის წესრიგში იქნება“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ ჩვენთან საუბრისას.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, უნდა მიეხედოს განათლების სისტემას, ვინაიდან უმძიმესი სიტუაციაა ამ სფეროში შექმნილი, ყველგან ჩაბუდებულია სოროსის ლეკვები, რომლებიც მარტო ხელს კი არ უშლიან, არამედ ანადგურებენ განათლების სისტემას. შემდეგი პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების კიდევ უფრო გაუმჯობესება. შედარება არ არის იმასთან, რაც იყო მანამდე, მაგრამ აუცილებელია ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობა, რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში.
„ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ხელისუფლება. მიაქციეთ ჩვენს პრემიერს ყურადღება, კოლექტიურ დასავლეთში ერთი კაციც არ აღმოჩნდა, რომელიც ირაკლი კობახიძეს დისკუსიაში დაუჯდებოდა. არც ქვეყნის შიგნით, არც გარეთ კაცი არ აღმოჩნდა, რომელიც ყბადაღებულ „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით დისკუსიაში შევიდოდა მასთან. ვერ ბედავენ მასთან დისკუსიას და იმიტომ. ეს არის უგანათლებულესი იურისტი, პოლიტიკოსი და ეს მან დაამტკიცა საკონსტიტუციო სასამართლოს მსვლელობისას, როდესაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის ადვოკატს, ადეიშვილის ყოფილ მოადგილეს ათქმევინა, მე ვამაყობ, რომ ადეიშვილის მოადგილე ვიყავიო. ამით პოლიტიკურად, იდეოლოგიურად, იურიდიულად ეს ადამიანი მიწასთან გაასწორა. ეტყობა, დასავლეთშიც ნანახი აქვთ ირაკლი კობახიძის ნიჭიერება, საქართველოში ეს ხომ იციან და იციან და ასი მეტრის მანძილზე ვერ ეკარებიან პროფესიულ და სახელმწიფო საქმეებში“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ for.ge-სთან საუბრისას.
ამასთან, ანალიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა, რომ ამ ოთხწლიან გეგმაში დაპირებულ სამართლიანობის აღდგენაზეც უნდა იყოს საუბარი. მართალია, ეტაპობრივად მიმდინარეობს სამართლიანობის აღდგენა და, ვინც მთავარი დამნაშავე, იყო, ყველა ან ჩასვეს ციხეში, ან უკვე მოიხადა სასჯელი, თუმცა არის კატეგორია, რომელიც „იმ ბეხრეკმა დედაკაცმა-ზურაბიშვილმა“ შეიწყალა და გამოუშვა. ვინც გაქცეულია და შეფარებული ჰყავს უკრაინის ხელისუფლებას, ეს ყველამ მშვენივრად იცის.
„გარდა ამისა, კიდევ ბევრი ადამიანი გრძნობს თავს „ნაციონალების“ მაშინდელი რეჟიმისგან დაჩაგრულად, ისინი დღემდე ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. მჯერა, რომ ეს აუცილებლად მოხდება, ვინაიდან 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა თავის სიტყვაში თქვა, რომ პოლიტიკურ-სამართლებრივად აუცილებლად დაისჯება ის ძალა, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობა“. ივანიშვილმა ზუსტად ასე თქვა, სამართლიანობა აღდგებაო. რასაც ვუკვირდები, 2012 წლიდან დღემდე ამ ადამიანმა რაც თქვა, ყველაფერი შეასრულა. ამ მხრივ გული მშვიდად მაქვს, ის კაცი ჰაერზე არაფერს ლაპარაკობს და სამართლიანობასაც აღადგენს. 2011 წლიდან, რაც შემოვიდა პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, ტყვია ტყვიაში ჩააჯინა. 2030 წელს ჩვენ ევროკავშირშიც შევალთ, ოღონდ განახლებულ, ქრისტიანული ღირებულებების და არა ლგბტ ევროკავშირში. ეს პროცესი დაწყებულია“, - გვითხრა ედიშერ გვენეტაძემ.