უკრაინა-რუსეთის მიმდინარე ომის ფონზე, აქტიურად განიხილება საკითხი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა შედეგებს უნდა ველოდოთ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, თუკი უკრაინა რუსეთთან დამარცხდება, ამას შესაძლოა საბედისწერო შედეგები მოჰყვეს სხვა სახელმწიფოებისთვისაც.
„თუ უკრაინას დახმარების მიწოდებას შეუწვეტენ, ამან შესაძლოა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის სავალალო შედეგები გამოიწვიოს“, - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ერთგვარ პროგნოზს აკეთებს. მისი განცხადებით, უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა დასავლეთს ომის თავიდან აცილების საშუალებას აძლევს.
„თუ ჩვენ არ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, გაჩნდება რისკი, რომ პუტინის ჯარები პოლონეთის საზღვარზე აღმოჩნდებიან, შემდეგ კი ომი სწრაფად გავრცელდება ევროკავშირისა და ნატო-ს ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ბერბოკმა.
ძნელია იმის გამოთვლა, თუ რამდენის გადახდა მოგვიწევს, თუ თავად მოგვიწევს ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, საბოლოო ჯამში, საქმე ერთ რამემდე მიდის: უკრაინის მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, ომი თავიდან ავირიდოთ. დამარცხებას საბედისწერო შედეგები მოჰყვება - თავისუფალი უკრაინისთვის და თავისუფალი ევროპისთვის, ამიტომ უკრაინას დახმარება უნდა გაფართოვდეს“, - აღნიშნა მინისტრმა და კიდევ ერთხელ მოუწოდა პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება გააგრძელონ.
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ცივილიზებული მსოფლიო არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებასა და რუსეთის გავლენების გაძლიერებას. მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში.
„ასეთ პერსპექტივას, პრაქტიკულად, გამოვრიცხავ, რადგან წარმოუდგენელია მსოფლიოს პროგრესულმა ქვეყნებმა, ცივილიზებულმა მსოფლიომ ასეთი რამ დაუშვან. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თუნდაც ერთობლივი განცხადებებით, რუსული აგრესიის პერსპექტივის თაობაზე.
რუსული ეკონომიკისა და მისი ძალების შესუსტების პერსპექტივა არსებობს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მათ შორის ბრძოლის ველზე უკრაინაში. რუსეთის დასუსტება და მისი შესაძლებლობების შემცირება, ასევე შეასუსტებს მის გავლენას მსოფლიოს ნაწილზე, ასევე, ეს შეამცირებს მის აგრესიულ მადასაც“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.
სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება საფუძველს მოკლებული არ არის. მისი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სურს „გამარჯვებს ფორმულა“ შექმნას, რაც უკრაინის რეგიონების შეერთებას გულისხმობს.
„გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს იმის საფუძველი, რომ ასეთი პროგნოზი გააკეთოს. რუსეთს სურს შექმნას გამარჯვების ფორმულა, ე.წ. რუსული ფორმულა, რაც ითვალისწინებს ოთხი უკრაინული რეგიონის სრულ ანექსიას - მას უნდა, რომ უკრაინაში გამოიწვიოს პოლიტიკური არეულობა და არშემდგარი ქვეყნის იმიჯი შეუქმნას უკრაინელებს.
რუსეთის არმია უკრაინაში იღებს დიდ საბრძოლო გამოცდილებას, რაც პუტინს შესაძლებლობას აძლევს მოახდინოს პოლიტიკური სისტემის რეფორმირება. რუსეთმა ასევე მოახერხა ეკონომიკური სისტემის რეფორმირება და რუსეთში განვითარდა ჩრდილოვანი ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, რუსეთს შეუძლია ბალტიის ქვეყნებთან აგრესიული პოლიტიკის წარმოება, თუნდაც პოლონეთთან მიმართებით. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს ნატო-მ გამოაცხადა ალიანსური ბირთვული ძალების მზადყოფნა, რაც ნატო-ს ისტორიაში პირველად მოხდა. რუსეთი ცდილობს გააჭიანუროს ომი და დაღალოს უკრაინის ხელისუფლება და მოსახლეობა“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარში.
როდესაც ირაკლის არაფერი აქვს სათქმელი, ასეთ გაცვეთილ და აზრგამოცლილ არგუმენტებს იყენებს. ბერბოკი?
ერთადერთი ვინც ამ ომით, ისევე როგორც ყველა წინა ომით ხეირობს აშუშუა!