ამერიკიდან გამოგზავნილ დახმარებას ისე ამადლიან ქართველ ხალხს, გეგონება, ეს თანხები ენჯეო სექტორს საეჭვო მიზნებისთვის კი არ ხმარდება, არამედ უბრალო მოქალაქეებს გადაეცემა.
თავის დროზე ამერიკიდან გადმორიცხულ თანხებს ყველაზე მეტად კელი დეგნანი გვაყვედრიდა. ყოფილი ელჩი ამბობდა, ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოს 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთო, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით 2 000 000 დოლარის ღირებულების 21 პროექტი განხორციელდაო.
„დეგნანიზაცია“ განიცადა აშშ-ის ახალმა ელჩმაც. რობინ დანიგანიც დაუნახაობასა და დეზინფორმაციაზე ალაპარაკდა და 32 წლის განმავლობაში ექვსი მილიარდის დახმარება ისე შეგვახსენა, თითქოს ამერიკის სამშვიდობო მისიებში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვა-დასახიჩრება რომელიმე თანხით ანაზღაურებადი იყოს.
რას ხმარდება ამერიკული დახმარებები, ეს რამდენიმე დღის წინაც გაირკვა, როცა აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI)-მ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანია და რეგიონებში მოსახლეობასთან მათი შეხვედრა დააფინანსა. ეს ის NDI-ია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციად ფიქსირდება და რომლის ლოზუნგიც დემოკრატიულობას „ასხივებს“ – „ვმუშაობთ დემოკრატიისთვის, რათა დემოკრატიამ იმუშაოს“.
NDI- ის მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანიის დაფინანსებას „ქართულ ოცნება“ პირდაპირი მნიშვნელობით წინასაარჩევნო პროცესის დაფინანსებად აღიქვამს.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან, ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსებაა და ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
იმ ფაქტს, რომ ამერიკულ დახმარებას გვამადლიან ცალკეული ადამიანები, ქართველი პოლიტიკოსები უარყოფითად აფასებენ.
„,ვინმე ლომჯარიას ფული გადაუხადო და მთელ ქვეყანას დაამადლო, არ გამოვა“,- აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე, რომელიც ირწმუნება, რომ თანხების დიდი ნაწილი, დაახლოებით 2 მილიარდი რამდენიმე არასამთავრობოზე გადანაწილდა, რათა დონორს დანარჩენი 4 მილიარდის გაკონტროლების საშუალება ჰქონოდა.
საქართველოში კარგა ხანია, მსჯელობენ, რომ ამერიკული ფინანსური დახმარების შეწყვეტა დიდი დანაკლისი არ იქნება, ეს დანაკლისი იქნება მხოლოდ „ენჯეო“ სექტორისთვის, რომელზეც მოდიოდა ამერიკული დახმარების დიდი წილი.
რა შედეგი მივიღეთ გაუკონტროლებელი ფულით და რამდენად დიდი დანაკლისი იქნება ამერიკული ფინანსური დახმარების შეწყვეტა?!
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ არასამთავრობოების გარკვეული ნაწილი არის ის ძალა, რომელიც არათუ აფერხებს ქვეყნის განვითარებას, არამედ ესენი არიან ქვეყნის შიგნით ჩაბუდებული მეხუთე კოლონა, რომლებიც ასრულებენ გარედან მიცემულ დავალებებს. ასეთები არიან ლომჯარია, გიგაური და მათნაირები.
„ჩვენ გვახსოვს ლომჯარია-გიგაურის გამოსვლები 2022 წელს, როდესაც ისინი საქართველოდან უკრაინაში მოხალისეების თვითმფრინავებით გაგზავნას ითხოვდნენ. ლომჯარია ამბობდა, რად მინდა ისეთი მშვიდობა, თუ ბომბები თავზე არ გვაცვივაო. შემთხვევითი არაა ჩვენი პრემიერის განცხადება, საქართველოში შემოსული 85 მილიონიდან 70 მილიონი როგორ გაქრა, დღემდე ვერავინ ვერ გაიგოო. საქმე ისაა, ვინ აფინანსებდა და აფინანსებს პოლიციელებზე შეტევას, მათ ცოცხლად დაწვას, ვინ აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილების შეძენას, პარლამენტში შეჭრას, პარლამენტზე ცეცხლის წაკიდებას, ლობიანების, ჩაის, ყავის, საწვიმარი ლაბადების, ფსიქოტროპული ნივთიერებების შეძენას?! ეს ხომ გამოსაძიებელია. ძალიან დიდი ეჭვია, სწორედ არასამთავრობოების გავლით ხდებოდა ეს ყველაფერი“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.
მისივე თქმით, მიღებულია უკვე კანონი და ამ ძალამ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს 2023 წელს რას აკეთებდა, სად გააქრეს ამდენი ფული. გარდა ამისა, არჩევნები მოდის და ყველა ჩვენგანმა უნდა ნახოს, რას ემსახურება მათი უბნელესი ინტერესები, როდესაც წინასწარ გვიცხადებენ, არჩევნები გაყალბდებაო. წინასწარ გვიანონსებენ, გადატრიალებას მოვახდენთ, ტექნიკურ მთავრობას შევქმენით და ტექნიკური მთავრობის შემდეგ დაინიშნება ახალი არჩევნებიო. ეს ხომ წმინდა წყლის სახელმწიფო გადატრიალებისთვის მზადებაა.
„სახელმწიფო გადატრიალებას ჩემი თაობა არ დაუშვებს, ვინაიდან ჩვენ გამოცდილი გვაქვს ყოველგვარი უბედურება, რაც 90-იან წლებში მოჰყვა გადატრიალებას. გიგაურებს, ლომჯარიებს, კორძაიებს, სამადაშვილებს, ხაზარაძეებს, ჯაფარიძეებს, გირჩ-ზურაბებს და სხვა ამისთანა შემთხვევით ელემენტებს წინაპრების სისხლით მოტანილ ჩვენს ქვეყანას ხელში არ ჩავუგდებთ. 90-იან წლებში ერთი ცნობილი ფიგურა ლაპარაკობდა, „დავწვებით, მაგრამ ამას არ დავუშვებთო“. დღესაც ასე იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო არ იარსებებს“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ „ენჯეოები“ არა მარტო აფერხებენ, არამედ მათი ნაწილი პირდაპირ მუშაობს ქვეყნის დამხობაზე, ომში ჩართვაზე. ამდენად, ეს უკვე შეფერხება კი არა, ქვეყნის განადგურების მცდელობაა.
„მათ ინტერესებში იყო ქვეყნის აღგვა პირისაგან მიწისა. პარალელური დათვლა რატომ გააყალბეს? იმიტომ, რომ ქვეყანა არეულიყო და ხელისუფლება დამხობილიყო. ბომბები გვაცვივდესო, ვიწვებოდეთ ბომბებშიო, ბომბებიც იმიტომ უნდოდათ, რომ ომი დაწყებულიყო. ეს ომი ჩვენ რას მოგვიტანდა? რუსეთთან ომს კი არა, აზერბაიჯანთან ომს ვერ გაუძლებს საქართველო. მიზანმიმართულად საზარბაზნე ხორცად უნდოდათ გადაექციათ ქვეყანა და უნდოდათ ტერიტორია ქართველების გარეშე. ამას ემსახურებოდა ეს ხალხი. ისინი ხისტები გახდნენ მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ეს კანონი უნდა მიღებულიყო და სიხისტე მათ უკვე გამოავლინეს“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბრისას.
რამდენი ქართველიც ავღანეთში დაიღუპა, ზუსტად იმდენი შვილი გადაურჩა ამერიკას. ავღანეთის ომის, რამდენი დასახიჩრებულიც იტანჯება საქართველოში, იმდენი ლადად, ჯანმრთელი დადის ამერიკაში.
ენჯეოებზე მიცემული ფული ვერასოდეს აანაზღაურებს, იმ ბიჭების, მათი ოჯახების და საქართველოს ტკივილს და დანაკარგებს. დამადლებული დახმარების ფასი კაპიკია და ყოველი შეხსენებისას, კიდევ უფრო უფასუდება.
სხვა საკითხია, იმ 6 მლრდ-დან უკან რამდენი წაიღეთ და რამდენი დახარჯეთ თქვენს მე-5 კოლონაში! წარმოადგინეთ ჩაშლილად როდის რაში და რამდენი დაგვახარჯეთ!არ დაგავიწყდეთ ჩვენი 4.5 მლრდ ლარი, რომელიც თქვენს ე.წ. სამშვიდობო მისიებში ჩვენ დავხარჯეთ!