NDI-ის „ამორძალები“ რეგიონების დასალაშრად ემზადებიან

NDI-ის „ამორძალები“ რეგიონების დასალაშრად ემზადებიან

„პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“, - პროექტის ფარგლებში, 7 ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი რეგიონებში შეხვედრებს იწყებენ. მიზანი ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და ევროინტეგრაციის პროცესზე საუბარი იქნება. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიციონერი ქალბატონების ვოიაჟს ფინანსურ მხარდაჭერას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უზრუნველყოფს, მხარდამჭერი კი ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტია. 

აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში, იმ ქალი დეპუტატების კამპანია ფინანსდება, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილის ქარტიაზე აქვთ ხელი მოწერილი. სახელისუფლებო გუნდი სვამს კითხვას - როგორ ხდება, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია თან კონკრეტულ ოპოზიციონერებს აფინანსებს და, ამასთანავე, არჩევნებს აკვირდება?! ამ საკითხთან დაკავშირებით NDI-ს წარმომადგენლობაში კომენტარს არ აკეთებენ.

ის, რომ უცხოური ფულით იწყებს საარჩევნო კამპანიას, ამაში პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია, რომლის განცხადებით, მიზანი არის ესაუბრონ ხალხს, რომელსაც სურს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და კეთილდღეობა.

„მიზანი არის ვესაუბროთ ხალხს, რომელსაც სურს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და კეთილდღეობა. NDI მათ შორის აძლიერებდა „ქართული ოცნების“ პარტიას, ისევე, როგორც ბრიტანული მხარდაჭერით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი და თუ მათთვის არ იყო პრობლემა ბრიტანული დაფინანსება, „ქართული ოცნების“ პარტიის გასაძლიერებლად, ახლა რატომ არის პრობლემა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მხარდაჭერა?!“ - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უცხოური დაფინანსებით პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები როდესაც დადიან, ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის საარჩევნო აგიტაციის პირდაპირი დაფინანსება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასეთი პრაქტიკა კანონს ეწინააღმდეგება.

„ეს უკვე არის საარჩევნო რეჟიმი. როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან და ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის საარჩევნო აგიტაციის პირდაპირი დაფინანსება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, შესაბამისად, მიუღებელია. ამით ვერავითარ პრაქტიკულ გავლენას ვერ მოახდენენ, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგებზე, მაგრამ კანონს ასეთი პრაქტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ეს პირდაპირი მნიშვნელობით წინასაარჩევნო პროცესის დაფინანსებაა, რომელთან შემხებლობა, რა თქმა უნდა, NDI-ს არ უნდა ჰქონდეს და მისი ფუნქცია, პირველ რიგში, არის სადამკვირვებლო მისია. როგორც დეპუტატი აცხადებს, NDI-მ ყველაზე კარგად იცის, რომ ამ სიბრტყეში სწორედ რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უხდის რადიკალ ოპოზიციონერებს ფულს, როდესაც NDI-მ ეს ფული შეიძლება, გადაიხადოს პარტიის გასაძლიერებლად, რაც საერთოდ არ გულისხმობს იმას, რომ წინასაარჩევნო, ამომრჩევლებთან შეხვედრები უნდა დააფინანსოს.

„შიდაპარტიული საორგანიზაციო საკითხების დაფინანსება, პარტიის შიდა გაძლიერება, სტრუქტურების გაძლიერება მისასალმებელია, ეს პროგრამა დიდი ხანია, მოქმედებს და ამაში ცუდი ან კანონსაწინააღმდეგო არაფერია. მაგრამ, როდესაც, ერთი მხრივ, არჩევნების შემდგომ დასკვნები უნდა დადოს არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა NDI-ის, მაგრამ მეორე მხრივ, აკეთებს იმას, რომ რადიკალ ოპოზიციონერებს მათ ამომრჩევლებთან თუ პოტენციურ ამომრჩევლებთან შეხვედრას უორგანიზებს და ამაში იხდის ფულს, ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს არის ამერიკის ამ კონკრეტული ორგანიზაციიდან ოპოზიციონერების დაფინანსების ფაქტი, რაც პირდაპირი მნიშვნელობით წინასაარჩევნო პროცესის დაფინანსებაა, რომელთან შემხებლობა, რა თქმა უნდა, NDI-ს არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, „ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქალებმა“ დამალეს, რომ ხალხთან შეხვედრები NDI-მ დაუფინანსა. შესაბამისად, ანალიტიკოსის გაცხადებით, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ უცხოელმა დონორებმა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის გახსნამდე დაიწყეს ჩვენს არჩევნებში ჩარევა.

„ოპოზიციონერი დეპუტატი ქალები“ NDI-ს ფულით მოწყობილ შეხვედრებს ანტი-სახელისუფლებო აგიტაციისთვის გამოიყენებენ. ისტორიაში ყველაზე ამორალური ის არის, რომ ამ „ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქალებმა“ საზოგადოება მოატყუეს - თითქოს მათი პირადი ინიციატივა იყო რეგიონებში ხალხთან შეხვედრა. რატომ დამალეს, რომ ეს ყველაფერი NDI-მ დაუფინანსა? ან თავად NDI-მ რატომ არ განაცხადა, რომ მისი ფულით ხდება ეს ვოიაჟი?

ამ პარლამენტში შემთხვევით მოხვედრილ ქალ დეპუტატებს რომ ხალხი არ ანაღვლებთ და მხოლოდ საკუთარი პიარისთვის სჭირდებათ რეგიონში ჩასვლები, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ როდესაც ამას გარედან მიღებული ფულით აკეთებ, ამას უკვე სხვა ელფერი დაკრავს. გასაგებია, რომ NDI-ს ფულით მოწყობილ ამ შეხვედრებს ისინი ანტი-სახელისუფლებო აგიტაციას მოანდომებენ. გამოდის, რომ უცხოელმა დონორებმა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის გახსნამდე დაიწყეს ჩვენს არჩევნებში ჩარევა“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

ა-ო „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ ქმედებას მრავალი წახნაგი აქვს და იმაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ერევიან, რაც ქართული კანონმდებლობის დარღვევა არის.

 „ე.წ. მეგობარი სახელმწიფოები და ორგანიზაციები პატივს არ სცემენ ქართულ კანონმდებლობას და მათი სიტყვის მიღმა, ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობა იმალება. მეორე მხრივ, დასტურდება, რომ გვყავს უპასუხისმგებლო ოპოზიცია, რომელსაც სიმართლესთან ორგანული შეუთავსებლობა აქვს და პირადი ინტერესების გამო ყველაფერზე მიდის. ასევე მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი, მსგავსი აქტივობა ერთჯერადი ხასიათის იყო თუ განმეორებადი? ჩემი ინფორმაციით, მრავალი პარტია, პარტიულ საქმიანობას არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური მონაწილეობით ახორციელებს. აღნიშნული ფაქტით შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხეილიძე.

მერაბ.g გველის წიწილები!
5 თვის უკან
ლაზი ადრე, სიტყვები, ტყეში დათვია პროკურორიო, ყველამ იცის ვისთანაც ასოცირდებოდა.
ახალი დათვი, პროკურორიც არის, მოსამართლეც, ციხის ზედამხედველიც, არჩევნების დამფინასებელიც, იმავე არჩევნების დამკვირვებელიც, არჩევნების შედეგების გამპროტესტებელიც, საარჩევნო ბიულეტენების გადამთვლელიც, არჩევნებამდე დაწერილი დასკვნის, არჩევნების მეორე დღეს გამომქვეყნებელიც და არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამომცხადებელიც.
5 თვის უკან
არაგველი641 მერაბ.gგველის წიწილები! - კარგი ნათქვამია!
5 თვის უკან