მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას ყველაზე მისაღები პოლიტიკური პარტნიორი ხდება - როგორი იქნება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური გადაჯგუფებები და რა საერთო ინტერესები აქვთ ერთ დროს დანასისხლად გადაკიდებულ ლიდერებს?
საზოგადოებას ჯერ კიდევ ახსოვს სულ ახლო წარსულიდან ამ ორი პოლიტიკური ძალის ლიდერების მიერ, ერთმანეთის მიმართ გამოთქმული ბრალდებები: ანაკლიის პორტის გაჩერება, „თვალთხარია“, მუქარის წერილი, თაღლითი ბანკირები და საინვესტიციო ვალდებულებების დამრღვევები.
პოლიტიკური დაპირისპირების ამ ფორმიდან კი გახარიასა და ხაზარაძის გუნდები სავარაუდო თანამშრომლობის ეტაპზე გადადიან. ექსპრემიერი მომავალ პარტნიორსა და თანამოაზრეს ოპოზიციიდან სწორედ „ლელოში“ ხედავს, მისი თანაგუნდელების მიმართ სიმპათიებს არც ყოფილი ბანკირების პარტიაში უარყოფენ.
პოლიტიკური კომპლიმენტების გაცვლას არ მორიდებიან პარტია „საქართველოსთვის“ და „ლელოში“. ორივე ძალაში ამბობენ, რომ ღირებულებითი კუთხით ბევრი გადაკვეთის წერტილი აქვთ. ხაზარაძის გუნდს კითხვები ახლა მხოლოდ გახარიას მიმართ აქვს, თუმცა ამის მიუხედავად პარტია პოსტ-საარჩევნოდ ყველა სცენარს განიხილავს.
კიდევ ერთი საკითხი, სადაც „საქართველოსთვის“ და „ლელო“ იდენტურად პოზიციონირებს, ერთიანი საარჩევნო სიაა. პარტიები ელექტორატისთვის რამდენიმე ოპოზიციური არჩევანის შესაძლებლობას უჭერენ მხარს. „ლელოში“ ამბობენ, რომ ამ ფორმით იმ მოქალაქეების ხმები არ დაიკარგება, ვისთვისაც „ნაცმოძრაობა“ წითელი ხაზია. თუმცა, არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, „ლელოც“ მთავრობის დაკომპლექტების პროცესს სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ყველა კვალიფიციურ სუბიექტთან ერთად ხედავს.
მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირების მცდელობა უშედეგო იქნება. კანონმდებლების თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ იდეური დანამატებს მცდელობის მიუხედავად, არჩევნებზე წარმატების შანსი არ ექნებათ.
„გახარია ხაზარაძეს უწოდებდა თაღლითს და ხაზარაძე გახარიას უწოდებდა თვალთხარიას, დღეს დაავალეს, რომ თვალთხარია და თაღლითი უნდა გაერთიანდნენ, ისინიც მზად არიან ამისთვის, ასეთია ჯაშუშისა და აგენტის ბედი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ე.წ. ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად მართულია და მათ არ აქვთ დამოუკიდებლობა.
„ნული დამოუკიდებლობა აქვთ ამ ე.წ. პარტიებს, ვისაც ჰქვია ოპოზიცია, ის სინამდვილეში არის აბსოლუტურად მართული, არავითარი დამოუკიდებლობა მათ არ აქვთ, შესაბამისად, ნებისმიერი შეურაცხმყოფელი ნაბიჯი შეიძლება, გადაადგმევინონ. ეს არის აგენტის, ჯაშუშის ბედი. აქაც ვხედავთ კონკრეტულ მაგალითზე გახარიას და ხაზარაძის მაგალითზე - ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს და მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას, დღეს დაავალეს, რომ თვალთხარია და თაღლითი უნდა გაერთიანდნენ, ისინიც მზად არიან, რომ გაერთიანდნენ, ასეთია ჯაშუშისა და აგენტის ბედი, ეს არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ იმისთვის, რომ ორმა პოლიტიკურმა ძალამ საერთო გადაკვეთის წერტრილები იპოვონ, ერთ იდეოლოგიურ პლათფორმაზე მაინც უნდა იყვნენ.
„ნათია მეზვრიშვილს ვუსმენდი და ის ამბობდა რა პრობლემაა, ჩვენ და „ლელოს“ ევროინტეგრაციაზე საერთო ხედვები გვაქვსო. ევროინტეგრაციაზე და სიღარიბეზე და ასეთ თემებზე, ალბათ, ყველა პოლიტიკურ ძალას საერთო აზრი აქვს, ამით ვერავის ვერ გააკვირვებ. გახარიას და ჯაფარიძეს მსგავსი არაფერი აქვთ, არც წარსული, არც პოლიტიკრი ხედვები, დაპირებები, ეკონომიკური გეგმის თანხვედრა და რა ვიცი, რამდენი ჩამოვთვალო, ამ ხალხს არანაირ საკითხში გადაკვეთა არა აქვს.
ბუნებრივია, ჩნდება ის განცდა, რაც პრემიერმა თქვა, ეს არის პირდაპირი დავალება, როცა პოლიტიკურ ორგანიზაციებს საერთო არაფერი აქვთ, გარდა ერთმანეთის ლანძღვისა, ბუნებრივია, მათ ერთ საარჩევნო სეგმენტში ჩამოყალიბება, მესამე ძალას უნდა დავუკავშიროთ, რომელიც მათ ამას აიძულებს. ჩვენს ოპოზიციას ის პრობლემა აქვს, რომ პოლიტიკური ბლოკები გაუქმებულია. ამიტომ ორი პოლიტიკური პარტიის ან მეტის გაერთიანებას ვერ მოახერხებენ. ამისთვის კი რომელიღაცა პოლიტიკური ორგანიზაციის სიაში უნდა ჩაეწერონ. ეს კი ძალიან რთული პროცესი იქნება“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ „ლელოს“ აქვს საპარლამენტო გამოცდილება და ბიუჯეტიდან დაფინანსება, ასევე უფასო სარეკლამო და საეთერო დრო, გარკვეული პოლიტიკური რესურსი, გახარიას მსგავსი არაფერი აქვს.
„თუ ამ ორ პარტიას შორის რაღაცა სამომავლოდ ჩამოყალიბდა, მაშინ, ლოგიკურად, გახარიას პოლიტიკური პარტია უნდა გამოირთოს და მისი ლიდერშიპი „ლელოს“ სიაში უნდა ჩაეწეროს. ეს კი ძალიან არაადეკვატური და პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილება იქნება. თუ გახარია, როგორც პოლიტიკოსი, რაიმეზე ფიქრობს, მისთვის ეს იქნება ყველაზე წამგებიანი ნაბიჯი. არც „ლელოსთვის“ არ უნდა იყოს ეს პერსპექტიული, რადგან თავისი ლიდერშიპი ჰყავს გასაყვანი და იქ ხალხს იმხელა ამბიციები აქვს, ყველას, ალბათ, შვიდეულში ჩაკვეხება უნდა. ასევე, ორი პოლიტიკური ძალის გაერთიანება სინერგიას არასდროს იძლევა. მათი გაერთიანება აპრიორში ამომრჩევლის გაზრდას არ ნიშნავს, პირიქით, ამან შესაძლოა, უკუშედეგი გამოიწვიოს და ის მხარდამჭერებიც დაკარგონ, ვინც ჰყავთ. თუ გახარიას გუნდს ხაზარაძის მილიონები ხიბლავს, გასაგებია, მაგრამ აი, ხაზარაძეს რა უნდა გახარიას გუნდისგან და რას მოელის, ეს ვერ ამოვხსენი“, - ამბობს ახვლედიანი.
რაც შეეხება იმ გათვლას, რომ შესაძლოა, ამით ოპოზიციურ ფლანგზე ე.წ. ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის მოზიდვა შეძლონ, ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან ასეთი ამომრჩევლის დიდ ნაწილი ან სახლში რჩება არჩევნების დღეს, ან კიდევ მხარს ისევ სახელისუფლებო გუნდს და „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში ერთმანეთს დანასისხლად იყვნენ გადაკიდებულები, რა არ დააბრალეს და ახლა თანამშრომლობაზე საუბრობენ, უპრინციპო და უსინდისო პოლიტიკოსები არიან.
„ხაზარაძე და „ლელოელები“ ახლო წარსულში გახარიას და მის გუნდს დედმამიშვილების სულს უტრიალებდნენ. თვალთხარიას ეძახდნენ და ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერება გახარიას დააბრალეს. ესენი კიდევ თაღლითებს და რას არ უწოდებდნენ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს. გახრიამ ეს ყველაფერი შეირგო და ეტყობა, ეკუთვნოდა კიდევაც. ახლა „ლელოსთან“ თანამშრომლობას აპირებს. თუმცა გახარიასი რა შეიძლება გაგვიკვირდეს, ხაზარაძე-ჯაფარიძეზე აღარც ვსაუბრობ, კაცი „ნაციონალურ მოძრაობას“ პირდებოდა მე თქვენ დაგასრულებთო და ამ დროს 4 საკრებულოში მათთან თანამშრომლობა დაიწყო. ამ ადამიანებზე შეიძლება ვიხმაროთ ზუსტად ის სიტყვები, რითაც დავიწყეთ. ესენი არიან ნამუსგარეცხილი ადამიანები, რომლებიც საკუთარი ინტერესების გამო მტერსაც კი შეეკვრებიან და ამას აკეთებენ ზუსტად. სწორად თქვა პრემიერმა კობახიძემ, ასეთია აგენტის ბედი, რომ ნამუსზე ხელი უნდა აიღოს, რათა მის პატრონს და დამკვეთს ასიამოვნოს“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, გარეთ მყოფი ძალები ხედავენ, რომ საქართველოში ოპოზიცია სუსტია. ამიტომ მიმდინარეობს ყველანაირი სახის გადაჯუფება - გადმოჯგუფება.
„შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება. ნულს მივუმატოთ ნული, ისევ ნულია. გახარიამ ქვეყნის სახელმწიფოს ინტერესებს უღალატა, როცა პრემიერი იყო, კაცს ნიკა მელიას დაკავების შეეშინდა. თუმცა, ახლა მგონია, რომ ის პირდაპირ უცხო ქვეყნის დავალებას ასრულებდა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო. ახლაც იგივე დავალებების შემსრულებელია, თუმცა ამით ის კისერს წაიტეხს“,-ამბობს გვენეტაძე.
ხაზარაძესთან თანამშრომლობის გამოცდილება ნაცსაც აქვს, ქოცსაც და მშვიდობაში მოიხმარონ!