„არასტაბილური ქვეყნის იმიჯისკენ უნდათ უბიძგონ საქართველოს, რომ ჩინეთიდან ტრანზიტის ჩაშლა დაბრალდეს არა ამერიკას და რუსეთს, არამედ ქართველებს“

„არასტაბილური ქვეყნის იმიჯისკენ უნდათ უბიძგონ საქართველოს, რომ ჩინეთიდან ტრანზიტის ჩაშლა დაბრალდეს არა ამერიკას და რუსეთს, არამედ ქართველებს“

ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში გაჩენილი ბზარის მიუხედავად, ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს აშშ-თან პარტნიორული ურთიერთობების გასამყარებლად. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, როცა გვარების დასახელების გარეშე აშშ-ის მხრიდან წესდება სავიზო შეზღუდვები, ეს არ შეესაბამება პარტნიორულ სულისკვეთებას, მით უმეტეს, რომ სანქციებს არავითარი პრაქტიკული დატვირთვა არ აქვს. სავიზო შეზღუდვები დაწესდა მოსამართლეების მიმართაც, თუმცა ამას არანაირი ფორმით არ უმოქმედია სასამართლოს საქმიანობაზე, მაგრამ იმოქმედა ამერიკის რეპუტაციაზე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. პრემიერის თქმით, არსებობს კონკრეტული ინფორმაცია ორგანიზაციებთან, ადამიანებთან, გვარებთან დაკავშირებით, ვინც არის წარმომადგენელი გლობალურ ომის პარტიაში.

„ეს არის ე.წ. გლობალური ომის პარტია, რომელსაც სამწუხაროდ, აქვს თვისებრივი გავლენა ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. შესაბამისად, არავითარი ფასი ამ საკითხს არ აქვს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია ორგანიზაციებთან, ადამიანებთან, გვარებთან დაკავშირებით, ვინც არის წარმომადგენელი გლობალურ ომის პარტიაში, მათ შორის, გვარებით ვიცით, ევროპარლამენტარები, სენატორები. სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის ამ ყველაფრის დაკონკრეტება, მაგრამ ვინც აშანტაჟებდა კანდიდატის სტატუსით საქართველოს, თქვენ ხომ გახსოვთ 2022 წლის ივნისში საქართველოს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ეთქვა უარი კანდიდატის სტატუსზე. ვინ გვაშანტაჟებდა, ევროკავშირი? არ იყო ეს ევროკავშირი. ესენი იყვნენ ის ძალები, რომლებსაც, სამწუხაროდ, თვისებრივი გავლენა აქვ ევროკავშირზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი პირობას დებს, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. როგორც გაუცრუვდათ იმედები დღემდე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისე გაუცრუვდებათ იმედები მომავალშიც. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას, კობახიძის განცხადებით, კანონის ინიცირებამდე შანსი იყო ნული, ახლა არის 20-30%.

„ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ამოცანაა, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ მიზანს მივყვებით თანმიმდევრულად, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელდება შანტაჟი, რასაც კონკრეტული ძალები თავიდან უკავშირებდნენ კანდიდატის სტატუსს, ახლა უკავშირებენ მოლაპარაკებების გახსნას. ეს არ არის ევროკავშირი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მაშ ასე, საქართველო აცხადებს, რომ 2030 წელს ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. საქართველო მზად არის მომავალში აშშ-თან პარტნიორული ურთიერთობების გასამყარებლად, თუმცა სტრატეგიული პარტნიორი ცდილობს საქართველოსთან პოლიტიკური ვითარების გამწვავებას და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა გამჭვირაველობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ. ორ ქვეყანას შორის ბზარის გაჩენის მიზეზად პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანთა ნაწილი ე.წ. რუსულ კანონს ასახელებს, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების დროს რუსული კანონი არ იყო აქტუალური, მაგრამ აშშ-მა გამოიყენა სანქციები.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ზოგჯერ სიმპტომები საკმარისია იმისათვის, რომ დიაგნოზი დაისვას. მისი თქმით, ეს დეტალი მიუთითებს იმაზე, რომ დიაგნოზი არ ვეძებოთ ამ კანონის ფარგლებში, რადგან რეალური პოლიტიკის ფონია ისეთი, რაც ქართველებმა უნდა გავითვალისწინოთ. კერძოდ, თუკი დაუპირისპირდა ამერიკა ჩინეთს, როგორც თავის ნომერ პირველ მეტოქეს და თუკი ჩინეთი ევროპის ბაზარაზე საქონლის გასატანად აპირებს გამოიყენოს კავკასიური გზა, მათ შორის საქართველო, საყვარელიძის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში არ არის გამორიხული, რომ ჩინეთის ამ გეგმის ჩაგდების მიზნით ამერიკის ინტერესი იყო გაამწვავოს საქართველოსთან ურთიერთობა.

„მე არა მგონია, რომ ამერიკის ურთიერთობა იყოს ამდენად მწვავე და თუნდაც იმიტომ არა მგონია, რომ აქამდე არ გაჟღერდა იმ 34 პირის ვინაობა, რადგან სანქცირებულ პირთა დასახელება გამწვავება იქნებოდა სიტუაციის და თან სავარაუდოა, რომ სანქცირებულ პირებში იქნებოდა ზედა ეშელონი. ამას ამერიკამ თავი აარიდა, ამიტომ მეეჭვება, რომ მას უნდოდეს მაინც და მაინც საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება. არ არის ეს ვერსია გამართლებული. მას, უბრალოდ, უნდა საქართველოს შიდა პოლიტიკური სიტუაცია გახდეს უფრო დაძაბული. ნახა, რომ ახალგაზრდებსა და ქართული მოსახლეობის დიდ ნაწილს მნიშვნელოვნად მიაჩნია ურთიერთობა დასავლეთთან, უპირისპირდება საკუთარ მთავრობას, თუკი რაიმე ინიციატივა ბარიერი ხდება დასავლეთთან ურთიერთობაში. ამიტომ, სავარაუდოა, რომ ასეთი განაცხადი ამერიკის მრიდან არის - მოსახლეობა დააპირისპიროს მთავრობასთან“, - აცხადებს საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, შიდა დაპირისპირების და პოლარიზაციის პროვოცირება შეიძლება იყოს ძირითადი მიზანი, სწორედ იმიტომ, რომ ამ პროვოცირების ფონზე შემზადდეს აქციები საარჩევნოდ და ასეთი მძიმე პოლიტიკური ფონი შეიქმნას, რომელიც ხელს შეუშლის იმას, რომ როგორც ევროპულმა ქვეყნებმა, ასევე ჩინეთმა საქართველო ჩათვალონ მშვიდობიან ქვეყნად და გაატარონ ტვირთი.

„სატელევიზიო სიუჟეტები საქართველოს შესახებ იმ პერიოდში, როდესაც ახალგაზრდები ბობოქრობდნენ რუსთაველის გამზირზე ისეთი იყო, რომ უცხოელებს უკვირდათ იმათი, ვინც მოდიოდა საქართველოში. მე ვიცი გერმანიის მაგალითი, როდესაც გერმანელები საკუთარ მოქალაქეებს ეუბნებოდნენ საქართველოში ასეთი მძიმე მდგომარეობაა და თქვენ იქ როგორ მიდიხართო. ანალოგიური შეფასება ექნება ტვირთების მოძრაობასაც, თუკი საქართველომ ისევ დაიჩემა არასტაბილური ქვეყნის იმიჯი და მდგომარეობა.

აი, ამ იმიჯისკენ და მდგომარეობისკენ უნდა უბიძგოს საქართველოს ბევრმა და მათ შორის აშშ-მა და რუსეთმაც, იმისთვის, რომ თუ ჩაიშალა ეს ტრანზიტი, ტრანზიტის ჩაშლა არ დაბრალდეს არც ამერიკას და არც რუსეთს, არამედ დაბრალდეს თვითონ ქართველებს. ანუ, საკუთარი ხელით გააფუჭებინონ ქართველებს ტრანზიტი. ანალოგიური იდეა მათ არ მოსდით აზერბაიჯანზე, ვიცით, რომ იქაც უნდა გავიდეს ეს გზა, მაგრამ აზერბაიჯანს უდგას თურქეთი, საქართველო ისევ და ისევ უმწეო ქვეყანა არის კავკასიაში, რომელში მიმდინარე პროცესები არავის არ ადარდებს, თუ მაინც და მაინც გამოყენებას ეცდებიან მეზობლები, თორემ არიქა, იმის მცდელობა, რომ დესტაბილიზაცია არ იყოსო, მხოლოდ რიტორიკულია და შეიძლება აწყობდეთ კიდეც“, - ამბობს პოლიტოლოგი.

კითხვაზე, რატომ შეიძლება აწყობდეს აშშ-ს საქართველოში შიდა პოლიტიკური დეტაბილიზაცია, რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ დესტაბილიზაცია აწყობს ჩინეთთან დაპირისპირების გამო, რომ დესტაბილიზაციამ მოხსნას დღის წესრიგიდან როგორც ჩინური ტრანზიტი, ისე ანაკლიის პორტის დიდი გეგმები იმავე ჩინეთისთვის.

„ჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტობის დროს საქართველოში შედგა სახელმწიფო მდივნის პომპეოს ვიზიტი, რომელმაც ხაზგასმით გვითხრა, როგორც გინდათ ისე ააშენეთ, ამერიკა არ აპირებდა არც ერთი ცენტის დადებას, მაგრამ გაგვაფრთხილა, რომ ჩინეთი არ შემოუშვათ ანაკლიის პორტის მშენებლობაზეო. მიუხედავად პოლიტიკური ლიდერების ცვლილებებისა, ჩინეთის არშემოშვების სულისკვეთება ამერიკულ პოლიტიკაში უცვლელად არის, იმიტომ, რომ ჩინეთი როგორც კონკურენტი მაშინაც იყო და ახლაც არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

 

მერაბ.g ცხადია, რომ არჩევნების შემდეგ ადგილობრივი ასოები და ოდირი-აირაი-ენდიაი იტყვიან რომ არჩევნები გაყალბდა; და რა? ჩავბარდეთ? გამოსავალი ორია: 1. არჩევნებს უნდა დააკვირდეს რაც შეიძლება ჩვენი მონათესავე გერმანული, ფრანგული, ბელგიური, სლოვაკური, უნგრული მემარჯვენე პარტიათა დამკვირვებლები, რომლებიც დაწერენ ობიექტურ დასკვნას 2. არჩევნების შემდეგ ნეოლიბერალები რომ იტყვიან გაყალბდაო, დაასახაელონ მათ კანონით განსაზღვრული ოდენობის უბნები და მოხდეს ხელით გადათვლა! და თუ მაინც აყირავდებიან, კანონი და მისი ჯანი!
ვინაა ომის პარტია? ომის პარტიაა ის ვისაც აწყობს ომი; ომი ერაყში, ავღანეთში, უკრაინაში, უფრო ადრე ვიეტნამში ... ვისი იარაღი იყიდება ამ ომებში? რამდენი კონგრესმენი და სენატორი ფინანსდება ამ იარაღის მწარმოებელი პირების მიერ? ჩემი ინფორმაციით 200-მდე!
5 თვის უკან