როგორი იქნება „ოცნების“ ახალი საარჩევნო სია და მოხვდება თუ არა ახლანდელი დეპუტატების უმრავლესობა ამ სიაში? ჯერჯერობით ცნობილი დეტალურად არაფერია, თუმცა სიაზე მუშაობა პარტიას დაწყებული რომ აქვს, ამას დეპუტატი გია ვოლსკი ადასტურებს. ოპოზიიცის მხრიდან კი იმაზე საუბარი, თითქოს ამ სიას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი აკომპლექტებს, არასწორია.
ეს არჩევნები იმით არის გამორჩეული, რომ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სიის პირველი ნომერი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება და შესაძლოა, სიის მიღმა არაერთი დეპუტატი დარჩეს. რა კრიტერიუმებით მოხდება სიის დაკომპლექტება უცნობია, მაგრამ ანალიტიკოსებს for.ge-სთან აქვთ მოსაზრება, რომ ის დეპუტატები, რომლებიც აქტიურობით გამოირჩევიან და მედიის ფოკუსში იმყოფებიან, სიის მიღმა დარჩებიან.
ასევე, საუბობრენ სიის შესაძლო პირველ ნომერზე, ღარიბაშვილზე და ამბობენ, რომ მისი მთავარი პრივილეგია პარტიაში და „ოცნების“ ამომრჩეველში გავლენებია. ის ამჟამადაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. თუმცა ორივე ირაკლი შესანიშნავი დუეტია, რომელთა გადათამაშებაც ნებისმიერ დროს და ადგილას არის შესაძლებელი.
„იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ადგენს სიებს არასწორია, უსამართლოა - ამაზე საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში იქნება გამოტანილი ამ კონსულტაციების შედეგები, - ამბობს გია ვოლსკი.
მისი თქმით, სიებთან დაკავშირებით მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ „ამას ინტენსიური ხასიათი უახლოეს პერიოდიდან მოყოლებული ექნება“.
„იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ადგენს სიებს არასწორია, უსამართლოა, იმიტომ რომ 2011 წლიდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილის მიერ არასდროს, არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რომ არ ჰქონოდეს ძალიან ინტენსიური კონსულტაციები გუნდის წევრებთან. პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და ამ საკითხებთან მიმართებაში მე არ მგონია, რომ რაიმე ახალი შემოიტანოს დღევანდელობამ, რომ ერთმა კაცმა თუნდაც, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტოს ვინ იქნება და ვინ არ იქნება სიაში. ამაზე საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და მე ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში იქნება გამოტანილო ამ კონსულტაციების შედეგები“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ანალიტიკოსი ვახტნგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს ახლა სჭირდება დუეტი, ამიტომ ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი ამ მიმართულებით შესანიშნავი წყვილია. ძაბირაძე ფიქრობს, რომ თუკი საჭირო გახდება ჩანაცვლება, ამასაც ადვილად მოახერხებს.
„საპარლამენტო მმართველობაში დაუწერელი პრინციპია, რომ გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი ხდება. შესაბამისად, საარჩევნო სიის სათავეში სწორედ მისი თავმჯდომარე დგას. ამიტომ ერთი მხრივ, ეს ბუნებრივია და მეორე მხრივ ესაა განაცხადი იმაზე, რომ ღარიბაშვილი პრემიერად შესაძლოა ისევ დაბრუნდეს. სავარაუდოდ, ღარიბაშვილის პირველ ნომრად გამწესება სხვადასხვა მიზეზებით არის განპირობებული. პირველ რიგში, მას პარტიულ ელიტაზე უფორ მეტი გავლენა აქვს და ამაზე მე მგონი თავადაც არ დავობენ. გარდა ამისა, ივანიშვილი, მაინც მგონია, თუ ვინმეს ენდობა პარტიაში, ყველაზე მეტად ღარიბაშვილს და ეს მან დაიმსახურა კიდევაც.
მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ ღარიბაშვილი კი არ გადააყენა, ის უბრალოდ, ფაქტობრივად, პირდაპირ დარტყმებს მოაშორა. ის დღეს პრემიერი რომ ყოფილიყო, მთელი ეს ნეგატიური ტალღა მისკენ იქნებოდა მიმართული. ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდეგ ის დასავლეთთან კომუნიკაციისთვის დასჭირდეს. თუ იმას ჩავთვლით, რომ მას ამ კანონთან დაკავშირებით სრულიად სხვა პოზიცია აქვს და დასავლეთთან ურთიერთობაში ხიდები მაინც არ დაწვა. ვფიქრობ, მას აქვს კიდევ რესურსი, რომ თუკი საჭირო გახდა, შეძლოს პარტნიორებთან ახალი კომუნიკაცია. ბევრი ვერსია შეიძლება იყოს. თუმცა, მას რომ „ოცნების“ ძველ ამომრჩეველზე და თავად პარტიის შიგნით გავლენები აქვს, ეს ნათლად ჩანს“, - ამბობს ძაბირაძე.
რაც შეეხება სიის სხვა წევრებს, ძაბირაძე ფიქრობს, რომ დეპუტატებიდან ვინც უფრო ჩუმი და წყნარია, ზღვარს გადასული არ არის და მედია ფოკუსირებას არ აკეთებს, დიდი ალბათობით, სიაში ისევ იქნება.
„რომელი დეპუტატებიც აქტიურები და ამ ორომტრიალში არიან ჩართულები, უფრო სხვა დივიდენდებს მიიღებენ ივანიშვილის მხრიდან, ვიდრე სიაში მოხვედრაა. დღევანდელი მმართველი გუნდის ელიტა, რომელიც ოპოზიციის ლანძღვა-გინებაში არიან ჩართულები და ამ კანონთან უფრო დაკავშირებულები, თავგამოდებული დამცველები არიან, მგონია საპარლამენტო სიაში მოხვედრის შანსი არ აქვთ. რაღაცა ჯგუფი, ალბათ, მოხვდება, თუმცა ყველა ვერა. ამის იმიზეზი კი ისაა, რომ ვინც საზოგადოებაში უფრო ნეგატიურ განწყობებს აჩენს, მათ თამაშიდან გაიყვანენ. რაც შეეხება კობახიძეს, მას უფრო არჩევნების შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ვხედავ“, - ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საპარლამენეტო სიაში, სიის პირველი ნომერი ვინც არის, ის, დიდი ალბათობით, პრემიერი ხდება. თუმცა საყვარელიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ შესაძლოა, ასე არ მოხდეს, რადგან კობახიძემ ამ პერიოდში სიტუაციას თავი ძალიან კარგად გაართვა და კანონთან დაკავშირებით საკმაოდ პრინციპული პოზიციები დაიკავა.
„სიის ნომერ პირველად როდესაც ადამიანს ასახელებენ, წესი ასეთია, რომ თუ პარტია იმარჯვებს, ის პრემიერი ხდება. არაა იმაში არაფერი გამორიცხული, რომ ღარიბაშვილი მესამედაც დაბრუნდეს პრემიერად. თუმცა კობახიძემ ამ პერიოდში სიტუაციას თავი გაართვა და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ქვეყანა მართა და მართავს. თუმცა არც ის დაგვავიწყდეს, რომ ღარიბაშვილმა უკრაინის ომის შემდეგ არანაკლებ წნეხს გაუძლო. ამიტომ „ოცნებისთვის“ მგონია ორივე ირკალი საკმაოდ კარგი დუეტია და თუკი რომელიმეს სადმე გადაყვანა გახდება საჭირო, იმის მიხედვით იმოქმედებენ. ამიტომ მე ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ.
რაც შეეხება სიას, არ ველი, რომ რაიმე დიდი ცვლილებები იქნება. თუმცა არჩევნებისთვის ამომრჩევლისთვის სიახლე რომ აუცილებელია და რაღაცა გადახალისება იქნება, ეს ლოგიკურიც არის და მოსალოდნელიც. არ ვიცი რაზე გაკეთდება ძირითადი აქცენტები, მაგრამ ახალი სახეეები რომ იქნებიან, ალბათ, ამაში გასაკვირიც არაფერია“, - ამბობს საყვარელიძე.