საქართველოში სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა ყოველწლიურად იკლებს, მაგრამ განსაკუთრებით საგანგაშოა სოფლის მცხოვრებლების სტატისტიკა 2020 წლის დასაწყისში სოფლად 1 522 400 ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წლის დასაწყისში კი მათი რიცხვი 1 440 400-მდე შემცირდა. მცირედით, თუმცა კლებაა ქვეყნის მოსახლეობაში სოფლის მოსახლეობის წილის კუთხითაც. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს სოფლად მცხოვრებთა წილი 41% იყო, 2024 წელს კი 39%-ია. ეს ნიშნავს, რომ სოფლიდან ქალაქში ან სულაც ქვეყნის გარეთ მიგრაცია განსაკუთრებით მატულობს, ხოლო შობადობა მკვეთრად იკლებს.
ამასთან, აღსანიშნია, რომ თითქმის ყოველწლიურად მატულობს დედაქალაქ თბილისში მცხოვრებთა რიცხვი. 2024 წლის მონაცემებით, მათი რაოდენობა 1 258 500-ია, 2023 წელს - 1 241 700 იყო, 2022 წელს - 1 201 800.
ცენტრისკენული მიგრაცია უწოდა ურბანისტმა ლადო ვარდოსანიძემ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და განაცხადა, რომ საქართველოში ქალაქგეგმარება ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რადგან მისი მნიშვნელობა არ არის გაცნობიერებული.
„მსოფლიო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, ზოგიერთი ქალაქი ჩვენზე უარეს მდგომარეობაშია მაგალითად, ლატვია, რიგა, ათენი. მთავარია, რა ხდება საერთოდ ქვეყანაში და რა ხდება იმ ქალაქში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს. რაოდენობას და სტატისტიკას ნუ გამოვეკიდებით, რადგან, როგორც გითხარით, მთავარია, რა ხდება მთლიანად ქვეყანაში და ქალაქში.
ჩვენს შემთხვევაში მთავარი მიზეზი დემოგრაფიული პრობლემებია, ეს არის ცენტრისკენული მიგრაცია, რომელსაც ობიექტური და სუბიექტური მახასიათებლები აქვს. თუ რამე ხდება ეკონომიკაში, თუ სადმე შეიძლება ადამიანმა თავი გაიტანოს, ეს არის თბილისში და ბათუმი ნაწილობრივ. ჩვენი პროვინცია ჩამკვდარია, მცირე ქალაქები საერთოდ განადურებულია, წარმოებები არ არის. ასეთ ადგილებში ავაშენოთ ქარხანა, ვამუშავოთ ეს ხალხი, რომ სახლში ხელფასი მიიტანოს, რადგან მოსახლეობა აღარ გამოიქცეს თბილიში ან არ დადგეს ქუჩაში, რომ 2-დღიანი სამუშაო იპოვოს.
ურბანისტიკა, ქალაქგეგმარება ჩვენთან არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და პირველ რიგში იმიტომ, რომ არ არის გაცნობიერებული მისი მნიშვნელობა. არავინ არ გვისმენს, თორემ ჩვენ რომ გვისმენდნენ, სულ სხვანაირად იქნებოდა აწყობილი, როგორც ქალაქი, ისე საქართველო მთლიანობაში“, - განაცხადა ვარდოსანიძემ.
საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის წილი ბოლო ოთხი წელია კლების ტენდენციას აჩვენებს. 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 6.9% იყო, მაშინ როცა 2022 წელს 7.6% იყო, 2021 წელს - 8.3%, ხოლო 2020 წელს 9.5%.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის პროდუქციის გამოშვების მოცულობამ, 2023 წელს, 7 283.8 მლნ ლარი შეადგინა, რომელიც თითქმის თანაბრად ნაწილდება მემცენარეობისა და მეცხოველეობის მიმართულებებზე. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების მოცულობა 2022 წელს 6 985.4 მლნ ლარი იყო, 2021 წელს კი - 6 381.1 მლნ ლარი.
საინტერესოა ისიც, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების წილი შინამეურნეობების ფულად შემოსავლებში 2023 წელს 5.3%-ს შეადგენდა, მაშინ როცა 2022 წელს, ეს მაჩვენებელი 6.5% იყო, 2021 წელს კი 6.3%.
ექსპერტ სოსო არჩვაძის აზრით, ამ შედეგებზე ორმა ფაქტორმა იმოქმედა: ბუნებრივი მატების მაჩვენებელი შემცირებულია და მიგრაციული სალდო გაზრდილია. ამიტომ საჭიროა ისეთი პოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდა ოჯახებს შვილის ყოლისა და დაოჯახების მოტივაციას მისცემს.
„შობადობის მკვეთრი შემცირების მთავარი მიზეზი მოსახლეობის ქვეყნიდან ინტენსიური გადინებაა. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყნიდან გასულთა შორის ჭარბობს რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ადამიანები, 20-დან 50-წლამდე. ქვეყნის მოსახლეობაში მიგრანტების წილი ორჯერ უფრო მაღალია ამავე ასაკის მოსახლეობის წილზე.
ოჯახის რიცხოვნობის დაგეგმვა, პროფილაქტიკა და ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა და აბორტების შემთხვევების რაოდენობაც შემცირდა, თუმცა ის ძველი შლეიფი, რაც 90 წლებიდან მოდიოდა, ჯერ კიდევ გავლენას ახდენს. საბოლოო ჯამში კი, შეიძლება ვთქვათ, რომ მოსახლეობის შემცირებაზე ეს ფაქტორი გავლენას არ ახდენს“, - განაცხადა არჩვაძემ.