დამარხულ არს ენაი ქართული...

დამარხულ არს ენაი ქართული...

რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენითა და მისი სამშობლოში ბინის დადებით ხარობს. მართლაც, ძალიან სასიხარულოა და ვულოცავ სრულიად საქართველოს! მადლობა ბატონ ივანიშვილს ეკუთვნის, რომელმაც ოპერატიულად იმოქმედა და თანხა არ დაიშურა ამ უნიკალური ხელნაწერისათვის. სამწუხაროდ, ამ სიხარულის პარალელურად, ბიძინათმოძულეებმა სრული ქანალია გამართეს და ამ მოვლენის მნიშვნელობის დაკნინება სცადეს. არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ, რადგანაც იოანე ზოსიმე და მისი შემოქმედება იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი აწმყოსა და მომავლისათვის, რომ ეს იმთავითვე წაგებული თამაში იყო.

იოანესეულ ქებაზე ქართული ენისადმი, ტექსტის მისტიკურ ხასიათზე და მის მეტაფიზიკურ ბუნებაზე იმდენია ნაკვლევი, ნავარაუდევი და დაწერილი და თანაც ისეთი ხალხის მიერ, რომ მათთან გატოლება და ტექსტის ლაბირინთებში გახლართვა, ძალიან დიდი ამპარტავნება იქნებოდა ჩემი მხრიდან.

არც ენათმეცნიერი გახლავართ და არ თეოლოგი. მე სოციალურ მეცნიერებებთან ვარ დაკავშირებული და ტექსტიდან გამომდინარე, სოციალურ ასპექტზე მინდა, რომ თქვენი ყურადღება გავამახვილო.

დიდი იმპერიების ჩრდილში ყოფნამ, ჩვენში ორი ტიპის ადამიანი გამოკვეთა. ერთი გადაჭარბებულად აფასებს საკუთარ ქვეყანას, ხოლო მეორეს ოიკოფობიური (სამშობლოს მოძულეობა) დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. გადაჭარბებული წარმოდგე - რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, ძალიან ცუდი გზამკვლევია და ამაში მაშინ დარწმუნდა ქართველი, როდესაც საშოვარზე გადადებულმა, უცხოეთში ამოჰყო თავი. სირთულეების დაძლევა ბევრმა ვერ შეძლო და სამშობლოში მქონე რიხი ვერ გამოადგა. თუმცა, ნებისმიერს (ადგილობრივის ჩათვლით) უწევს კონკურენციას, ქართულ მარიფათს და შრომისმოყვარეობას თუ გამოავლენს. ოიკფობებისათვის კი, კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა სვე-ბედი. ყველაფერი უცხოს მოტრფილალეს და საკუთარის მგმობელს, მარტოობისთვის გაუწირას თავი. უცხოეთში პატივს არ სცემენ საკუთარის მაგინებელს, საკუთარი ენის, კულტურისა და ისტორიის არმცოდნეს. გააუფასურო ის, რაც გაქვს, ხოლო ფასი დაადო იმას, რაც შენი არ არის, სწორედ ეს არის უბედურების ალგორითმი! ასეთ ადამიანებზე, ჩვენმა გონებამახვილმა ხალმა, ენაკვიმატიანად თქვა: თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასო. რატომ გავაკეთე ასეთი შესავალი? იმიტომ, რომ იოანეს ქებაი-საგან, არაორდინალურ მოლოდინებს ავლენს პირველი ტიპის ქართველი. გარკვეულწილად ხდება ამ დაფარული ტექსტის გაპრიმიტიულება, ტექსტის, საკუთარი სურვილისამებრ გაგება - თითქოს მთელი მსოფლიო ქართულად ალაპარაკდება,

ან უფალი მეორედ მოსვლისას, მხოლოდ ქართულად განიკითხავს და მოჰკითხავს ცოდვებისათვის კაცობრიობას. ასე ფიქრი, ალბათ, არ ივარგებს.

ჩვენ, ალბათ, უნდა დავაკვირდეთ ბოლო დროს დაწყებულ სოციალურ მოვლენებს. ბოლო სიახლეებს, რომელსაც პოლიტიკური იდეოლოგია გვახვევს თავს. არა მარტო ჩვენ, ქართველებს, არამედ ყველას, ვისაც საკუთარი თვითმყოფადობის დაცვა არ ძალუძს. ეს არის ტრანსჰუმანიზმისა და პოსტჰუმანიზმის (ეს უკანასკნელი, ჯერ ჩანასახოვან მდგომარეობაშია) ანტიადამიანური სწავლება.

ახალი რელიგია და იდენტობის პოლიტიკა, სექსუალური უმცირესობები და ფემინიზმი, ეს უკვე მათი ჭარმაგი წინაპრები არიან. დღეს მათი შვილიშვილები თავდაყირა აყენებენ ადამიანზე და ადამიანურობაზე არსებულ ტრადიციულ წარმოდგენებს.

ამ მავნებლური ფილოსოფიის შემოქმედნი და ლობისტები, არავითარ რესურს არ იშურებენ იმისათვის, რომ ტრანს დღის წესრიგი დაინერგოს და მის მიმართ ტოლერანტულობა გაიზარდოს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ეჭქვეშ დააყენებს ბიოლოგიური კაცის ქალობას და პირიქით, უმძიმესი წნეხის ქვეშ ექცევა, სამსახურის დაკარგვით, ჯარიმებითა და ციხეში ჩაყუდებამდეც კი მიდის საქმე. აშშ, კანადა, ბრიტანეთი და სკანდინავიური ქვეყნები ლიდერობენ ამ საქმეში.

მაგალითი არის უამრავი, მათი აქ ჩამოთვლა მკითხველს გადაღლის. ვინც დაინტერესდება საკითხით, უამრავი საშუალება არსებობს (მიუხედავად ცენზურისა), რომ ადამიანმა მოიძიოს შესაბამისი მასალები. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებზე გავამახვილებ მკითხველის ყურადღებას. აშშ-ს დღევანდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, შემდეგი რამ განაცხადა Transgender Americans shape our nation’s soul (ამერიკელი ტრანსგენდერები, ჩვენი ნაციის სულს აყალიბებენ). საინტერესოა, როგორ? ამის შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა არ დააყოვნა და თავის თანამშრომლებს მკაცრად მოსთხოვა, რომ არ გამოეყენებინათ გენდერული ტერმინოლოგიები, როგორიც არის დედა, მამა და manpower ქართულად ცოცხალი ძალა. რადგანაც ფუძე არის Man/მამაკაცი. იდენტობის პოლიტიკა ვახსენე და მინდა გითხრათ, რომ ეს ახალი მეთოდია ადამიანების დაყოფისა, მათი ნამდვილი თუ ხელოვნური სქესის მიხედვით სეგრეგაციისა. მათი ცალკეულ ჯგუფებზე მიკუთვნება და ჯგუფის უზენაეს დებულებებზე დაქვემდებარება. მოდერნიზებული სექტანტობაა და შეიძლება ითქვას, რომ ეს მონობის თანამედროვე ფორმაც კი არის. რისთვის კეთდება ყოველივე, ადამიანის უფლებების დაცვისათვის? უმცირესობების გაძლიერებისათვის? კეთილ განზრახვასთან გვაქვს საქმე? თუ რაიმე სხვა ჩანაფიქრია? ჩემი აზრით, ეს არის მღვრიე წყალში თევზის დაჭერის მცდელობა. ძველის, ტრადიციულის მოშლისა და პოსტ-ადამიანის ახალი რაობის მეშვეობით, რომელიც ახალი ენით(ებით) იქნება გამყარებული, საკუთარი გლობალური დღის წესრიგის შექმნისა.

უდიდესი ენათმეცნიერი, ალექსანდრ ფონ ჰუმბოლტი აღნიშნავდა აზროვნების სფეროში, ენის მოქმედება გამორიცხავს მიღწეულ წერტილში გაჩერებას. ჭეშმარიტების გამოვლენა, კანონების განსაზღვრა რომლებშიც სულიერება ნათელ საზღვრებს პოულობს, ენაზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ ენა აძლევს ადამიანს შინაგანი ძალების განვითარების პირობას; როდესაც ჩვენ ვისწრაფვით უსასრულობისაკენ, ამ გზაზე პირველი იმპულსი, გამბედაობა და ენერგია, გვეძლევა ენისაგან.

ძალიან საინტერესო მოსაზრებაა. თუმცა, გარკვეულ კითხვებსაც აჩენს. ჯერ, მოდით, დავეთანხმოთ იმაში, რომ ენას არ შეიძლება ჰქონდეს მისაღწევი წერტილი. ეს უდაოა! მაგრამ ჰუმბოლტი ამბობს, რომ ჭეშმარიტების გამოვლენა, კანონების განსაზღვრა, რომლებშიც სულიერება ნათელ საზღვრებს პოულობს, ენაზე არ არის დამოკიდებული. აბა, რაზეა დამოკიდებული? ვნახოთ რას ქადაგებს პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: აწ უკუე სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ - სიტყჳთა ღმრთისაჲთა. მეორე საკითენა აძლევს ადამიანს შინაგანი ძალების განვითარების პირობას, როდესაც ჩვენ ვისწრაფვით უსასრულობისაკენ. განა ჩვენ სრულყოფილებისაკენ არ ვისწრაფვით?!

მათე მოციქული, სახარებიდან გვაუწყებს მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.

შესაბამისად, რწმ-ენა ამგვარი, მოგვეცა ღვთისაგან და არღარა მიდრეკილ ვართ არცა მარცხლ, გინა მარჯულ და არცა მივდრკებით თუ ღმერთსა უნდეს ამბობს გიორგი მთაწმინდელი.

ენა, ადამიანის რაობა-ვინაობის გამომხატველია. ადამიანის რწმენის, სამყაროს აღქმის, ჩვენი აზროვნების და გრძნობების გადმოცემის მექანიზმია.

სქესის ხელოვნური ცვლილება, ენაში(ებში) არსებული სტრუქტურის დარღვევის გამომწვევია. და თუ მართლაც ასეთი რამ დამართეს ადამიანთა ფართო ჯუფებს, ცალკეულ სახელმწიფოებს, ეჭვგარეშეა, რომ ეს მათ ენებსაც შეეხებათ. ირევა ენა, ირევა ყველანაირი რწმენა-წარმოდგენები. ყველაფერი თავდაყირა დგება. ყველაფერი კარგავს ჭეშმარიტ მნიშვნელობას და ღმერთის მიერ შექმნილი წესრიგი/კოსმოსი, თვალსა და ხელს შუა, ქაოსად გადაგვექცევა!

ამას წინათ, იდეოლოგიის მეხოტბე მეცნიერულ ჟურნალში, რომლის ტირაჟირებასაც არ ვაპირებ, საოცარ ტექსტს გადავწყდი. განსაკუთრებული ყურადღება, აი, ამ მონაკვეთმა მიიპყრო: მაგალითისთვის, ინგლისურენოვან ქვეყნებში LGBTQ+ თემის წარმომადგენლებს ან ინტერსექს ადამიანებს გენდერის აღმნიშვნელი პირის ნაცვალსახელის (gender pronoun) პრეფერენცია აქვთ (he, she, they/them და ა.შ). მათვის ამა თუ იმ პირის ნაცვალსახელით მიმართვა გენდერული იდენტობის სოციალური ლეგიტიმაციის მისაღებადაა მნიშვნელოვანი. თუმცა, იმავე თემის ქართველი წევრებისთვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და მათთვის ქართული რეალობაა პრიორიტეტული, პირის ნაცვალსახელები იდენტობის ნაწილი არაა, რადგან ქართულ ენაში გენდერის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები არ გვაქვს.

რა ბედნიერებაა, რომ არ გვაქვს!!

და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული – მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა.

მეგობრებო, ალბათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ენა, ბუნებრივად არ და ვერ მიიღებს-შეითვისებს, ადამიანის ამ ხელოვნურ ტრანსფორმაციას, ვერც მისი სქესისა და ვერც მის ცრუ აღმნიშვნელებს!! ქართველი ადამიანი, ქართული ენის მეშვეობით, შეინარჩუნებს ღვთის კანონებით შექმნილ სამყაროზე წარმოდგენას. მთელი მსოფლიოს ენებმა, რომ მიიღოს ხელოვნურად გამოყვანილი პოსტ-ადამიანის უაზრო ტერმინოლოგიები, ქართული ენა არ დაექვემდებარება გლობალური ქაოსის უწესობას!

და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან.

ქებაი და დიდებაი იოანე ზოსიმეს, მის ღვთივგანბრძნობილ გულს. მის სამშობლოსადმი ერთგულებასა და სიყვარულს,

მის შრომასა და თავდადებას!

Gami ამინ!
5 თვის უკან
amo უდიდესი მოწიწებით, ქედის მოხრით წინაპრების ხსოვნას.
4 თვის უკან