რა შეიცვლება საქართველოს ფარმაცვტულ ბაზარზე ევროპული კომპანიების შემოსვლის შემდეგ, მოხდება თუ არა ფასების შემცირება? ეს კითხვები ყველაზე მეტად მომხმარებელს აწუხებს. ჯერჯერობით პასუხი გარკვეული არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბაზარს ახალი მსხვილი მოთამაშეები შეემატებიან. თუკი ისინი საქართველოში წარმოებას წამოიწყებენ, მაშინ ვითარება მკვეთრად შეიცვლება. ჯერ ახალი ინვეტორების ვინაობისა და გეგმების შესახებ დეტალები ცნობილი არ არის.
საქართველოს ბაზარზე უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, დასრულებულია. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საუბარია, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, უნგრეთისა და ისრაელის ფარმაცევტულ კომპანიებზე.
მინისტრმა ახალი კომპანიების შემოსვლის კონტექსტში საუბრისას, ხარისხის კონტროლის სისტემაც ახსენა. „ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად მოვახერხებთ ხარისხის კონტროლის სისტემის ამუშავებას, რომ ბაზარი გაიხსნას და ეს კომპანიები შემოვიდნენ“, - განაცხადა მინისტრმა.
იმაზე, რომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლი აუცილებელია, ყველა თანხმდება. წამლის სააგენტოს ყოფილმა უფროსმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ „პეესპეს“ და „ავერსს“ კარგი ლაბორატორიები აქვთ, მაგრამ ისინი წამლის ბაზრის 90%-ს ინაწილებენ. „შესაბამისად, საკუთარ პროდუქციას კონტროლს რამდენად კეთილსინდისიერად უწევენ, ეს საკითხავია“, - აღნიშნა ბარამიძე.
ექსპერტის თქმით, ქართული ფარმაცევტული კომპანიები, ძირითადად, არა წარმოებას, არამედ, დისტრიბუციას ეწევიან. ამასთანავე, შემოაქვთ წამალი და საქართველოში მის „დაბლისტერებას“ და შეფუთვას ახორციელებენ.
„კანონის მიხედვით, ექსპორტიორმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სპეციალისტების მივლინება წარმოების ადგილზე. ჩემი ხელმძღვანელობის პირობებში არაერთხელ მივმართე, მაგალითად, „ავერსის“ დამფუძნებელს, ინდოეთიდან შემოტანილი წამლების მონიტორინგი უშუალოდ ქარხანაში ჩაგვეტარებინა. მაინტერესებდა, საერთოდ, არსებობდა თუ არა მსგავსი საწარმო, თუმცა მიწერ-მოწერა უსაშველოდ გაიწელა, შემდეგ კი დახმარებისთვის ძველ ხელისუფლებაში თავის „ლობისტებს“ მიმართა“, - განაცხადა ბარამიძემ.
წამლის სააგენტოს ყოფილი უფროსის განცხადებით, მთავარ პრობლემად არა ლაბორატორია, არამედ წამლის ხარისხის შესახებ არსებული კანონმდებლობა რჩება, რომელიც დღეს, ძირითადად, უვნებლობაზეა ორიენტირებული. „წამალი არ გავნებს, მაგრამ არც განგკურნავს, სამაგიეროდ, მოსახლეობა ამაში ფულს ყრის“, - აღნიშნა ბარამიძემ სააგენტო „ბიპიენთან“ საუბრისას.
„პეესპე აფთიაქის“ დამფუძნებელი და პარლამენტარი, კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რომელი უცხოური ფარმაცევტული კომპანიები შემოვლენ საქართველოში. ის კომპანიები, რომლებიც უნდა შემოვიდნენ, არიან მწარმოებლები, ის მათ შემოსვლას მხოლოდ მიესალმება.
„თუკი აწარმოებენ პროდუქციას ადგილზე, გაყიდიან ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტზეც გაიტანენ, მე ამას მხოლოდ მივესალმები, რადგან ეს ნამდვილად შეუწყობს ხელს ბაზარზე მეტ კონკურენციას“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.
თუმცა, დეპუტატმა დასძინა, რომ თუ აღნიშნული კომპანიები შემოვლენ მხოლოდ მედიკამენტებით ვაჭრობის მიზნით, მაშინ მისთვის მათი შემოსვლის მიზანი და სარგებელი გაუგებარია.