პარლამენტი, 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე, კრიტიკული იქნება. ყოველ შემთხვევაში, for.ge-სთან საუბარში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ ბიუჯეტის მილიარდიანი „გარღვევა“ ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული, მაგრამ საკანონმდებლო ორგანო 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ჩაბარებისას, ბევრად უფრო მომთხოვნი იქნება.
დავით ონოფრიშვილმა დღეს, ქართულ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე, საგარეო ვალზე, სოციალურ პროექტებსა და ოპონენტთა ბრალდებებზე ისაუბრა.
დეპუტატის შეფასებით, მომავალი წლის ბიუჯეტი ყველაზე გამჭვირვალეა, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში მომზადებულა და მასში გაწერილია ყველა ხარჯი, მათ შორის - საგარეო ვალი და „სხვა ხარჯების“ მუხლებიც.
„პარლამენტმა იცის, თუ რა მიმართულებით დაიხარჯება თითოეული ლარი. შესაბამისად, ვიცით თუ რა მოვთხოვოთ მთავრობას ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. 2014 წლის ბიუჯეტი ყველაზე გამჭირვალე ბიუჯეტია, სადაც გაშიფრულია ყველაფერი, მათ შორის საგარეო ვალები, რომელზეც დიდი კამათია. თუმცა, წინა ხელისუფლების პირობებში, საგარეო ვალზე კამათიც კი შეუძლებელი იყო, რადგან წინა მთავრობა ინფორმაციას არავის აძლევდა“, - აცხადებს ონოფრიშვილი, რომელიც ყურადღებას სოციალურ პროექტებზე ამახვილებს.
კანონმდებელის განცხადებით, ახალი მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამებით, თითოეულ ოჯახმა დაახლოებით, 1500-2000 ლარი დაზოგა.
თანხების დაზოგვის თვალსაზრისით, ონოფრიშვილმა ყურადღება პენსიების ზრდაზე, საყოველთაო დაზღვევაზე, წიგნების უფასო დარიგებასა და საბავშვო-ბაღების გადასახადიდან გათავისუფლების საკითხებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოში საპენსიო რეფორმაზე მუშაობა დაიწყება, მომავალში, პენსია ბიუჯეტთან აღარ იქნება მიბმული და ქვეყანაში დაგროვებითი პენსია იქნება შემოღებული, რითაც შესაძლებელი იქნება ღირსეული პენსიის გაცემა.
აღსანიშნავია, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული აქცენტი საგარეო ვალზე გააკეთა და წლების განმავლობაში აღებული ვალების სქემები წარადგინა.
„ძირითადი პარამეტრი, რომლითაც მთავრობის ვალის სიმძიმე იზომება, არის მთლიანი შიდაპროდუქტი, ამ მხრივ კი, მომავალი წლის ბიუჯეტში მთლიანი ვალი მშპ-ს 35.4 პროცენტს წარმოადგენს, მაშინ როცა წინა წლებში მისი ოდენობა 41-42%-მდე მერყეობდა. შესაბამისად, არსებულ მონაცემებში პანიკის საფუძველს ვხედავ, განსხვავებით ნაციონალებისგან, რომელთა მთავრობაში ყოფნის დროს, საგარეო ვალის პროცენტული მაჩვენებელი 40-45 პროცენტში მერყეობდა. ამას გარდა, კარგად გემახსოვრებათ, რომ მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ვალის 60 პროცენტამდე აყვანა შეგვიძლიაო. დიდი ეჭვი მაქვს, სააკაშვილი იმდენს იზამდა, რომ ვალს მართლაც 60 პროცენტამდე აიყვანდა. ამჟამად, ვალთან მიმართებაში ჩვენი მდგომარეობა, აბსოლუტურად სტაბილურ ვითარებაშია და ეს იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ვალის დაფარვა შეიძლება და გადახდისუნარიანები ვართ. ვალი ეკონომიკას არ დააწვება, როგორც ამჟამად ატეხილია ამბავი. ეს ან უვიცობაა, ან მიზანმიმართული დეზინფორმაცია“, - აღნიშნავს დეპუტატი, რომელიც მომავალ წელს, ინვესტიციების შემოდინებას პროგნოზირებს.
კანონმდებელის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ქვეყანაში ინვესტიციები 20-25 მილიონით მეტი შემოვიდა, ვიდრე ამ დროს იყო შარშან.
„სერიოზულ შემოდინებებს მომავალ წელს ველით. ამას გარდა, ქართული ეკონომიკა მცირე ტემპით იზრდება და წელს, 5 პროცენტიან ზრდას ველით. მთლიანი შიდა პროდუქტი კი 3,9 პროცენტი იყო და პარლამენტშიც ამიტომ არის სიჩუმე. ბოლო ორი თვეა, რაც საკანონმდებლო ორგანოში შიდა პროდუქტის ზრდასთან დაკავშირებით, საუბარი არ გვესმის“, - ამბობს ონოფრიშვილი.
რაც შეეხება for.ge-ს კითხვას - „თუ რატომ მოხდა 2013 წლის ბიუჯეტის მილიარდი ლარით „გარღვევა“? რატომ არ არის პარლამენტი კრიტიკული მთავრობასთან მიმართებაში და ნაციონალების მსგავსად, პარლამენტი აღმარულებელ ხელისუფლებას ხომ არ „აფარებს“ ხელს?, - ონოფრიშვილი პასუხობს, რომ 2013 წლის ბიუჯეტის ანგარიშის მოსმენისას, პარლამენტი უფრო მომთხოვნი იქნება.
კანონმდებელის თქმით, პარლამენტში, უახლოეს მომავალში, 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში იქნება წარმოდგენილი და მას თანდართული ექნება აუდიტის სამსახურის დასკვნა.
„რაღაც რომ იყო დაგეგმილი და ვერ შესრულდა, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ამის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები არსებობს. იმიტომ, რომ კოაბიტაციის მახინჯი წელი იყო და პრეზიდენტი ოპოზიციონერი, მთელი რიგი საინვესტიციო პროექტები ვერ შესრულდა. ბიუჯეტის „გარღვევა“ რამდენიმე ობიექტური ფაქტორისგან არის გამოწვეული და ამას ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ. თუმცა, 2013 წლის ბიუჯეტის ანგარიშის მოსმენისას, ბევრად უფრო მომთხოვნები ვიქნებით და 2013 წლის კრიტიკული შეფასება მოხდება“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც 9 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული მიმდინარე კვირას დაამტკიცა. 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე კი, კანონმდებლები დეკემბრის ბოლომდე იმსჯელებენ.