უკრაინაში მიმდინარე პროცესების ტემპერატურის მატებასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობა“, ყველაზე მეტად კი მისი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააქტიურდა. საინტერესოა რა დივიდენდებს ელოდება „ფერადი“ რევოლუციების პირმშო, რომელსაც საქართველოში უკვე პოლიტიკურ წარსულად თვლიან.
სააკაშვილის განცხადებების შინაარსის გათვალისწინებით, საქართველოში მის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით პესიმიზმის საფუძველი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ერთია, რა სურს სააკაშვილს, და მეორე, რისი შანსი გააჩნია. როგორც ჩანს, თავად თვლის, რომ უცხოეთში პოლიტიკური ქულების დაგროვება სამომავლოდ სამშობლოშიც შეიძლება წაადგეს.
ბოლო დღეების განმავლობაში სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და შეხვედრებს თუ გადავავლებთ თვალს, აშკარაა, რომ დასავლეთის თვალში პოლიტიკური გააქტიურების მცდელობასთან გვაქვს საქმე. სიახლე არ არის, რომ სააკაშვილის განცხადებები და ქმედებები მხოლოდ დასავლეთზეა გათვლილი. ეს ხდება მისი პრეზიდენტობის შემდეგაც და ეს ხაზი მუდმივად ფიგურირებდა მისი ძალაუფლებაში ყოფნის პერიოდშიც.
შესაძლოა, მის ამ ტაქტიკას წლების მანძილზე შეცდომაშიც შეჰყავდა დასავლელ პოლიტიკოსთა ნაწილი, მაგრამ საქართველოში ჩატარებულმა ბოლო ორმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მობრუნების უმცირესი შანსი აქვს დარჩენილი.
როგორც ექსპერტი ნანა დევდარიანი თვლის, სააკაშვილი საერთაშორისო ასპზრეზზე იმიტომ აქტიურობს, რომ აქ აღარავის აინტერესებს მისი ამბები.
„უმტკიცებს დასავლეთს, რომ მასავით დასავლეთის ერთგული არავინ არის. მთელი ეს დროშის ფერებში სიარული, უკრაინაში ჩასვლა და ჭმუნვა იმაზე, რაზეც ათასჯერ უარესი აქვთ აქ გაკეთებული, ემსახურება მხოლოდ ამას“, - აცხადებს დევდარიანი.
სააკაშვილი საკუთარი აქტივობის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს, მაგალითად, ორიოდე დღის წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს უმაღლესი საბრძოლო ჯილდო ყველა დროის, ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ მხედართმთავარს, ავღანეთის და ერაყის ოპერაციებისა და ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური შტაბის ყოფილ მეთაურს, ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს - გენერალ დევიდ პეტრეუსს გადასცა, საქართველოს ჯარის მშენებლობისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - დაჯილდოვების შესახებ განკარგულებას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო დღეს მოეწერა ხელი.
ყოფილი პრეზიდენტის „ფეისბუქის“ მეშვეობით ასევე ვრცელდება ინფორმაცია სააკაშვილის ამერიკელ პოლიტიკოსებთან შეხვედრების შესახებ.
სააკაშვილი აქტიურობს უცხოურ მედიასთან ურთიერთობაშიც, „ჩვენ რომ რადიკალური რეფორმები არ გაგვეტარებინა, შესაძლოა, ხელისუფლება კიდევ უფრო დიდხანს შეგვენარჩუნებინა“,-აცხადებს სააკაშვილი უკრაინულ ტელეკომპანია TBI-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, ყველაფრის თავიდან გაკეთება რომ მოუწიოს, კიდევ უფრო რადიკალური იქნებოდა და უფრო მეტს გააკეთებდა განათლების სფეროში.
„ჩემი აზრით, ახალი თაობა გაიზარდა, ბევრი მათგანი საკუთარ თავს მიშას თაობასაც კი უწოდებს. ეს ადამიანები ისევ საქართველოში არიან და ქვეყნის წარსულში დაბრუნებას არასდროს დაუშვებენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
უკრაინულ ტელეკომპანიასთან საუბრისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თავად არ დაღლილა, თუმცა ხალხს სჭირდება მისგან დასვენება.
„რა იქნება მერე, ახლა ამის თქმა მიჭირს. ეს ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, სამწუხაროდ, გეოპოლიტიკურ ფაქტორზეცაა დამოკიდებული, იმაზე თუ რა იქნება ჩვენს ქვეყანაში, ასევე უკრაინაში. ახლა საქართველოს ბედი და გარკვეულწილად ჩემი ბედიც (იმიტომ, რომ ამ რეგიონის საზოგადოების ნაწილი ვარ), იმაზეა დამოკიდებული, თუ რა იქნება უკრაინაში. შეძლებს თუ არა უკრაინა საბოლოოდ ევროპაში გარღვევას თუ ანტიევროპული, პროპუტინური ძალები შეძლებენ აქ საკუთარი პოზიციების გამყარებას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ევროპული ლოგიკა და აზროვნება სააკაშვილის ტყუილის მასშტაბებზე არ არის გათვლილი.
„სააკაშვილმა თვითონ არ იცის, რომ რეფორმების კი არა, ციხის თემა იყო აქტუალური არჩევნების წინ? თუ არ იცის, ბოდიში რატომ მოიხადა ამ თემაზე? - ძალიან კარგად იცის ყველაფერი, უბრალოდ არ ერიდება ტყუილს. ევროპელებთან ასეთი ტყუილები რომ არ გადიოდეს, არ იტყოდა მსგავს რამეს. სამწუხაროდ, ტყუილის ის ხარისხი, რაც შეუძლია, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაახმოვანოს, გულუბრყვილო ევროპელებს ვერც კი წარმოუდგენიათ რომ არსებობს - თვლიან რომ 100- სიტყვიდან 50 მაინც მართალია - 100-დან 100-ვე რომ ტყუილია, ამისი დაჯერება ცოტა უჭირთ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
სააკაშვილი უკრაინელებს დემოკრატიის გაკვეთილებსაც უტარებს და აცხადებს, რომ თურმე, საქართველოში გამართული აქციების დროს, ხელისუფლებას „თითი არ გაუნძრევია“, აქციები ისე დაიშალა.
ნანა დევდარიანი: „ეს კაცი რომ პათოლოგიური მარტყუარაა, უკრაინელებმა თუ არა, ჩვენ მაინც ხომ ვიცით! თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ეს უკრაინაშიც არ იცოდნენ. ნებისმიერ გამოსვლაში შავზე თეთრს ამბობს და არც ეს არ არის გამონაკლისი. ეს ემსახურება იმას, რომ დიადი დემოკრატია - ჩერჩილისა არ იყოს, ომი მოვიგე და აღარ ამირჩიესო, ეს ამბობს რეფორმები გავატარე და იმიტომ აღარ ამირჩიესო. უკრაინელები მის სიმართლეს იმის მიხედვით მაინც უნდა მიხვდნენ, რა ტიპის რეფორმებს ითხოვს მისგან ევროპა. ის რომ „თითი არ გაუნძრევია“ და აქციები თვითონ იშლებოდა, გასაგებია, ჯერ არ უთქვამს, საქართველოში აქციები საერთოდ არ ყოფილაო“?!
არსებობს მოსაზრება, რომ სააკაშვილი ამ ეტაპზე დივიდენდებს აგროვებს, საქართველოში კი მას შემდეგ გააქტიურდება, რაც ქვეყანას ეკონომიკური კრიზისი შემოუტევს. მსგავსი რამ მართლაც მოხდება თუ არა, ძნელი სათქმელია, მაგრამ როგორც ამბობენ, ნაციონალთა რიგებში სოციალური პრობლემების ფონზე ხალხის ხელისუფლების წინააღმდეგ გააქტიურების და ხელისუფლებაში დაბრუნების გეგმა დიდი ხანია, განიხილება.
რამაზ საყვარელიძე: „სააკაშვილს და მის გუნდს რაღაც ანალოგიური გათვლა რომ აქვს, ჩანს თუნდაც იმაში, რომ არა მარტო ოპოზიციონერის როლი მოირგეს, არამედ ყველა წვრილმანზე იძლევიან რეაქციას და ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის გადახრა მოახდინონ. მაგალითად, რომ თითქოს, ევროპასთან ურთიერთობის სურვილი არ აქვს ამ ხელისუფლებას და ამიტომ დადგენილებას არ იღებს ან სვანების თემა წამოიწია იმიტომ, რომ ეს რუსეთის ჩაწყობილია, რომ გაყოს საქართველო თუ რაღაც ამდაგვარი - პრაქტიკულად, ყველა მსხვილმან თუ წვრილმან ამბავზე წამგებიანი თუ მომგებიანი პოზიციით დაპირისპირებას აქვს ადგილი, რაც ნიშნავს, რომ ეს გუნდი აპირებს ბრძოლას, არ არის გულხელდაკრეფილი და თანაც აპირებს ბრძოლას დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაციის ხარჯზე. ამას რამდენად შეუწყობს ხელს დღევანდელი ხელისუფლება, ეს სხვა საკითხია“.
ნანა დევდარიანი: „სოციალურ აფეთქებაზე ნურც იოცნებებს იმიტომ, რომ საქართველოს არ ახსოვს მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, ხალხი სოციალური თემების გამო გარეთ გამოსულიყო. თუ გარეთ გამოვა, გამოვა იმიტომ, რომ ნაციონალები კიდევ ამდენს ბედავენ, ამდენს ლაპარაკობენ და იქით სდებენ ვალს. მსგავსი წინაპირობები იყო და ამ კონტექსტში განვიხილავ ჯაჭვლიანისა და ბარამიძის ინციდენტსაც - არ არის სამართლიანობა აღმდგარი. ადამიანთა ნაწილი თავს ვერ თოკავს, ნაწილი თვითონ ცდილობს სამართლიანობა აღადგინოს და ეს არაფერ კარგს არ მოიტანს. ასე რომ, ყველანაირი გამწვავება ისევ ნაციონალებისთვის იქნება საშიში“.
აისრულებს თუ არა ოცნებას სააკშვილი, ძნელი სათქმელია, არგუმენტად მისი, რაც არ უნდა დაბალი რეიტინგი რომ მოვიშველიოთ, ფაქტია და არც უარყოფს, რომ სამომავლო გეგმები აშკარად გააჩნია. გვახსოვს სააკაშვილი „ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდშიც, როდესაც მას სერიოზულ პოლიტიკოსად ცოტა თუ აღიქვამდა და მასზე თვით ზურაბ ჟვანიას გუნდიც კი ღიმილით საუბრობდა. მაშინ სიტუაცია იმგვარად შემობრუნდა, რომ ოპოზიციურ სამეულს, ხელისუფლება, შეიძლება ითქვას, მათთვის მოულოდნელადაც კი ჩაუვარდა ხელში. დღეს ისეთი აქტივები, როგორიცაა ხალხში შეუბღალავი რეპუტაცია და მაღალი ნდობა, სააკაშვილს უკვე აღარ გააჩნია, აღარც ჟვანია და ბურჯანაძე ჰყავს გვერდით. მოახერხებს თუ არა მხოლოდ დასავლეთის მხარდაჭერის ხარჯზე საკუთარი პოლიტიკური მომავლის დაბალანსებას, ძნელი სათქმელია. სააკშვილს როგორც ჩანს, ევროპაში მორიგი გეოპოლიტიკური გადათამაშების დიდი იმედიც აქვს და შესაძლოა, იმის ილუზიაც, რომ ხვალ ან ზეგ დასავლეთი მას საქართველოს ხელმძღვანელად დანიშნავს. საქართველოში არსებული საზოგადოებრივი განწყობებისა და გამოცდილების გათვალისწინებით კი, ძალზე რთულია სააკაშვილმა მოიპოვოს მთავარი - ხალხის მანდატი, რაც ხელისუფლების ხელში ასაღებად არის საჭირო.
რამაზ საყვარელიძე: „რაზეა ორიენტირებული ეს ერთია, რამდენად რეალურია ეს ორიენტაცია - სხვაა. ხალხმა როგორც ხელისუფლება „ქართული ოცნება“ შეიძლება არც აირჩიოს მომავალ არჩევნებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხის რჩეული „ნაციონალური მოძრაობა“ გახდება, რომლის ნამოქმედარი ხალხს ახსოვს და იმედია, მომავალში კიდევ ემახსოვრება.
არ მგონია აღიდგინოს სააკაშვილმა ძველი იმიჯი და ეს კარგად ჩანს დასავლეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯებიდან. როგორც ვაკვირდები, გარდა გარკვეული წრეებისა, რომლებსაც ისედაც ჰქონდათ ურთიერთობა სააკაშვილთან, ასე ვთქვათ, სააკაშვილის მეგობარი პარტიების გარდა, დასავლეთში ეს თემა დაამთავრეს. პარაფირების პროცესს ხელი არაფერმა შეუშალა, ტემპიც კი არ შეუნელებია. მეორე მხრივ, ვაკვირდებით აშშ-ს ელჩის მოქმედებებსა და განცხადებებს, საიდანაც აშკარად ჩანს მისი განწყობა - კერძოდ, რომ დიდად არ ნანობს სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლას, არც როგორც პიროვნება და არც როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, რაც ბუნებრივია - ობამას ფავორიტი სააკაშვილი არასდროს არ ყოფილა. ასე რომ, ვის თვალში აღდგება მისი იმიჯი, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, ვიმეორებ, თუ არ მოხდა შეცდომების კასკადი დღევანდელი ხელისუფლბის მხრიდან. ასეთი შეცდომების კასკადი კი ნამდვილად არ ჩანს.
ნანა დევდარიანი: „სააკაშვილი ყველანაირად ეცდება ხელისუფლებაში დაბრუნდეს ამა თუ იმ სახით. არც რევოლუციაზეა უკან დამხევი. უბრალოდ, საქართველოში აღარ მეგულება ისეთი ადამიანები, რომ ისევ „გადაყლაპონ“ ის სიცრუე, რაც იყო 2003-ში. გახსოვთ, რა ლოზუნგებით მოვიდა? - „თავისუფლება“, „დემოკრატია“ და ა.შ. - რა იყო შემდეგ 9-10 წელი, ყველამ ვნახეთ.
მიშას გათვლა აქვას მხოლოდ საკუთარ თავზე, მისი ლოგიკა ასეთია: რაც უარესი - მით უკეთესი. რაც უფრო ცუდად იქნება საქმე საქართველოში, გნებავთ უკრაინაში, ან მთელ მსოფლიოში, ის ურჩევნია. ეს არის კაცი, რომელიც მღვრიე წყალში იჭერს თევზს და ყოვეოლგვარი მღვრიე სიტუაცია აწყობს“.
გარდა ხელისუფლებაში დაბრუნების წყურვილისა, სააკაშვილს შესაძლოა, სხვა ასპექტებიც ამოძრავებდეს. ნანა დევდარიანი თვლის, რომ აქ მეორე მომენტიც არის გასათვალისწინებელი:
„ყველანაირად ეცდება რომ დიდი აჟიოტაჟი შექმნას საკუთარი თავის გარშემო, რომ არ დაიჭირონ. თუ დაიჭერენ, ყვირილს დაიწყებს, - უკრაინაში რომ დემოკრატიას მხარს ვუჭერდი, იმიტომ დამიჭირეს პუტინის დაკვეთითო. ისედაც იძახის, რომ თურმე პუტინს ფული ჰქონია გადახდილი მისი ხელისუფლებიდან გაშვებაში. მის ფანტაზიას ჯებირები არ გააჩნია და თავისიანებიც ჰყავს. ბევრნი არ არიან, მაგრამ ვინც არიან... დააკვირდით, როდესაც პოლიტიკაში იყო, მუდმივად თავდასხმის რეჟიმში იმყოფებოდა და დღესაც ასეა. თავდასხმა კი თავდაცვის სუკეთესო საშუალებაა“.
ლოგიკურიცაა - პოსტსაბჭოთა სივრცეში ფერადი რევოლუციების გულმხურვალე მხარდამჭერი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივი დევნა მართლაც საკმაოდ ხმაურიანი საქმე იქნებოდა. მთელი ამ კამპანიით კი სააკაშვილი და მისი გუნდი (რომელიც შემორჩა), ხელისუფლებაში დაბრუნებას თუ ვერა, საკუთარი თავის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მაინც მოახერხებს. თუმცა, ესეც ახალი ხელისუფლების ნებაზე, მის ნიჭზე, უნარსა და გამჭრიახობაზეა დამოკიდებული - შეძლებენ და „გააჩუმებენ“ ნაციონალებს თუ უცხოური ტრიბუნებიდან და მედიიდან საკუთარი თავის მადისკრედიტირებელი ინფორმაციის მოსმენას ისევ მოთმინებით გააგრძელებენ.