აზერბაიჯანული ბენზინი საქართველოში ბრუნდება. ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „სოკარი“ ფლობს, ივნისის ბოლომდე „ევრო-5“-ის გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად, ბენზინის წარმოებას გეგმავს. საქართველოში ამ სტანდარტზე დაბალი ხარისხის ბენზინის იმპორტი და რეალიზაცია აკრძალულია. შესაბამისად, აზერბაიჯანული საწვავი ბოლო რამდენიმე წელია ქვეყანაში აღარ იყიდებოდა.
ბაქოს ქარხანამ 2023 წლის მაისში დაიწყო დიზელის საწვავის წარმოება „ევრო-5“ სტანდარტების მიხედვით, 2024 წლის ივნისში კი გეგმავს დაიწყოს საავტომობილო ბენზინის წარმოება იგივე სტანდარტების მიხედვით. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ინფორმაციით, ქარხანა მიმდინარე ეტაპზე ახორციელებს ფართომასშტაბიანი მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტს. მისი სიმძლავრე ამჟამად შეადგენს 6,5 მლნ ტონას წელიწადში, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის შედეგების მიხედვით, ქარხანა დაპროექტდება კასპიის რეგიონის ყველა სახის ნავთობის გადასამუშავებლად. პროექტის დასრულება 2027 წელს იგეგმება.
მოდერნიზაციის შემდეგ ქარხანა გამოიმუშავებს წელიწადში 2 მლნ ტონა საავტომობილო ბენზინს, 2,9 მლნ ტონა დიზელის საწვავს, 1 მლნ ტონა თვითმფრინავის საწვავს და 390 ათასი ტონა ნავთობქიმიურ პროდუქტებს.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვახტანგ იობაშვილის თქმით, ქართველი იმპორტიორებისთვის ბევრად მოსახერხებელი და სარფიანი იქნება ამ ტიპის საწვავის აზერბაიჯანიდან შემოტანა, ვიდრე ევროპის ქვეყნებიდან ან რუსეთიდან.
„ბოლო წლებში ჩვენ შემოვიღეთ „ევრო 5“-ის სტანდარტი, რაც იმას, ნიშნავს, რომ უფრო დაბალი სტანდარტის საწვავი ქვეყანაში ვერ შემოვა. „ევრო 5“-ის საწვავს აზერბაიჯანი არ აწარმოებდა. შარშან მან თავისი ქარხნების გადაიარაღების პირველი ეტაპი დაამთავრა, პირველ რიგში, დიზელის საწვავზე და უკვე შემოდის იქედან დიზელი.
ახლა კი გვაქვს ახალი ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში შეგვეძლება აზერბაიჯანიდან „ევრო 5“-ის სტანდარტის ბენზინი შემოვიტანოთ. არსებობს კითხვა, თუ რა ოდენობით შეძლებს აზერბაიჯანი ამ ტიპის საწვავის მოწოდებას. რამდენიც დაგვჭირდება, იმდენს შემოგვთავაზებს? აზერბაიჯანზე უკეთესი მეგობარი ქვეყანა საქართველოს რეგიონში არ ჰყავს. ჯერ ერთი, იქიდან გამოგზავნილი საწვავი ერთ დღე-ღამეში უკვე შემოდის ქვეყანაში. ამაზე კარგი საშუალება რა უნდა იყოს?
იმედი გვაქვს, აზერბაიჯანელები შემოგვთავაზებენ იმ ფასს, რომელიც ჩვენთვის მისაღები იქნება და, რა თქმა უნდა, გვირჩევნია საწვავი შემოვიტანოთ იქედან, ვიდრე ევროპის ქვეყნებიდან ან რუსეთიდან. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არის კომპანია „სოკარი“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ამ სექტორში“, - განუცხადა „კომერსანტს“ იობაშვილმა.
მეგობრობიდან და პარტნიორობიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის ბაზარი ბევრად სტაბილური იქნება საქართველოსთვის ახლა, უბრალოდ, ფასია მნიშვნელოვანი. ბაქოს ბენზინი იმდენად იაფი უნდა ღირდეს, რომ კონკურენცია გაუწიოს რუსულ, ბელორუსულ და თურქმენულ საწვავს, რომელიც ბოლო პერიოდში უხვად შემოდის საქართველოში. აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარიც სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას თუ როგორი იქნება ღირებულების კომპონენტი - რა ფასად მიაწვდის აზერბაიჯანი ბენზინს საქართველოს.
„აზერბაიჯანის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის იქნება საინტერესო. უბრალოდ, აქ გასათვალისწინებლია ფასის კომპონენტი. თუ აზერბაიჯანული საწვავი ღირებულების მხრივ იქნება კონკურენტუნარიანი, სხვა მომწოდებლებთან შედარებით, მაშინ, რა თქმა უნდა, ინტერესიც მათკენ გადაიხრება. რა თქმა უნდა, ლოგისტიკური თვალსაზრისით, მეზობელი ქვეყნიდან იმპორტირება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა არის, ტრანსპორტირების მხრივ უფრო ადვილი იქნება მათგან ბენზინის შემოტანა. მოწოდების ხარჯიც გაცილებით ნაკლებია, ამიტომ ჩვენთვის ცალსახად იქნება საინტერესო. მთავარია, თვითონ აზერბაიჯანი რა ფასად მოგვაწვდის ბენზინს“, - განაცხადა ბაირახტარმა.