რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთგვარი „გეოპოლიტიკური ცვლილებების მართვის ცენტრია“, საიდანაც ხდება ყოფილ სსრკ-ის ქვეყნებში (და არა მარტო იქ) პრორუსული მთავრობების შენარჩუნება-მოყვანის სპეცოპერაციების კოორდინაცია. ეს მრავალწლიანი პროცესია. რუსეთის ხელისუფლება და პირადად - პუტინი, წლობით დიდი მოთმინებით უცდის შესაფერის მომენტს, რათა დასახული მიზანი შეასრულოს. ჩემი დაკვირვებით, რუსეთის „გეოპოლიტიკური სპეცოპერაციების“ პიკი დიდ საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკური და სპორტული (!!!) მოვლენების ჩატარების თარიღებს ემთხვევა, როდესაც რუსეთის „ბნელი გეგმების“ პასუხგასაცემად დემოკრატიული სამყარო ვერ იცლის.
თუნდაც 2008 წლის აგვისტოს „ცხინვალის ხაფანგი“ გავიხსენოთ: რატომ მაინცდამაინც 8 აგვისტოს, გამთენიისას დაიწყო პუტინმა მასირებული თავდასხმა საქართველოზე? იმიტომ, რომ იმ დღეს პეკინში იხსნებოდა XXIX ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელსაც 85 სახელმწიფოს მეთაური, 10 პრემიერ-მინისტრი და ათზე მეტი მონარქი ესწრებოდა. მათ შორის იყო რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი. პუტინმა, ბუშისგან განსხვავებით, კარგად იცოდა, თუ რა ხდებოდა და რა უნდა
მომხდარიყო საქართველოში. ფოტოზე ჯორჯ ბუშის გაოცებული გამომეტყველებაც ადასტურებს, თუ რა მოულოდნელი იყო ის საუბარი.
2008 წლის მეორე ნახევარი რუსეთის იმპერიული მიზნების განსახორციელებლად კიდევ იმიტომ იყო ხელსაყრელი, რომ მთელი მსოფლიო გლობალურ საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის უფსკრულის ფსკერზე იყო და შორეულ საქართველოში რუსეთის თავდასხმაზე მეტად ყველას საკუთარი შიდაპრობლემები (უპირველესად უმუშევრობა და ინფლაცია) ადარდებდა.
კიდევ იყო, შეიძლება ითქვას, ყველაზე მთავარი ფაქტორი, რამაც რუსეთის აგრესიის შედეგებზე ჩვენთვის ძალზე ნეგატიურად იმოქმედა: 2008 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში. ამ დროს ხომ მთელი ამერიკა შიდაპოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრობს, თანაც გამართლდა რუსეთის იმედებიც: საქართველოს დიდი მეგობარი, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ჯინ მაკკეინი დამარცხდა და დემოკრატმა ბარაკ ობამამ გაიმარჯვა. აშშ-ის პირველმა აფრო-ამერიკელმა პრეზიდენტმა თავის წინამორბედის საგარეო-პოლიტიკური კურსი კარდინალურად შეცვალა და რუსეთთან „დათბობის“, ე.წ. გადატვირთვის პროცესი დაიწყო. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ვიღას ახსოვდა? ზემოაღნიშნულმა გლობალურმა მოვლენებმა გადაფარეს ათი ათასობით ქართველი დევნილის ტრაგედია.
დაახლოებით იგივე განმეორდა 2014 წელს. ლონდონის ოლიმპიადის ჩატარების წინ, თებერვალ-მარტში, რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ტერიტორიის, ყირიმის ოკუპაცია და ანექსია მოახდინა. 2 აგვისტოს კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ლონდონში ოლიმპიადაზე ჩავიდა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონსაც შეხვდა. რა საკითხები განიხილეს? სირიაში
არსებული ვითარება, ოლიმპიადა. ასევე ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზეც. ყირიმის ანექსია? დევიდ კემერონს რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია არც გახსენებია. მით უფრო - არც პუტინს „მოუკლავს“ თავი.
საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ ადრე ჩადენილ აგრესიაზე რუსეთს და მის უცვლელ პრეზიდენტს საკადრისი პასუხი თავიდანვე რომ მიეღოთ, ნამდვილად არ იქნებოდა 2022 წლის 24 თებერვალი.
დავუბრუნდეთ პუტინის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი ადმინისტრაციის, კერძოდ - „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული ურთიერთობების სამმართველო (შემდეგ – „სამმართველო“)“ როლს. რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის დიქტატორი პუტინი იღებს, თუმცა ის ამ, საბჭოთა/რუსეთის მოქმედი და ვეტერანი თანამშრომლებით დაკომპლექტებული სტრუქტურის „ოპერატიულ ცნობებსა“ და „სტრატეგიულ ხედვებს“ მუდამ ითვალისწინებს.
ამჟამად ამ „სამმართველოს“ სტრატეგიული და ოპერატიული დაინტერესების სფეროა საქართველოში (ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში), სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, ბელარუსში, მოლდოვაში (ასევე, დნესტრისპირეთში), ყაზახეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში არსებული ვითარების შესახებ ღია და ფარული ინფორმაციის მოპოვება/მიღება, მისი ანალიზი და პუტინისთვის „ოპერატიულ ცნობებისა“ და „სტრატეგიული ხედვების“ მომზადება.
ღია წყაროების ანალიზი გულისხმობს: სამიზნე ქვეყნის ელექტრონული და ბეჭდვითი მასმედიის სისტემატიურ შესწავლას, სოციალურ ქსელებში ჟურნალისტების, ბლოგერების, პოპულარული ტელეგრამ-არხების და თვით ცალკეული მოქალაქეების პოსტების მონიტორინგს. რუსეთის სპეცსამსახურები და „სამმართველოს“ თანამშრომლები, – „სამხრეებიანი ჩინოვნიკები“, ასევე, ყურადღებით აკვირდებიან უცხოური გრანტებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. ამ გზებით ხდება როგორც პრორუსული, ასევე, ანტირუსული განწყობების მქონე პირებისა და ორგანიზაციების გამოვლენა.
„სამმართველო“ რუსეთის სპეცსამსახურებიდან იღებს მნიშვნელოვან ოპერატიულ ინფორმაციას, რომელიც ოპერატიულ-ტექნიკური და აგენტურული გზებითაა მოპოვებული. ესაა: ფარული აუდიოვიდეოკონტროლის შედეგები, აგენტურული ცნობები და სხვ. რუსეთის სპეცსამსახურები ადგენენ „გავლენის აგენტობის“ კანდიდატების ფსიქოლოგიურ პორტრეტებსაც, რაც ძალზე მნიშვნელოვანი სამიზნეა ქვეყანაში პრორუსული განწყობების მქონე აგენტების „გასაზრდელად“.
ყოველივე ამის შემდეგ პუტინის ადმინისტრაციის „სამხრეებიანი ჩინოვნიკები“ უშუალოდ მუშაობენ და ამყარებენ პირად კავშირებს სამიზნე ქვეყნის „ძველ“ და ახალგაზრდა პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ჟურნალისტებთან, რელიგიის მსახურებთან, დამოუკიდებელ ექსპერტ/პოლიტოლოგებთან, საზოგადოების „ცნობად სახეებთან“ (მათ შორის - მსახიობებთან, სპორტსმენებთან, მწერლებთან და ა.შ.). უნდა ვაღიაროთ, რომ სამწუხაროდ, პუტინის ხელისუფლებმა ხშირად აღწევს დასახულ მიზანს. პუტინის ადმინისტრაციის „სამხრეებიანმა ჩინოვნიკებმა“ სამიზნე ქვეყნებში წლების მანძილზე ღია და ფარული მუშაობის შედეგად შექმნეს რუსეთის „გავლენის აგენტების“ მრავალრიცხოვანი საიდუმლო ქსელი, რომელიც, კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე, ხან „დაკონსერვებულია“, ხან კი – აქტიური.
როგორც მოვლენების ანალიზი აჩვენებს მათი „გაცოცხლება“ სწორედ გლობალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სპორტულ მოვლენებს უკავშირდება.
2024 წელსაც ძალზე ბევრი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სპორტული მოვლენაა, რომელთა გამოყენებასაც რუსეთი აუცილებლად ცდილობს. ესენია: ევროპარლამენტის არჩევნები და ძალთა გადანაწილება ევროსტრუქტურებში; საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში; რაც მთავარია – საპეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, რომლის შედეგებზეც იქნება დამოკიდებული მსოფლიოს უახლოესი ათწლეულის გეოპოლიტიკური მომავალი.
უკვე, 18 ივნისიდან იწყება ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, მას პარიზის საზაფხულო ოლიმპიური თამაშები გააგრძელებს: ასეული მილიონობით ადამიანი ტელევიზორებში იქნება „შევარდნილი“ და რუსეთის ხელისუფლებასაც საკუთარი „ბოროტი ზრახვების“ ჩაფარცხვის იმედი აქვს. ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო.