ლარის მკვეთრი დევალვაციისა და ქვეყანაში არსებული დაძაბულობის გამო, ყველა უკვე ფასების ცვლილებაზე საუბრობს. მართალია, ეს სამომხმარებლო ბაზარს მყისიერად არ დაეტყობა, მაგრამ გაძვირება ნამდვილად დაიწყება და განსაკუთრებით საგრძნობი შემოდგომიდან, სწორედ არჩევნების წინ გახდება.
როგორც ირკვევა, ფასების მიმართულებით არსებითი ცვლილებები ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის. დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ აღნიშნა, თუ სავაჭრო პარტნიორ ვალუტებთან მიმართებით ეროვნული ვალუტა კიდევ გაუფასურდა ან ამ ნიშნულზე დარჩა, ბუნებრივია, აისახება პროდუქციის ღირებულებაზე.
„თუ დოლარის კურსი არსებულ ნიშნულს დაიჭერს, ფასის ცვლილება არ იქნება ჩქარი, მაგრამ თუ დოლარის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, ფასის ცვლილება კომპანიებისთვის გარდაუვალი გახდება. ჩვენდა სამწუხაროდ, ვართ იმპორტიორები და ვალუტა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ფასზე, რომელიც მომხმარებელს ხვდება თაროზე“, - აღნიშნა რიჟამაძემ.
დაახლოებით იმავე პოზიციას იზიარებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი. ისიც ადასტურებს, რომ თუ ლარის გაუფასურება კიდევ გაგრძელდება, ეს საწვავის ფასზე აისახება. მსხვილი იმპორტიორები ამ დრომდე სტაბილურ ფასებს ინარჩუნებდნენ, თუმცა გაუფასურების უკვე არსებული მაჩვენებელი, გასათვალისწინებელია.
„ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით ლარის კურსის ცვალებადობას და თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებთ გათვლებს. ბუნებრივია, რომ რაც უფრო სტაბილური იქნება ჩვენი ეროვნული ვალუტა, მით უფრო სტაბილური იქნება ყველა სავაჭრო ობიექტი.
ვართ მოლოდინში. თუ ძალიან გრძელვადიანი იქნება ვალუტის გაუფასურება, რაც არა მგონია რომ ასე იყოს, ბუნებრივია, იმოქმედებს ნავთობის ბაზარზეც, ხოლო თუ გაჩერდება, სტაბილურობას შევინარჩუნებთ.
მაგალითად, თუ 1 კვირის განმავლობაში ლარი აჩვენებს უარყოფით ტენდენციას. ახალი პარტიების შემოტანაზე უკვე მოქმედებს ასეთ დროს კურსის ცვლილება. საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ჩვენ ვალდებული ვართ, მივყვეთ პროცესებს. ვერ გეტყვით, რომ არაფერს ნიშნავს ეს გაუფასურება. ვისურვებდი, რომ ტენდენცია არ გაგრძელდეს და მოგვეცეს საშუალება, რომ დავიკავოთ სტაბილური ფასი. როცა ლარი არასტაბილური ხდება, ეს მოქმედებს ყველაფერზე“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ იობაშვილმა.
მიმდინარე ფაქტორების გათვალისწინებით, დაახლოებით რა პერიოდშია მოსალოდნელი სამომხმარებლო ფასების ცვლილება? ფინანსისტი მიხეილ თოქმაზიშვილი ამბობს, რომ ამის განსაზღვრა წინასწარ რთულია, რადგან ლარის გაუფასურების ეკონომიკური ფაქტორები ამ ეტაპზე საკმაოდ მყარია, შესაბამისად, გაუფასურება პოლიტიკური არასტაბილურობით არის გამოწვეული.
ამ ფონზე, სამომხმარებლო ფასებზეც გავლენას იქონიებს ის, თუ რა მდგომარეობა იქნება ქვეყანაში სტაბილურობის კუთხით. მისი თქმით, შედეგი პირველადი მოხმარების საგნების ფასზე შესაძლოა, მყისიერად აისახოს, ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე კი, მოგვიანებით.
„პროდუქტების ფასები მგრძნობიარეა, შესაძლოა მყისიერად აისახოს, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების საგნებზე, ხოლო ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე უფრო სტაბილურია და მოგვიანებით ახდენენ გავლენას ისინი“, - აღნიშნა თოქმაზიშვილმა.
ფასების ცვლილების ვადებს უფრო დეტალურად ასახელებს ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ივა ჭყონია. იგი დაუფარავად ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, უარყოფითი განწყობებია ბიზნესში. ლარის გაუფასურებასთან ერთად, ეს პროცესი ფასებზე მყისიერად არ აისახება, მაგრამ მატება აუცილებლად იქნება.
„იმ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაშია, მოგატყუებთ, რომ გითხრათ თითქოს ბიზნესის განწყობა დადებითია. არა მხოლოდ ადგილობრივი იმპორტიორების, არამედ უცხოური კომპანიების განწყობებზეც, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, სანქციების მოლოდინი, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება.
რაც შეეხება ფასებს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეს პროდუქტები არ გაძვირებულა და კარგადაა ყველაფერი, ცდებიან. ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება და გრძელვადიან პერსპექტივაში ფასებზე აუცილებლად ისახება. იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ აბსოლუტურად ყველა კონტექსტში და მწარმოებლებიც თავიდან ბოლომდე იმპორტირებულ ნედლეულზე არიან დამოკიდებული. ვაჭრობის მთავარი ვალუტა არის დოლარი და ევრო, ამიტომ, ივლისსა და აგვისტოში შესაძლოა, ინფლაციის მაჩვენებელი არ იყოს მაღალი, მაგრამ სექტემბერ-ოქტომბერი უკვე საკმაოდ რთული იქნება.
პირველადი მოხმარების საქონელზე უფრო სწრაფად ხდება ხოლმე კურსის გაუფასურების ასახვა და შეიძლება ახლაც არის, უბრალოდ არა დიდი სხვაობით. დაახლოებით 2 თვე სჭირდება ხოლმე იმას, რომ ლარის გაუფასურების ტენდენციის შედეგები ფასებში ვიხილოთ“, - აღნიშნა ჭყონიამ.