სპორტული შეჯიბრი “გორგასლიანი” (ვიდეო)

სპორტული შეჯიბრი “გორგასლიანი” (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე სპორტული შეჯიბრი „გორგასლიანი“ დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ტურნირის საზეიმო დახურვის ცერემონიალი დღეს გაიმართა.

„გორგასლიანი“ სპორტის ოთხ სახეობაში ჩატარდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა ტურნირის სამ გუნდურ სახეობაში პირველი ადგილი დაიკავეს.

ხელჩართულ ბრძოლაში, საბრძოლო მრავალჭიდსა და მძლეოსნობა ესტაფეტაში გამარჯვებისთვის სამხედრო მოსამსახურეები 3 გარდამავალი თასით და მედლებით დაჯილდოვდნენ. ხოლო შეჯიბრის მთავარი პრიზი - მგლისგამოსახულებიანი მუზარადი და საბრძოლო ფარ-ხმალი სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი კიკნაძეს გადაეცა. მთავარი პრიზი მას გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გადასცა.

„გორგასლიანის“ მეოთხე სახეობის - ჭადრაკის გამარჯვებულები საქართველოს შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გახდნენ. მათ ტურნირის გარდამავალი თასი და მედლები გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ასლამაზაშვილმა გადასცა.

დღესვე, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩატარებული 2013 წლის შვიდკაცა რაგბის გამარჯვებული გუნდები და ხელჩართული ბრძოლის ინსტრუქტორები შესაბამისი მედლებითა და სერთიფიკატებით დაჯილდოვნენ.

„გორგასლიანის“ ტურნირში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა გენერალური შტაბის უფროსმა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო მოსამსახურეებს ტურნირში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. „ამ შემთხვევაში დამარცხებული არ არის. ყველა, ვინც კი მონაწილეობდა ამ ღონისძიებებში, გამარჯვებულია, ვინაიდან ჯანმრთელობა, ჯანმრთელი სული, ძლიერება, ძალა - ეს ქართველი მეომრის ჩამოყალიბების საწინდარი და აუცილებელი პირობა. ეს არა მარტო ფიზიკურ ჯამრთელობას ეხება, ეს სრულიად მორალურ ძალასაც უკავშირდება“ - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა.

ღონისძიებაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა მოძღვარმა, დეკანოზმა დავით ლონდარიძემ პირადი შემადგენლობა დალოცა. დახურვის ცერემონიალში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ მებრძოლტა ხსოვნას. შესრულდა საქართველოს სახელწმიფო ჰიმნიც.

შეჯიბრი „გორგასლიანი“ სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადებისა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას ისახავს მიზნად. ტურნირი 20 ნოემბერს დაიწყო. მასში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ბრიგადებისა და ქვედანაყოფების ჯარისკაცებმა მიიღეს.