აშშ-სთან საქართველოს გაღრმავებული თანამშრომლობის საკითხები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ამერიკელ კოლეგასთან განიხილა. დოქტორ ჯეიმს მილერთან შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, ISAF-ის საერთაშორისო მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოს რეაგირების ძალებში მონაწილეობის საკითხსაც. საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოც იყო.
„ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს განვუახლეთ ვალდებულება, რომ მისიის დასრულებამდე ავღანეთში ორი ბატალიონი დარჩება. ხოლო 2014 წლის შემდგომ, ქართული მხარე ახალ ოპერაციაში უკვე ახალი მოდალობებით ჩაერთვება. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს მონაწილეობა ნატოს რეაგირების ძალებში, რომელსაც ჩვენ 2015 წლიდან დავიწყებთ. ამ ეტაპზე სერთიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს რომ, საქართველოს შემთხვევაში სერთიფიცირების პროცესს წელიწადნახევარი სჭირდება, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენსა და ალიანსის ძალებს შორის არსებობს მაღალი დონის თავსებადობა“ - განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში შეხვედრის დასრულების შემდეგ.