საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერი წიგნის შეძენის ფაქტს „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.
„ძალიან მნიშვნელოვანია სახარებისეული ტექსტების შესწავლის, ასევე ლიტურგიკული თვალსაზრისით. შენაძენი არის, რომელსაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს. დღეს, როდესაც ასე მძაფრად დგას ქართული იდენტობის, ტრადიციების საკითხი, გამოჩნდა და ყურადღება მიიქცია იმან, რაც ეკლესიის წიაღშია შექმნილი საუკუნეების წინ და რასაც აქვს მსოფლიო მნიშვნელობა“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილ ლიტურგიკულ ტექსტებს სინას მთის კოლექციიდან. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.