საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნებასთან“ კომუნიკაციის თაობაზე აშშ-ის საელჩოს განცხადებას მედიასთან გამოეხმაურა. კითხვაზე, ის, რომ ელჩმა მოითხოვა არა საგარეო საქმეთა მინისტრთან ან პრემიერ-მინისტრთან, არამედ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, ხომ არ არის იმის დასტური, რომ „საელჩო არ აღიარებს საქართველოს მთავრობას ლეგიტიმურად“, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ეს თავად ელჩს უნდა ჰკითხონ.
„რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკის ხელისუფლებას შორის ურთიერთობებს, ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტ ტრამპის წერილი და მე მგონი, პრეზიდენტ ტრამპის წერილი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე სხვა რაიმე საკითხები. მას [ელჩს] უნდა ჰკითხოთ, ვისთან უნდა შეხვედრა და ვისთან არა, ვისთან რატომ უნდოდა და ვისთან რატომ არ უნდოდა. მას შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთანაც აქვს ხოლმე”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
აშშ-ის საელჩო საქართველოში „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. მოგვიანებით, საელჩოს განცხადებას ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა.