შალვა პაპუაშვილი: არავინ ეკითხება ევროკავშირის ელჩს საქართველოს პარლამენტი საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს არ არის მისი, როგორც ელჩის კომპეტენცია

შალვა პაპუაშვილი: არავინ ეკითხება ევროკავშირის ელჩს საქართველოს პარლამენტი საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს არ არის მისი, როგორც ელჩის კომპეტენცია

დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ დიპლომატებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ ადგილობრივ საკითხებში. ალბათ ვთანხმდებით იმაზე, რომ მათ მაგალითად არჩევნებში, საარჩევნო კამპანიაში, კონსტიტუციურ პროცესებში ჩარევის უფლება არ აქვთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან მედიის წარმომადგენლებს შეახსენა, რომ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში იმპიჩმენტის დროს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ეს პროცესი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

„ზოგადად აბსურდია. როგორ შეიძლება კონსტიტუციის დაცვა ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირისკენ სწრაფვას? გამოდის, რომ ევროპა არა კონსტიტუციის დაცვა, არამედ კონსტიტუციის დარღვევა და თვითნებობა არის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ელჩი ჩაერია საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში. არავინ ეკითხება ევროკავშირის ელჩს საქართველოს პარლამენტი საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს არ არის მისი, როგორც ელჩის კომპეტენცია. ეს არის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა“, - განამარტა პაპუაშვილმა.

მან ასევე ორი ფაქტი გაიხსენა, როდესაც ევროკავშირის ელჩი საარჩევნო კამპანიის პერიოდში „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა, რაც ასევე არღვევს ვენის კონვენციას. მისი შეფასებით, ეს არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევა.

„მაგრამ, ამაზეც მიდიან, როგორც ვხედავთ, სამწუხაროდ“, - დასძინა პაპუაშვილმა.