პარლამენტის თავმჯდომარე უმცირესობას მიმართავს ბარამიძესა და ჯაჭვლიანს შორის მომხდარი „სამარცხვინო ფაქტი“ დაივიწყოს და საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდეს. დავით უსუფაშვილი სოსო ჯაჭვლიანის მიმართ სანქციების გამოყენებას არ აპირებს და ამბობს, რომ „მე არ ვარ საბავშვო ბაღის გამგე, რომ ვინმე კუთხეში დავაყენო და ამით შედეგს მივაღწიო“. ამასთან, სპიკერი საკანონმდებლო ორგანოში აღმზრდელობითი ფუნქციების შეთავსებას არ გეგმავს და პოლიტიკურ ძალებს აფრთხილებს ფიზიკური დაპირისპირება აღარ დაუშვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ კანონის წინაშე პასუხისგებით ემუქრებათ.
ნაციონალები დაუბრუნდებიან თუ არა პლენარულ სხდომებს, ამის გარკვევის მიზნით, for.ge ოპოზიციონერ დეპუტატს აკაკი ბობოხიძეს ესუაბრა:
უმცირესობა ბოიკოტის რეჟიმში რჩება. პლენარულ სხდომებზე დასწრებას არ აპირებთ?
- პარლამენტის სხდომებზე დასწრებას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ძალიან მძიმე სურათი იხატება. სოსო ჯაჭვლიანის ქმედება, ეს რომელიმე დეპუტატის გამოხტომა არ არის, არამედ ეს იმ ჯაჭვის გაგრძელება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა დაიწყო. კარგად გემახსოვრებათ, უმცირესობასთან გამართულ შეხვედრაზე ღარიბაშვილის ტონი და ლევან იზორიას ქცევა. მგონია, რომ ხელისუფლება იმ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს, რაც მას ჩვენი ქვეყნის ყველაზე ისტორიულ მომენტში დაეკისრა. ხელისუფლება ძალაუფლებას ფლობს, თუმცა, იმ პასუხისმგებლობას ვერ განიცდის, რომელიც ღმერთმა მას ქვეყნის ევროონტერგაციის გზაზე დააკისრა. მმართველი ძალა ძალაუფლებით ტკბება და გავლენას პირადი ანგარიშსწორებისთვის იყენებს, რაც ქვეყნისთვის კარგი ვერ იქნება. სანამ უმრავლესობა გონს არ მოეგება, სხდომებზე ჩვენი ადგილი არ არის. საპარლამენტო საქმიანობას გავაგრძელებთ, ყველა კანონპროექტზე ვიმუშავებთ, შეფასებებს დავდებთ, თუმცა, ხალხს უნდა დავანახოთ საით მიდის ქვეყანა.
პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, თქვენ გიკვირთ?
- პრობლემას გუშინდელ კონფლიქტში არ ვხედავ. მითუმეტეს მე, რომელიც უამრავი ჩხუბის მონაწილე ვიყავი. ვინმესთვის საქმე ერთი კვირის წინ გაკეთებული განცხადების გამო, არასოდეს გამირჩევია. დეპუტატებიც ადამიანები არიან და შეიძლება, აფექტში ადამიანმა ისეთი რამე გააკეთოს, რაც არ არის დამახასიათებელი პარლამენტისთვის, მაგრამ საქმეების გარჩევის ადგილი პარლამენტში არ არის.
თუმცა, ბატონო აკაკი, საზოგადოებას კარგად ახსოვს პეტრე მამრაძეს თუ როგორ გაარტყით სახეში სილა და ტრიბუნასთან, საცემად თუ როგორ მიუვარდით ჯონდი ბაღათურიას...
- პეტრე მამრაძისთვის პასუხი ორი კვირის წინ გაკეთებულ განცხადებაზე არ მომითხოვია. მაშინ, პროტესტი იმ წუთში გააკეთებულ განცხადებაზე გამოვხატე და ჩემს საქციელს არ ვამართლებ. უსისხლო და უძარღვო არ ვართ და შეიძლება რაღაც გავაკეთოთ ისეთი, რომელიც მოსაწონი არ არის, მაგრამ გულში ჩაბუდებული წყენის პარლამენტში გახსენება, ძალიან ცუდია. საკანონმდებლო ორგანოში ჩხუბი ადრეც მომხდარა და რაც არ უნდა პრევენციული განცხადებები გავაკეთოთ, მომავალშიც მოხდება, მაგრამ სოსო ჯაჭვლიანმა ძალიან სახიფათო ტექსტი თქვა, რომელსაც სამწუხაროდ, ყურადღება არავინ მიაქცია. თურმე, ბარამიძე სვანების „დაჩმორებას“ ცდილობდა.
ჯაჭვლიანის განცხადება რუსულ მედიით გავრცელებულ იმ ინფორმაციებს შეადარეთ, სადაც საუბარი იმაზე მიდის, თუ სად აპირებენ საქართველოში პრობლემების შექმნას. მათი გეგმაა, რომ პრობლემები სვანეთში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში შექმნან და როცა ჯაჭვლიანი ამბობს, რომ თურმე, წინა ხელისუფლება, კუთხური ნიშნით სვანების „დაჩმორებას“ აპირებდა, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ნებსით თუ უნებლიედ, ჯაჭვლიანს რუსეთისთვის ძალიან დიდი სამსახურის გაწევა მოუწია. მართალი გითხრათ, ამ თემებით სპეკულირება ჯაჭვლიანს არ სჭირდება, რადგან მას სვანებისგან საკმარისი პატივისცემა აქვს.
თქვენ კუთხური შუღლის გაღვივებაზე აპელირებთ, თუმცა, for.ge-სთან საუბარში ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ ის პლენარულ სხდომაზე სხვა განცხადების გაკეთებას აპირებდა, მაგრამ ბარამიძის გამოსვლამ გააღიზიანა, სადაც მან უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. თქვენ გამორიცხავთ, რომ ჯაჭვლიანი ბარამიძეს პირადი ანგარიშსწორებით დაპირისპირებოდა?
- მას პირადი მოტივები არ სჭირდება. ამ ქვეყანაში ორი ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობა დავით უსუფაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს უკავიათ. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მათ ადგილზე კარგად დავფიქრდებოდი - ეს იმ იერიშის დაწყების სიგნალი ხომ არ არის, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი აქტიურად დაიწყებს?! ნაკლებად მაინტერესებს თუ რას აპირებს რომელიმე ცალკეული დეპუტატი. ყველაზე მეტად ის მაღელვებს, ღარიბაშვილი და უსუფაშვილი აპირებენ თუ არა ის პასუხისმგებლობა გაისიგრძეგანონ, რაც მათ ევროინტეგრაციის გზაზე ეკისრებათ, თუ ისინი მსგავს ფაქტებს შორიდან ყურებას დაუწყებენ?!
თქვენ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებთ ჯაჭვლიანის ქმედება დაგმოს, რაც მან გარკვეულწილად გააკეთა კიდეც. რის მოსმენას ითხოვთ დავით უსუფაშვილისგან?
- დაგმობა არ კმარა! „ქართულმა ოცნებამ“ როგორც პოლიტიკურმა ძალამ, შეფასება უნდა მისცეს კუთხური შუღლის გაღვივების მცდელობას და არა ბარამიძესთან დაპირისპირებას. ეს ბარამიძესთან დაპირისპირება არ არის. ეს კუთხური საქმეა, რაც პოლიტიკური თემაა და „ქართული ოცნება“ ჯაჭვლიანს ან უნდა გაემიჯნოს და გარიცხოს, ან მასთან ერთად საქმიანობა გააგრძელოს. ჯაჭვლიანის ბარამიძესთან ანგარიშსწორება კი არ მაწუხებს, არამედ ის განცხადება, რომელიც ხიფათის შემცველია.
ანუ, თქვენ ჯაჭვლიანის მმართველი გუნდის რიგებიდან გარიცხვას ითხოვთ?
- მე არაფერს მოვითხოვ! „ქართული ოცნებისა“ და უსუფაშვილის გადასაწყვეტია გაემიჯნებიან თუ არა იმ ადამიანს, რომელმაც ნებსით თუ უნებლიედ, კუთხური შუღლის გაღვივება დაიწყო. პერიოდი მახსოვს, როცა ადამიანები ამბობდნენ, რომ შევარდნაძემ სამაგრელო დასაჯა, მაგრამ შევარდნაძეს სამეგრელო არ დაუსჯია. სამეგრელო მთავარი ეპიცენტრი იყო და სამოქალაქო ომის პრობლემები ყველაზე მძიმედ ამ რეგიონმა გადაიტანა.
ჯაჭვლიანის გაღიზიანებას ხელი ბარამიძის ჟესტიკულაციამაც შეუწყო, როდესაც მან ოპონენტის მისამართით იგულისხმა, რომ „ვერ არის“. იქედან გამომდინარე, რომ აფრასიძეების ოჯახზე განხორციელებული სპეცოპერაცია სენსიტიური თემაა და დაღუპული არიან ადამიანები, არ ფიქრობთ, რომ შს ყოფილი მინისტრი გამაღიზიანებლად არ უნდა იქცეოდეს?
- ბარამიძის ჟესტიკულაცია ლოგიკური იყო, რადგან ადამიანი, რომელიც კუთხურ შუღლს აღვივებს, ან გიჟია, ან ქვეყნის მტერი. ბარამიძეს კრიმინალთან ბრძოლაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და მან თუნდაც აჭარის მოვლენების დროს, ძალიან დიდი როლი შეასრულა. ამას გარდა, გიას 21 წლის ასაკიდან ვიცნობ და ის იყო ადამიანი, რომელმაც საქართველოს ერთიანობისთვის ყველა ომი გამოიარა. ამ ადამიანის მიმართ კრიმინალების სახელით შეტევა, ეს რამდენად ჯდება ევრონიტეგრაციის გეგმებში და ეს თუ არ ემთხვევა რუსეთის გეგმებს, ეს განსაჯონ ღარიბაშვილმა და უსუფაშვილმა. მართალი გითხრათ, სვანების „დაჩმორებაზე“ ლაპარაკი სისულელე და სიგიჟეა და ჯაჭვლიანის ნაცვლად, თითოეულ სვანს ბოდიშს ვუხდი.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას. რატომ არ ჩამოდის ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი?
- საქართველოს საგარეო საქმეების მოგვარების თვალსაზრისით, პრეზიდენტი სააკაშვილია თუ მარგველაშვილი, ამის შეფასება ქართველი ხალხისთვის მიმინდვია. რაც შეეხება მიშას ქვეყანაში ჩამოსვლას, ადამიანები ხელისუფლებაში პირადი შურისძიებით არიან მოსულნი, საქართველოს კი ევროინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი გზა აქვს გასავლელი და შესაძლოა, სააკაშვილის აქ ყოფნის შემთხვევაში, დღევანდელმა ხელისუფლებამ ისეთ უგნური ნაბიჯები გადადგას, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება.
„უგნურ ნაბიჯში“ რას გულისხმობთ - სააკაშვილის შესაძლო დაპატიმრებას?
- მას შემდეგ, რაც ცხელი ტვინები და თავები დაშოშმინდება, სააკაშვილი საქართველოში ნამდვილად დაბრუნდება. მიშა დარჩება თუ არა პოლიტიკაში, ეს დამოკიდებულია მის პირად სურვილსა და ქართველი ხალხის ნებაზე. ეს მომავალში გამოჩნდება, მაგრამ თუ ყოველწლიურად, ხადურის ნაზი ღიმილით ბიუჯეტი გაარღვიეს, ეს დრო მალე დადგება.