ვახტანგ ყოლბაიას „საახალწლო საჩუქარი“ დევნილებს

ვახტანგ ყოლბაიას „საახალწლო საჩუქარი“ დევნილებს

აფხაზეთის ა-რ მთავრობიდან თანამშრომელთა მასიური განთავისუფლება დაიწყო. შემცირებულია ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრონელთა 60 პროცენტი, განთავისუფლებულია განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა უდიდესი ნაწილი. პარალელურად, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ხორციელდება პერსონალთა ლიკვიდაცია. განთავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობის კანცელარიის წინ შიმშილობის აქციის დაწყებით იმუქრებიან. მათ უკვე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს და საიას.

თანაშრომელთა მასობრივი გათავისუფლებები მიუღებელია სახალხო დამცველისთვის. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მასობრივი გათავისუფლებები მიუღებელია ნებისმიერი მოტივით.

მისივე თქმით, ყველა ასეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს სათანადოდ არგუმენტირებული და დასაბუთებული. უმრავლესობის წევრი, ზარაქია ქუცნაშვილის განცხადებით, ვის მიერ არის კადრი მიყვანილი, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს.

„აქ არსებითი და მთავარი არის ის, სწორედ წარმოებს თუ არა საკადრო პოლიტიკა“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

აფხაზეთის ა-რ ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ხათუნა გადელია განმარტავს, რომ შესაძლებელი იყო ამ თანაშრომლებისათვის ჩაეტარებინათ ატესტაცია. მისივე თქმით, ყველა განთავისუფლებული თანამშრომელი მზად არის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ მიზანმიმართულად ხდება ლიკვიდაცია და თანამშრომელთა უსაფუძვლოდ განთავისუფლება.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის პროცესი განხორციელდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული ღია და გამჭვირვალე სამართლებლივი ნორმების დაცვით, და არა პირადი შეხედულების, სიმპატიებისა და ანტიპატიების საფუძველზე“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტროს აპარატის უფროსმა დავით ზაქარაიამ.

„აფხაზეთის მთავრობაში ვახტანგ ყოლბაიას მიერ არაერთხელ დაანონსებული რეფორმები, შეიძლება ითქვას, უკვე რეპრესიის სახეს ღებულობს. აქ გაერთიანებულია ყველაფერი - კლანურობა, ნეპოტიზმი, კუთხურობა, პოლიტიკური მოსაზრება და, რა თქმა უნდა, პირადი მტრობა. მუშაობის ოპტიმიზაციის შენიღბვითა და საკუთარ თარგზე სამართლის მორგებით ყოლბაიას „რეფორმების“ შედეგად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხორციელდება ცალკეული უწყებების ლიკვიდაცია და მასობრივი რეორგანიზაცია, რის შედეგადაც თანამშრომლების 50-60% ახალ წელს უმუშევარი შეხვდება.

მინდა გითხრათ, რომ ყოველივე ეს ხორციელდება იმ დროს, როდესაც აფხაზეთის მთავრობას გაეზარდა ბიუჯეტი, ცალკეულ უწყებებში ხდება მაღალხელფასიანი შტატების დამატება და საშულაო რგოლის საკუთარი ნაცნობ-ნათესავებით მასობრივი ჩანაცვლება. 

როგორც ჩანს, ყოლბაიას კომუნისტურ-ნომენკლატურული გამოცდილება ზუსტად ეხმიანება მის სულისკვეთებას, შესაბამისად, მისთვის აბსოლუტურად უცხო და მიუღებელია მართვის თანამედროვე ფორმა, რომელიც ითვალისწინებს ახლობლებზე წინ პროფესიონალიზმის დაყენებას. საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე პროცესებში დაუყოვნებლივი ჩაურევლობის შემთხვევაში, ყოლბაიას რეპრესიული მანქანა დევნილებს ახალ წელს უმუშევარს შეახვედრებს“, - აცხადებს აფხაზეთის ა-რ იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი პაატა კაკულია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრონელთა 60 პროცენტი შემცირებულია. ყოფილი თანამშრომლები ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ქეთევან ბაკარაძეს რამოდენიმე ბრალდებას უყენებენ. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, ლალი ომანაძის განცხადებით, მინისტრმა კადრები ნაცნობობის პრინიციპით შერჩაია, მისი თქმით, მთავარი კრიტერიუმი იყო მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან ახლობლობა. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ მინისტრმა პრემიებიც კი მისი შეხედულებისამებრ, მეზობლობა-მეგობრობის პრინიციპით გაანაწილა.

„გვარებით იყო სიები მოსული და გვარების მიხედვით გაგვიშვეს. ვისაც კაცი ჰყავდა დატოვეს, ვისაც არა - გაგვიშვეს. მთავრობიდან მიწოდებული იყო სია, ვინ ვისი ნათესავია და ამის მიხედვით მოხდა დანიშვნა. ცალ-ცალკე დაგვიბარა მინისტრმა და ისე გაგვაცნო განთავისუფლების ბრძანება. ვარ მარჩენალდაკარგული, 2 არასრულწლოვანი ბავშვი მყავს, ნუ დამტოვებთ უმუშევრად, 400 ლარი მაქვს ხელფასი და ლუკმას ნუ გამოაცლი ჩემს ობლებს-თქო, ვთხოვე მინისტრს. ის კი მომიტრიალდა და მითხრა ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, მიდი აპარატის უფროსთანო. მივედი მასთან და მითხრა, რა ვქნაო და გამომიშვა“, - ამბობს ლალი ომანაძე.

ამავე სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, თამუნა მარშავა კი განმარტავს, რომ მინისტრმა მისი საახლობლო წრე შემოიკრიბა.

„მინისტრისთვის მნიშვნელოვანია თურმე პრემიის საკითხს გარეთ რატომ არჩევენ თანამშრომლები და არა ის, რომ ხალხი ქუჩაში გაყარა. მისი პოლიტიკა იყო ასეთი - თუ სამი ადამიანი ერთად იყო ოთახში, ეს იყო დანაშაული და ამაზეც თანამშრომლებს კუთხეში აყენებდა. მას საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. არ ფლობს კანონს საჯარო სამსახურის შესახებ და არც აქვს იმის უნარი, რომ ამის საფუძველზე მიიღოს რაიმე სახის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებას იღებს პიროვნებებთან თავისი ახლობლობიდან და ნაცნობობიდან გამომდინარე“, - ამბობს თამუნა მარშავა.

ჩვენ დაუკავშირდით ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს. როგორც ქეთევან ბაკარაძე ამბობს, განხორციელდა შიდა როტაცია.

„შიდა როტაციაა მხოლოდ. უკაცრაცავად ახლა უცხოელი სტუმარი მყავს და ვერ დაგელაპარაკებით“, - გვითხრა მინისტრმა და ტელეფონი გათიშა.

აფხაზეთის ა-რ იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის იგორ კოპალიანის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანების გათავისუფლება მასიურად ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება. 

„ის ადამიანები, ვინც სამსახური დაკარგა, არ ყოფილან შერჩეული პირადი შეხედულების საფუძველზე, ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტული დეპარტამენტი გაუქმდა და ადამიანებიც ავტომატურად გათავისუფლდნენ სამსახურიდან. თუმცა თითოეული თანამშრომელი გაფრთხილებული იყო და მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა. თითოეულ გათავისუფლებულ ადამიანს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, რომელიც გამჭვირვალე იქნება და უახლოეს მომავალში ჩატარდება. კომპენსაციის სახით, კანონის შესაბამისად ისინი 2 თვის ხელფასსაც მიიღებენ“, - განაცხადა იგორ კოპალიანმა.

კოპალიანს დღესვე უპასუხა ჯანდაცვის სამინისტროს ადმინსიტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ალექსანდე ლომიამ, რომლის განცხადებით, კონკურსი გამჭვირვალედ არ ჩატარდება.

„როცა მინისტრი გეტყვის, რომ იმ ადამიანს ვერ ვუშვებ იმიტომ, რომ ცა და ქვეყანა არ დარჩენილა, იმდენმა დამირეკა... იმ ადამიანის ბიძამ დამირეკა... ამ ადამიანზე ვახტანგ ყოლბაიამ ითხოვა... იმ სტრუქტურაში, სადაც მინისტრი (ქეთევან ბატარაძე ა/რ  ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი) ასე ლაპარაკობს, რომელ სამართლიანობაზეა საუბარი. რევანშისტული განწყობით არის მოსული ეს ქალბატონი“, - აღნიშნა ალექსანდრე ლომიამ.

აფხაზეთის ა-რ მთავრობაში თანამშრომელთა განთავისუფლების საკითხს უკვე სწავლობს საია. როგორც აღმასრულებელი დირექტორი, ეკა ფოფხაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რეორგანიზაცია გარკვეულწილად არის საფუძველი იმისა, რომ თანამშრომლები იყვნენ განთავისუფლები, მაგრამ რეორგანიზაცია ავტომატურად არ ნიშნავს თანამშრომლების მასიურ განთავისუფლებას.

„არანაირი პოლიტიკური მოტივით და ხელმძღვანელობის ცვლილებით არ უნდა ხდებოდეს თანამშრომლების გაშვება. ყველა განთავისუფლების შემთხვევაში კონკრეტული არგუმენტები უნდა იყოს მითითებული. თუ არგუმენტი არის რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები, მაშინ ნამდვილად უნდა დამტკიცდეს, რომ ამ სტრუქრტურულ ცვლელებებში დევს შტატების შემცირება და, რომ მათი შემცირების შემდეგ არ მოხდება იგივე შტატებზე, მაგრამ უკვე სახელ გადარქმეულ შტატებზე, ახალი თანამშრომლების მოყვანა. ეს არ უნდა იყოს თვალთმაქცური რეორგანიზაცია და თვალთმაქცური შემცირება“, - აცხადებს ეკა ფოფხაძე.