ინვესტიციები ერთბაშად შემცირდა და ძალიან დაბალ ნიშნულმდე ჩამოვიდა. მიზეზი რამდნიმეა და რაც ყველაზე მთავარია, წელს ვითარების გამოწორების შანსი მცირეა. ამჟამინდელ პოლიტიკურ დაძაბულობას მალე არჩევნები დაემატება და ეს ინვესტორებისთვის თავშეკავების საბაბი გახდება. ისინი ყველა შემთხვევაში პაუზას აიღებენ.
2024 წლის პირველ კვარტალში 201 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 365 მილიონი დოლარით, ანუ 64%-ით ნაკლებია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების შემცირება განპირობებულია სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ინვესტიცია თურქეთიდან შემოვიდა - 42.4 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა ჩეხეთი - 41.5 მლნ დოლარით, ხოლო მესამეზე აშშ - 33.7 მლნ აშშ დოლარით.
რაც შეეხება სექტორებს, წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორმა მოიზიდა - 78.7 მლნ დოლარი. მეორე ადგილი დაიკავა ვაჭრობამ - 39.5 მლნ დოლარი, ხოლო მესამე ადგილი ტრანსპორტის სექტორმა - 38.8 მლნ აშშ დოლარი.
ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება გაგრძელდება. „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის, გიორგი პაპავას თქმით, არსებული არასტაბილურობისა და საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების კლების ფონზე, სავარაუდოა, რომ მეორე კვარტალში საფინანსო სექტორში კიდევ უფრო დაბალი შედეგი იქნება.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საფინანსო სექტორში, პირველ კვარტალში, უარყოფითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. მაგალითად, შარშან 1.6 მილიარდი დოლარიდან 630 მილიონი მოდიოდა საფინანსო სექტორზე და ლიდერი იყო, იმის წინაც - 537 მილიონი, 2021 წელს - 470 მილიონი. ახლა გვაქვს მინუს ნიშანი, რაც დასაფიქრებელია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკვე მეორე კვარტალში იყო აქციების ფასთან დაკავშირებული მერყეობა“, - განაცხადა პაპავამ “ბიემთან” საუბრისას.
მისი აზრით, დასავლელ პარტნიორებთან ღია დაპირისპირება ინვესტიციებზე მალევე აისახება და შესაბამისად, 2024 წელი უცხოური კაპიტალის შემოდინების კონტექსტში რთული იქნება.
„ძალიან რთულია, მეორე კვარტალში რამე პოზიტიურის მოლოდინი გვქონდეს. საქართველოს ინვესტიციები მოცულობით არაა დიდი და ამიტომ, კონკრეტულმა ტრანზაქციამ შესაძლოა, მოგვაჩვენოს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი პოზიტიური ხდება ან პირიქით, მაგრამ საერთო სურათში მეორე, მესამე კვარტალი საკმაოდ რთული იქნება. მეოთხე კვარტალი უკვე არჩევნების შემდეგი პერიოდია და იქაც ძალიან ბევრი გაურკვევლობაა, ამიტომ მძემე 2024 წელი გველოდება ინვესტიციების კონტექსტში.
ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ინსტიტუციური განვითარება, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა. როგორც კი კითხვის ნიშნები ჩნდება ამ მიმართულებით ქვეყანაში, წარმოუდგენელია, რომ ქვეყნის მიმართ ინტერესმა არ დაიკლოს“, - აღნიშნა პაპავამ.
„ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს“ პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების ტენდენციის მიზეზებზე ისაუბრა.
„პირველი კვარტალი იყო იქამდე, ვიდრე დაიწყებოდა პროცესები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით და ამიტომ ასეთ მაჩვენებელს ამას ვერ დავაბრალებთ. უნდა ვეძებოთ უფრო ფუნდამენტური მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ასეთი ცვლილება, რომ საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობას კარგავს. თუ დავაკვირდებით გასული წლის მონაცემებს, უცხოური ინვესტიციების კლება დაიწყო სწორედ წინა წლიდან და ასეთი ტენდენცია გრძელდება. პირადად ჩემთვის, ამის მიზეზი არის ის, რომ მსხვილი ინვესტიციების მართვა პოლიტიკური გავლენის შენარჩუნების პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამიტომ, მოქმედი ხელისუფლება უკვე წლებია, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მეწარმეობის კონტროლს.
თუ შევხედავთ მონაცემებს, ვნახავთ, რომ უცხოური ინვესტიციები ძირითადად ხორციელდება ისეთ სექტორებში, სადაც სახელმწიფო მონაწილეობს, მაგალითად ენერგეტიკა და სხვა. ესენი სინამდვილეში ტენდერებია. ასევე მსხვილი ინვესტიციები ხორციელდება ხელისუფლების შტოებს დაქვემდებარებულ სფეროებში, იგივე ტრანსპორტში, რომლის მნიშვნელოვანი წილი მუნიციპალიტეტების მართვაშია. უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი მოდის ისეთ სექტორებში, სადაც ჯერ კიდევ სახელმწიფოა მთავარი მონაწილე.
შედარებით თავისუფლად სექტორებში კი, როგორიც ვაჭრობა და ტურიზმია, იქ ინვესტიციები მცირდება და რაც დრო გადის უფრო ნაკლები და ნაკლებია. სწორედ სახელმწიფო კონტროლის ფაქტორია მთავარი მიზეზი, რის გამოც უცხოური ინვესტიციები მკვეთრად მცირდება“, - აღნიშნა „კომერსანტის“ ეთერში შეშელიძემ.
ეკონოსიტებისგან განსხვავებით პოტიმიზმს არ კარგავენ მთავრობაში. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გამოქვეყნებული მონაცემები მხოლოდ პირველი კვარტალისაა და არასწორი იქნება, ეს მაჩვენებელი ვინმემ რამე თემას დაუკავშიროს.
„ეს არის პირველი კვარტალის მონაცემები. ანალიზი ჯერ არ გამიკეთებია, თუმცა უკვე რაც ვნახე, პირველადი შეფასებით ეს არის დამამუშავებელ მრეწველობაში შემცირება, სადაც ინვესტიციები იყო ერთჯერადად მაღალი. შესაბამისად, იქ იყო კლება. ზოგადად თუ შევხედავთ, საარჩევნო წელს ინვესტიციები ცოტა უფრო შენელებულია ხოლმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ველოდებით, რომ წელს ინვესტიციების მხრივ იქნება ზრდა. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში ინვესტიციების მოცულობა ჯამურად იქნება მზარდი“, - განაცხადა კაკაურიძემ.