უმცირესობა ჯაჭვლიანის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვს. საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ასევე მოახდინოს დროული და ადეკვატური რეაგირება. როგორც უმცირესობის წევრები აცხადებენ, დავით უსუფაშვილმა უნდა შეძლოს ვითარების ისე გაკონტროლება, რომ ასეთი რამ პარლამენტში არ ხდებოდეს. „ნაციონალური მოძრაობა“ თვლის, რომ რეაგირებად ვერ ჩაითვლება ისეთი განცხადებები, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა, რადგან თვლიან, რომ ეს არ იყო ადეკვატური რეაგირება. პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით For.ge. მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა.
ბატონო მიხეილ, რის საფუძველზე აცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ჯაჭვლიანის გამოსვლა ამ კონკრეტულ საკითხზე წინასწარ იყო დაგეგმილი?
- ჩვენ გავიხსენეთ ყველამ, რომ ორი კვირის წინ, როდესაც სიტყვა მოითხოვა სოსო ჯაჭვლიანმა, მაშინ თქვა ასეთი რამ - ის ადამაინი არ ესწრება სხდომას და ამიტომ მე მერე ვიტყვიო. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დეპუტატმა უმრავლესობიდან გვითხრა, რომ ის ამისთვის ემზადებოდა და პირობაც მიუცია, რომ პიროვნულად არ შევურაცხყობ, ისე ვიტყვი ამ ტექსტსო. თან დაუწერია კიდეც სადღაც, ოთხშაბათს ნახეთ რა იქნება პარლამენტშიო.
უმცირესობის განცხადებს, თითქოს, ჯაჭვლიანის მხრიდან ადგილი აქვს კუთხური შუღლის გაღვივებას, რაში გამოიხატება?
- როდესაც კრიმინალების წინააღმდეგ ოპერაცია ტარდება, კრიმინალებს არ აქვთ წარმოშობა და კუთხურობა, კრიმინალი კრიმინალია, რომელი რაიონის თუ მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი არ უნდა იყოს. სხვათა შორის, 2012 წლის 11 ნოემბერს კახი კალაძემ თქვა, რომ აფრასიძეები არიან ჩვეულებრივი კრიმინალებიო. 2003 წლიდან დაწყებული მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდებოდა ოპერაციები კრიმინალების წინააღმდეგ. ჩვენი დამსახურებაა, რომ ქურდები და კრიმინალები მოვაშორეთ ამ ქვეყანას და საქართველო გახდა უსაფრთხო.
ამ კონკრეტული სპეცოპერაციის დროს შს მინისტრის მხრიდან გადაცდომები არ იყო?
- გიას არსოდეს უთქვამს სვანების ან იმერლების წინააღმდეგ რამე, არ ყოფილა ასეთი რაღაცა. პირიქით, ეს ადამიანები თუ ვინმეს აწუხებდნენ და ვინმეს ავტორიტეტეს ლახავდნენ, ეს იყო იმ კუთხის წარმომადგენლები. ყველამ იცოდა რა დაჯგუფება იყო ეს.
ბატონო მიხეილ, მე გკითხეთ იყო თუ არა გადაცდომა?
- გია ბარამიძემ თვითონ თქვა, რომ თუ ვინმეს აქვს რაიმე საფუძველი, მზად ვარ, რომ დამკითხოთ და გავარკვიოთ ეს ყველაფერიო. რამოდენიმეჯერ განაცხადა და მათ შორის პირდაპირ ეთერში. ამის მაგივრად, მივიღეთ ის, რაც ვნახეთ ყველამ. რაც ყველაზე სამწუხაროა, პარლამენტში სისტემური ხასიათი მიიღო უკვე ამან. ორი კვირის წინ შს მინისტრის მოადგილე იქნევდა თითებს და ემუქრებოდა დეპუტატებს, პრემიერთან კამათის გამო. სწორედ, ამიტომ ვამბობ, რომ ეს იყო დაგეგმილი. პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა მიიღოს ზომები, წინაამდეგ შემთხვევაში, რთული იქნება მუშაობა.
ბოიკოტის რეჟიმს როდემდე გააგრძელებთ?
- მანამ არ მივიღებთ ადეკვატურ პასუხს და არ მოხდება შეფასება იმისა, რაც მოხდა. ნამდვილად რთულია მშვიდი სახით ჯდომა. უმრავლესობამ თვითონ უნდა დაარქვას სახელი იმას, რაც ხდება, თან სისტემურად.
როგორ ფიქრობთ, იგივე სერგო რატიანის განცხადება, რომ ვინ არის სვანი და ვინ არა, ამას დაგანეხებთ, ეს არაა მუქარა?
- მუქარა ისაა, როდესაც დეპუტატი ლერი ხაბელოვი მოვიდა გია ბარამიძესთან და უთხრა, რომ შუბლს გაგიხვრეტო. იმის მაგივრად, რომ დაემშვიდებინა სიტუაცია და გენემუხტა ვითარება, ადამიანს ეუბნება, რომ შუბლს გაგიხვრეტო, აი ეს არის მუქარა.
ბატონო მიხეილ, როდესაც ასეთი ტონით გელეპარაკებიან თქვენი კოლეგები, არ ფიქრობთ, რომ ამის მიზეზი არის „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი მმართველობა?
- ისინი ვერ გეველაპარაკებიან ბიუჯეტზე, იმიტომ, რომ ბიუჯეტი გარღვეულია, ისინი ვერ გველაპარაკებიან ვერც 2013 წლის ეკონომიკურ ზრდაზე, იმიტომ, რომ არაა ასეთი ზრდა, ვერ გველაპარაკებიან სამუშაო ადგილებზე, ვერ გველაპარაკებიან 2014 წლის ბიუჯეტზე იმიტომ, რომ მილიარდ ექვსასი მილიონ რვას ათასიან ვალს იღებენ, ვერ გველაპარაკებიან თვითმმართველობის რეფორმაზე იმიტომ, რომ თვითონ არ არიან ჩამოყალიბებულები, ვერ გველაპარაკებიან ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონზე, იმიტომ, რომ თვითონ ვერ გაიგეს რა წერია. რაღა შორს წავიდეთ, აი, აჭარაში ორი დღეა თოვლი სტიქიურ უბედურებად იქცა, ხელისუფლება ვერ აკეთებს იმას, რაც მათი გასაკეთებელია და პრობლემებზე როგორ დაგველაპარაკებიან? მათ ურჩევნიათ გველაპარაკონ ამ 9 წელზე.
9 წლის განმავლობაში გაკეთდა ძალიან ბევრი კაგი საქმე. დაწყებული იქიდან, რომ საქართველო გახდა ენერგოდამოუკიდებელი, საქართველოში დამყარდა წესრიგი, მოისპო კრიმინალები. ჩვენ ვიცხოვრეთ იმ ქვეყანაში, სადაც რუსეთის მხრიდან ეკონომიკური საფრთხის არ გვეშინია, ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა. გაიხსენეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, გაიხსენეთ ის ჯანდაცვა, შეიძლება ბევრი პრეტენზია იყოს, მაგრამ გაიხსენეთ 9 წლის წინანდელი ჯანდაცვა...
ამ რეფორმებს თან ახლდა ადამიანის უფლებების დარღვევა, ქუჩაში ადამიანების მკვლელობა იმ მოტივით, რომ ისინი დამნაშავეები იყვნენ. ამაზე „ნაციონალური მოძრაობა“ არაა პასუხისმგებელი?
- ბურთი და მოედანი მათ ხელშია, პროკურატურა მათ ხელშია. საქმის გარჩევის ნაცვლად, უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებები. ვინც ადამიანის უფლებებს არღვევდა... ბატონი ბედუკაძე რატომ არაა დასჯილი, ამაში ვინც მონაწილეობდა ისინი რატომ არ არიან დასჯილნი, ან რატომ მიიღეს მსუბუქი სასაჯელი? ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვეთად გამოყვანა, ეს არის უკვე თემების გადატანა. იმის მაგივრად, რომ ჩვენ გველაპარაკა ბიუჯეტზე, რომ ბიუჯეტი გარღვეულია მილიარდით, გევლაპარაკა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში იღებენ შიდა ვალს, არ ზრდიან პენსიებს, ამის მაგივრად, მოხდა ის რაც ყველამ ვნახეთ.
დღეს მინისტრის ხელფასი 7 800 ლარია, პრეზიდენტის ხელფასი 9 000 ლარი იქნება. ამისთვის უნდა აიღო ვალი, რომ ხელფასები გადაიხადო? ჩვენ ჩავიბარეთ ქვეყანა როდესაც 14 ლარი იყო პენსია და ისიც არ რიგდებოდა, ჩავაბარეთ ხელისუფლება, როდესაც პენსია იყო 140 ლარი, ესეც ძალიან ცოტაა, მაგრამ რიგდებოდა და თანაც ჯანდაცვის პაკეტი შედიოდა ამაში. მესმის, ცოტაა, ბევრის გაკეთება უნდა შეგვძლებოდა.
მთავარ თემას რომ დავუბრუნდეთ, როდესაც საუბრობთ ბედუკაძეზე, რატომ არ საუბრობთ იმ 137 ახაგაზრდაზე, რომელიც ქუჩაში იქნა მოკლული. ამ საკითხებზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს? მათ შოროს იგივე აფრასიძების საქმეზე? აფრასიძეების დედა გიორგი ბარამიძეს ადანაშაულებს მისი შვილის და მეუღლის მკვლელობაში...
- საქართველოში იყო პერიოდი, როდესაც ბანდიტები შედოდნენ სახლებში და შვილების და ცოლების თვალწინ ხალხს აუთოვებდნენ.
მაგრამ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომაც იგივე გააკეთოს და შვილებს თვალწინ მოუკლას მამა, დედას შვილი?
- ჩვენ ახლა რაზე ვლაპარაკობთ, პირველყოფილი თემური წყობილება დავამყაროთ, თუ პროკურატურამ არკვიოს ეს საქმე? ბარამიძემ მოითხოვა, რომ თუ ამ საკითხთან დაკავშირებით არის კითხვები, ვინ დაგეგმა ოპერაცია, რამდენად სწორად ჩატარადა და ა.შ. გაარკვიეთ ეს ყველაფერიო. ერთი წელი გავიდა და, როგორც ჩანს, არ აქვთ მტკიცებულებები, ეს ხომ მეც ვიცი და თქვენც. რობაქიძის საქმეზე მიმდინარეობს ძიება და რა გამოიკვეთა? მაიზერ ლოპარტელიანი დაიჭირეს იმის გამო, რომ მან შეცვალა ჩვენება და არა იმიტომ, რომ ვიღაცა მოკლა.
გამოძიების პროცესში გამოიკვეთა მაღალჩინოსნების სახელი, მათ შორის ვაზაგაშვილის მამა ღიად ასახელებს მისი შვილის მკვლელებს...
- ლინჩის წესით მოვაგვაროთ ეს საქმე, თუ ისე, როგორც ეს ცივილურ ქვეყანაში ხდება?! გამოძიოს პროკურატურამ, ვინ უშლის ხელს?!
„ნაციონალური მოძრაობა“ იღებს პასუხისმგებლობას იმ დანაშაულებზე რაც ხდებოდა ქვეყანაში?
- როცა მოხდება ამ საქმეების გამოძიება და იქნება დადასტურებული საქმეები, აი, მაშინ შემიძლია გაგცეთ ამაზე პასუხი. კონკრეტულად პოლიციელის მხრიდან გადაცდომაზე პასუხისმგებლობას მე ვერ ავიღებ, აგოს მან პასუხი. მე ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს ქვეყანა 9 წლის წინ იყო უარესი, ვიდრე არის დღეს.
როგორ ფირქობთ, რატომ იწვევს „ნაციონალური მოძრაობა“ აგრესიას საზოგადოებაში? ბატონო მიხეილ, არ ფიქრობთ, რომ ამის მიზეზი, შესაძლოა იყოს ბიზნესის ტერორი, ქონების წართმევა, საკუთრების ხელყოფა, მკვლელობები და ა.შ.?
- მიიყვანონ ეს საქმეები ბოლომდე. ყველა ეს საქმე იყოს გამოძიებული, ვინ გააკეთა, ვისი დავალებით და ა.შ.
ხომ არ გაქვთ ინფორმაცია როდის დაბრუნდება ექს-პრეზიდენტი საქართველოში?
- მას აქვს დატვირთული პროგრამა საზღვარგარეთ, როგორც აშშ-ი ისე ვეროპაში. დაბრუნდება მაშინ, როდესაც ამ პროგრამებში იქნება შუალედი. ის მუშაობს პიარის გარეშე. უკრაინაში ჩავიდა და მე მიმაჩნია, რომ მან გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. მიმაჩნია, რომ ჩვენ უკრაინას გვერდზე უნდა დავუდგეთ და მხარი უნდა დავუჭიროთ მათ ევროპულ არჩევანს.