ამერიკული სანქციების შემდეგ ლარმა თავი ისევ ვერ შეიკავა და გაუფასურებისკენ დაიძრა. მთავრობის წევრები და ფინანსისტები ერთხმად საუბრობენ, რომ ეკონომიკას და საფინანსო ბაზარს პრობლემები არ აქვს, ეს ყველაფერი პოლიტიკური დაძაბულობის გამოძახილია. ასე თუ ისე, გაცვლითი კურსის დასტაბილურებას უკვე მოსახლეობა ეჭვის თვალით უცქერის.
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამტკიცებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფუნდამენტური საფუძველი არ არსებობს, თუმცა რეალობა სულ სხვაგვარია. ეროვნული ვალუტა უკვე საგრძნობლად გაუფასურდა. მთავრობის წევრებს კი ოპტიმიზმი ნამდვილად არ ელევათ.
„ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესები აისახება მომხმარებლის, მოსახლეობის ქცევაზე. აქედან გამომდინარე, სწორია, რომ გვქონდეს მკაფიო კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ეროვნული ბანკის პოლიტიკა თანხვედრაშია იმ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან, რომელიც გვაქვს. ფუნდამენტური საფუძველი იმის, რომ ლარის კურსი გაუფასურდეს, არ გვაქვს.
პირიქით, წლებია ვინარჩუნებთ სტაბილურ კურსს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ პროგრესთან. როდესაც მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს ვაქვეყნებთ ხოლმე, საქსტატი საუბრობს და ა.შ. ეს არის ის ფუნდამენტური მაჩვენებლები, ინდიკატორები, რომელიც უკვე კურსის სახით აისახება. როდესაც ამათ შორის სხვაობაა, ეს უკვე მიუთითებს, რომ გაუფასურება არის პანიკური და დროებითი. ზოგჯერ იყო მცდელობა განზრახ პანიკის გამოწვევის, ამის მიუხედავად, ეს ყველაფერი დასტაბილურდება.
არ მინდა მოსახლეობა შევიდეს შეცდომაში და დაზიანდეს მათი ინტერესი, ხშირ შემთხვევაში, ამ პანიკურ პროცესებს ბევრი ადამიანი აჰყვება ხოლმე და ეს უბრალოდ არაა სასიამოვნო“, - თქვა ლევან დავითაშვილმა რამდენიმე დღის წინ, როდესაც კურსი 2.79-ის ფარგლებში იყო. ამას მოჰყვა ამერიკული მსუბუქი სანქციები და ლარის მორიგი „წინსვლა“ - კურსი ამჟამად 2.83-ის ირგვლივ ტრიალებს.
ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე ეროვნულმა ბანკმა უკვე 100 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა. 16 მაისის აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაიყიდა, ხოლო 28 მაისის აუქციონზე გამოტანილი 60 მილიონი დოლარიდან 48.7 მილიონი დოლარი გაიყიდა.
თიბისის ბანკის მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას განმარტებით, ლარის კურსზე სენტიმენტების ცვლილება გავლენას ახდენს. როგორც მან აღნიშნა, ლარის დეპოზიტების ზრდის ტემპი მკვეთრად არის შემცირებული.
„როცა სენტიმენტებში არის ცვლილება, როცა გაუფასურების მოლოდინებია, მაშინ ლარის დეპოზიტების ვალუტის დეპოზიტებისკენ გადადინება ხდება. ლარის დეპოზიტები უფრო მზარდი იყო, ვიდრე დოლარის. მაისში უკვე ლარის დეპოზიტების ზრდის ტემპი მკვეთრად დაეცა, თვე თვეზე უარყოფითშიც კი გადავიდა. რა შეიცვალა? ის, რომ ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 200-300 მლნ დოლარის ე.წ. გადახურდავებები მოხდა“, - აღნიშნა ნადარაიამ.
მან საქართველოს ეკონომიკის „სეზონურობაზეც“ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ადრე სეზონურობა ლარსაც ახასიათებდა.
საქართველოს ეკონომიკას სავალუტო შემოდინებების კუთხით აქვს მკვეთრად გამოხატული სეზონურობა, ზაფხული უკეთესია ვიდრე ზამთარი, მათ შორის ტურისტული შემოდინებებისა და ენერგომატარებლების გამო. ჩვენ გვახსოვს, რომ ლარსაც ჰქონდა სეზონურობა, 2017-19 წლებში, ლარიც ზაფხულში მყარდებოდა, შემდეგ ზამთარში უფასურდებოდა. ამის შემდეგ ჩვენმა დიდმა ნაწილმა ისწავლა, რომ ლარი სეზონურია და ზაფხულამდე დაიწყო ლარის ყიდვა და ზამთრამდე ლარის გაყიდვა. ამ ქცევამ ის გავლენა იქონია, რომ ბოლო წლებში ლარის სეზონურობას ვეღარ ვხედავთ, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ლარს სეზონური მერყეობა ექნება, ვინც ცდილობს, რომ ლარის კურსით მოიგოს, ის ზაფხულის სეზონის მოსვლამდე ყიდულობს ლარს და პირიქით. ეს რატომაა მნიშვნელოვანი? ამ ზაფხულამდე პერიოდი ისეთი იყო, რომ ყველა ლარს ყიდულობდა, სენტიმენტები რომ შეიცვალა, ფაქტობრივად, რაც უნდა გადახურდავებულიყო ივლის-აგვისტოში, იმის დიდი ნაწილი უკვე გადახურდავდა“, - განაცხადა ფინანსისტმა „საქმიანი დილის“ ეთერში და ხაზი გაუსვა, რომ მოლოდინზე გავლენას ახდენდა არჩევნებიც:
„ბოლო 5-10 წლის განმავლობაში, იყო მოლოდინი, რომ ლარი არჩევნების მერე გაუფასურდებოდა. ამიტომაც თუ ეს მოლოდინია, არჩევნებამდე მოხდება უფრო მეტად ვალუტის დეპოზიტების და ლარის სესხების ფორმირება“, - დასძინა ოთარ ნადარაიამ.