ნაციონალები ჯაჭვლიანის დასჯას ითხოვენ

ნაციონალები ჯაჭვლიანის დასჯას ითხოვენ

პარლამენტში პოლიტიკური ტემპერატურა დღითიდღე მატულობს. უმცირესობა ბოიკოტის რეჟიმში რჩება და ულტიმატუმს აყენებს. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს სოსო ჯაჭვლიანსა და გიორგი ბარამიძეს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი დაგმოს და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მიმართ გამოთქმულ მუქარაზე დროული რეაგირება მოახდინოს.

მმართველი ძალა სოსო ჯაჭვლიანის „დასჯას“ არ გეგმავს, უმცირესობა კი ბოიკოტის შეწყვეტას არ აპირებს და დავით უსუფაშვილს განცხადებით მიმართავს.

სერგო რატიანის შეფასებით, სოსო ჯაჭვლიანის მიერ პროვოკაცია განხორციელდა, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტების პოზიციას ღიად იცავდა.

„შემაშფოთებელია, რომ ჯაჭვლიანი კრიმინალური ავტორიტეტების სახელით შურისძიებაზე საუბრობდა არამხოლოდ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და მისი ოჯახის წევრების მისამართით, არამედ მთლიანად ოპოზიციური ძალის მიმართ. ფაქტია, რომ ჯაჭვლიანი დაუფარავად შეუერთდა მუქარას, რომელიც ბარამიძის მიმართ არაერთხელ გამოუთქვამთ კრიმინალური დაჯგუფების წევრებს. ამას გარდა, ჯაჭვლიანის გამოსვლაში ადგილი ჰქონდა კუთხური შუღლის გაღვივების მცდელობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. იაფფასიანი, კუთხური მოტივებით სპეკულაცია სრულიად უღირსი საქციელის გარდა, საზიანოა ქვეყნისთვის“, - განუცხადა for.ge-ს რატიანმა, რომლის მსგავსადაც, დაგეგმილ „პროვოკაციაზე“ საუბრობს დავით დარჩიაშვილი.

კანონმდებელი პარლამენტში არსებულ ნეგატიურ ტენდეციაზე საუბრობს და ამბობს, რომ რიგი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში „ქუჩურ მანერებსა და კრიმინალურ კულტურას“ ნერგავენ.

დარჩიაშვილის თქმით, მომხდარ დაპირისპირებაზე რეაგირება დავით უსუფაშვილმა უნდა მოახდინოს, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს.

„ადგილი აქვს მთელ ჯაჭვს. გახსოვთ, თუ როგორ მოიქცა იზორია და რა ლექსიკით ესაუბრა დეპუტატებს. ასევე გახსოვთ, რა ტონით და როგორ ქედმაღლურად საუბრობდა ირაკლი ღარიბაშვილი. ადგილი აქვს ქუჩური მანერებისა და კრიმინალური კულტურის დანერგვას. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში მუშაობა შეუძლებელია. თუ პარლამენტის თავმჯდომარე ამ ტენდეციებს არ გააკონტროლებს, მაშინ გამოჩნდება, რომ პროცესები ჯაჭვლიანის დაჯგუფებას მიჰყავს“, - განუცხადა for.ge-ს დარჩიაშვილმა, რომელიც ჩვენს კითხვას - „რატომ არ დაისაჯა სამაგალითოდ აკაკი ბობოხიძე, მაშინ, როდესაც პეტრე მამრაძეს სილა გააწნა და ჯონდი ბაღათურიას მიმართ საცემად გაიწია?“, - პასუხობს, რომ ძველი შეცდომები და გადაცდომები ახალმა ხელისუფლებამ თავის პლატფორმად არ უნდა გამოიყენოს და არ უნდა გააღრმავოს.

ნაციონალების მცდელობის მიუხედავად, დავით უსუფაშვილი სოსო ჯაჭვლიანის მიმართ სანქციების გამოყენებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ის არ არის საბავშვო ბაღის გამგე, რომ ვინმე კუთხეში დავაყენოს და ამით შედეგს მიაღწიოს.

სპიკერი აცხადებს, რომ ის პარლამენტში აღმზრდელობითი სამუშაოების გატარებით ვერ დაკავდება.

„ინციდენტი მრავალმხრივ დამაზიანებელი იყო. მომხადრი ფაქტი ისეთ ელემენტებს შეიცავდა, რომელიც ქვეყნისთვის სრულიად არასასურველია. თუმცა, მოსაზრებების გამოთქმაში პარლამენტის ნებისმიერი წევრი თავისუფალი უნდა იყოს და ამას მეორე მხარეც უნდა შეეგუოს. არავის სიამოვნებს, როცა ჩვენი ოპონენტები დაუსრულებელ ლექციებს გვიკითხავენ იმის თაობაზე - თუ როგორ არ უნდა ვემსახუროთ პუტინს, მე პირადად თავი დავაღწიო კრემლის გავლენას და ვემსახურო ჩემს სამშობლოს. მოითმინონ! ეს უკუთვნის ყველას! არანაირი გამართლება არ აქვს იმას, რომ დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად შეეხონ“, - აცხადებს სპიკერი.

დავით უსუფაშვილი როგორც უმრავლესობას, ასევე უმცირესობას მოუწოდებს გუშინ მომხდარი ფაქტიდან გაკვეთილები გამოიტანონ.

„ყველას მივმართავ, გაკვეთილები გამოიტანეთ! უმრავლესობამ უნდა გავიაზროთ, რომ უმრავლესობა ჩვენ ვართ და აქედან გამომდინარე, ჩხუბის კანონებითაც კი, ჩხუბი არ უნდა დავიწყოთ, როცა ბევრნი ვართ. ამას გარდა, მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება და მეტი მოთმენის უნარი უნდა გვქონდეს, რადგან ჩვენ ქვეყნის ბედი გვაბარია. თუ ამას ვერ მოვახერხებთ, ჩვენს საქმეს უკეთესად ვერ განვახორციელებთ“, - აღნიშნავს უსუფაშვილი.

 პარლამენტის თავმჯდომარე პრევენციულ ღონისძიებაზეც აპელირებს და ამბობს, რომ თუ მომავალში, საკანონმდებლო ორგანოში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი განმეორდება, შესაბამისი პირი პასუხს კანონისა და სამართალდამცავების წინაშე აგებს.

„იმ მომენტში რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, მოქმედება დავიწყე და ამის საშუალება არცერთმა მხარემ არ მომცა. პოსტფაქტუმ იმაზე მსჯელობა - პირველი თუ ვინ მოწიწკნა თმა, ვინ იყო მეორე და მესამემ რა უპასუხა, ეს არ არის ჩემი საქმე. თუ ხვალ და ზეგ, პარლამენტში მსგავსი რამ განმეორდება, მაშინ გადაწყვეტილებას არ მივიღებ და ამ საქმეში კანონი ჩაერთვება, სადაც ბევრი რამ წერია. ჩხუბი ქუჩაში იქნება თუ პარლამენტის შიგნით, ეს დასჯადი ქმედებაა. მათ შორის, ხულიგნობა შეგინებაცაა. აღმზრდელობითი სამუშაოებით ვერ ვიქნები დაკავებული და თუ რაიმე მსგავსი მოხდება, ამ პროცესში სამართალდამცავები ჩაერთვებიან“, - დასძენს სპიკერი.

პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ოპოზიციას მიმართავს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს.

„გუშინდელი დღე დავივიწყოთ, როგორც სამარცხვინო დღე პარლამენტის ცხოვრებაში“, - აღნიშნავს ნაციონალების მისამართით უსუფაშვილი.

თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ნაციონალები და შეწყვეტენ თუ არა ბოიკოტის რეჟიმს, ეს ამ დრომდე არ კონკრეტდება. თუმცა, ამ მოწვევის პარლამენტში უმცირესობას ბოიკოტი პირველად არ გამოუცხადებია. მათ ერთი წლის განმავლობაში, პოლიტიკურ ბოიკოტს რამდენჯერმე მიმართეს და ისინი ყოველი დაპირისპირების შემდეგ, პლენარულ სხდომებს ტოვებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ერთამანეთს სოსო ჯაჭვლიანი და გიორგი ბარამიძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჯაჭვლიანმა 2004 წელს, სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაცია გაიხსენა და ბარამიძეს მიმართა „მე ჩემს კუთხეს ძალიან კარგად ვიცნობ, ნუ ბლატაობ, შე ჩმორო“. თავის მხრივ, ამ რეპლიკას აგრესიულად ბარამიძე შეხვდა და მან ოპონენტს ბილწი სიტყვებით მიმართა, რაც ხელჩართულ კონფლიქტში გადაიზარდა.

მართალია, ტატამის ადგილი პარლამენტში არ არის, მაგრამ საზოგადოებას ის დროც ახსოვს, როდესაც წინა მოწვევის პარლამენტში, აკაკი ბობოხიძემ პეტრე მამრაძეს სილა გააწნა, ტრიბუნასთან ჯონდი ბაღათურიას საცემად მიუვარდა. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი, ჯონდი ბაღათურიას ბალნეოლოგიურ ტალახში გორაობით და დაზელვით დაემუქრა.