უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტი ერთობლივი განცხადების შემუშავებაზე გუშინ მსჯელობდა, თუმცა, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო, პარლამენტში ორი რეზოლუციის ტექსტი მომზადდა - ერთი მმართველი ძალის მიერ, ხოლო, მეორე ნაციონალებმა შეიმუშავეს. შესაბამისად, ნაციონალების ტექსტს „ოცნებამ“ არ დაუჭირა მხარი, ხოლო „ოცნებისას“ ნაციონალებმა. საბოლოოდ, უმრავლესობამ „გაიმარჯვა“ და რეზოლუცია უმცირესობის გარეშე დაამტკიცა.
დღეს კი სოციალურ ქსელებში და მედიაში განხილვის თემად იქცა, თითქოს, უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა და ისინი „სამარცხვინოებად“ მოინათლენ.
მაგალითად, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „სამარცხვინო“ დეპუტატების სია გამოაქვეყნა და „უკრაინელი მომიტინგეების მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო“, ისინი მკაცრად გააკრიტიკა: „სამარცხვინო (ჩემის აზრით) სია იმ დეპუტატებისა, ვინც ხელი არ მოაწერა სოლიდარობის დოკუმენტზე მეიდანთან შეკრებილ უკრაინელ მებრძოლების მიმართ???? მერე ესენი გვეტყვიან ევროპისკენ მივდივართო და ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს არ დაგვაკლებენ, როგორც მანამდე მიშისტებმა იცოდნენ!“
ზურაბიშვილის კომენტარს ასევე „ფეისბუკით“ გამოეხმაურა თინა ხიდაშელი: „რამეს იტყვი და თმენის ვალდებულებაო, და ტყუილის თქმა როდიდან მატებს ხიბლს ადამიანებს? ეხლა მე რომ დავწერო ამ ინფორმაციის გამავრცელებელი სამარცხვინო მატყუარაა-თქო, მეტყვით თმენის ვალდებულებაო“.
მოკლედ, უმრავლესობის მიერ დაწუნებულ და უმცირესობის მიერ მომზადებულ ტექსტში აქცენტი გაკეთებული იყო იმ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ზეწოლაზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის მიმართ ახორციელებს, რაც მმართველი გუნდისთვის არადიპლომატიური აღმოჩნდა.
„რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ხელისუფლებაზე ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისა და შანტაჟის გამო, უკრაინამ უარი თქვა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. იმედი გვაქვს, რომ უკრაინის მთავრობა არ დაექვამდებარება რუსეთის ფედერაციის შანტაჟს და არ გადაუხვევს ევროპული ინტეგრაციის გზას“, - ნაქვამია უმცირესობის მიერ მომზადებულ რეზოლუციის ტექსტში.
ვიქტორ დოლიძის განცხადებით: „ბევრი ვიმუშავეთ, რომ განცხადება ერთობლივად მიგვეღო. თუ შედეგზე ორიენტირებული ვართ, მაშინ დიპლომატიას ვიყენებთ. უკრაინაში მიმდინარე პროცესები კი დელიკატური საკითხია. ამიტომ, ხელისუფლება შედეგზეა ორიენტირებული და არა პიარ-კამპანიებზე“.
დეპუტატისთვის გაუგებარია, რატომ გამოუცხადა პროტესტი უმცირესობამ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას, ვინაიდან, მისი თქმით, განცხადება აბსოლუტურად კონსტრუქციულია.
„მათი პოზიცია ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ისინი მეიდანზე ჩავიდნენ, სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს. ეს ყველაფერი ასახული იყო ამ დოკუმენტში. ჩემი სურვილი იყო, რომ ერთობლივი, შეჯერებული განცხადება ყოფილიყო და სამწუხაროა, რომ ასე არ მოხდა. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეალურ სახეს აჩვენებს“.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მიზეზი რუსეთის ფაქტორისადმი გვერდის ავლაა, უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ ეს არგუმენტი არ არის.
მისივე თქმით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის დასავლურ არჩევანს და ნახსენებია რუსეთიც და ყველა ის, ვინც ამას ხელს უშლის.
რაც შეეხება ინტერნეტში გავრცელებულ უმრავლესობის დეპუტატების სიას, რომელთაც, თითქოს, აღნიშნულ განცხადებას მხარი არ დაუჭირეს, დოლიძე აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ვიღაცას, სავარაუდოდ, სხვა დოკუმენტში აერია. მისივე თქმით, უმრავლესობაში ერთსულოვნების პრობლემა არ არის.
საეთოდაც, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, მათთვის უცნობია, რატომ გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს, კენჭისყრაზე უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს ხმა არ მისცეს. დეპუტატის გიგლა აგულაშვილის განმარტებით, მან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ დეკლარაციას არ დაუჭირა მხარი და შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა არასწორი ინფორმაციის გავრცელება.
„როგორ შემეძლო მხარი არ დამეჭირა დასავლური ღირებულებებისთვის მებრძოლი, უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი დოკუმენტისთვის. მითუმტეს, როცა ორი კვირის წინ უკრაინელებისგან მადლობაც კი მივიღე, მათ მიმართ გამოჩენილი საჯარო სოლიდარობისთვის. ვფიქრობ, ეს ინფორმაცია, ან შეგნებულად გაავრცელა ვინმემ, ან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დეკლარაცია და გუშინდელ კენჭისყრაზე გამოტანილი დეკლარაციის კენჭისყრის შედეგები აერიათ ერთმანეთში“, - აღნიშნავს გიგლა აგულაშვილი.