საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი ერთ-ერთი ყველაზე იაფი და მისაღებია მომხმარებლისთვის. ამ მხრივ ქვეყანას კიდევ აქვს პოტენციალი, რადგან ჰიდრორესურსების ათვისების დიდი პოტენციალია. ეს კი დენის იაფი წყაროების გამოყენების შესაძლებლობას აჩენს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიის ანგარიშში მოცემულია შედარებითი ანალიზი თუ რამდენს იხდის ჩვეულებრივი მომხმარებელი (არა ბიზნესი) ელექტროენერგიაში. მონაცემებზე დაყრდნობით, იკვეთება, რომ საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფის სიიაფით რეგიონში მე-2 ადგილზეა და მხოლოდ აზერბაიჯანს ჩამორჩება. აზერბაიჯანსა და რუსეთში კი ელექტროენერგიის ტარიფი შედარებით დაბალია, ვიდრე საქართველოში.
კერძოდ, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში ასეთი იყო:
სომხეთი - 31.391 თეთრი/კვტ.სთ;
თურქეთი - 23.566 თეთრი/კვტ.სთ;
საქართველო - 22.360 თეთრი/კვტ.სთ;
აზერბაიჯანი - 15.552 თეთრი/კვტ.სთ.
რაც შეეხება რუსეთს, იქ ელექტროენერგიის ტარიფი რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. საშუალო ტარიფი კი ერთ კილოვატზე 15 -16 თეთრის ფარგლებში მერყეობს.
2023 წლის მონაცემებით, საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის 76% ჰიდროენერგიაზე - ჰესებზე მოდის. გენერირებული ელექტროენერგიის 23% იყო თბოსადგურების წილი და 1% დანარჩენ განახლებად ენერგიაზე მოდიოდა. სწორედ ამიტომ არის საქართველოში სხვა ქვეყნებზე იაფი ტარიფი, მაგრამ ჰიდრორესურსების მხრივ პოტენციალი გაცილებით დიდია, რომლის ათვისების შემთხვევაში ტარიფი კიდევ უფრო ხელსაყრელი იქნება მომხმარებლისთვის.
როგორც ეკონომისტმა გიგა თვაურმა აღნიშნა, ქვეყანა ენერგორესურსების ძალიან მცირე ნაწილს იყენებს.
„შეგვიძლია თქვათ, რომ რეგიონში ტერიტორიის პროპორციულად შედარებით ევროპაშიც კი, საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს რესურსების თვალსაზრისით, თუმცა მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე, რთულდება საქართველოში ინვესტორის მოყვანა, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე ჰიდროელექტრო პროექტი გვაქვს გაანალიზებული, თუ რა სიგნალი აქვს ინვესტორებს გაგზავნილი, ეკონომიკის სამინისტრო, ერთი მხრივ, ცდილობს, რომ CFD აუქციონებით გაზარდოს გენერაცია.
სემეკმა ასევე გამოაცხადა, რომ ივლისიდან ამოქმედდება ენერგეტიკული ბირჟა და 2025 წლიდან ის სრული სიმძლავრით ჩაეშვება, ვთვლი, რომ ეს სექტორისთვის ძალიან კარგი იქნება.
მსხვილი ჰესების მიმართ მიდგომა შესაცვლელია. ჩვენ ჰიდრო რესურსების 22%-ს ვიყენებთ მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნები იმდენად განვითარებულები არიან ამ კუთხით, რომ ძალიან იშვიათია, რომ 80%-ზე ნაკლები ჰქონდეთ“, - აღნიშნა გიგა თვაურმა.
ის, რომ ენერგერესურსები მაქსიმალურად გამოსაყენებელია, ამას კარგა ხანია ადასტურებენ მთავრობაშიც. ამ მხრივ სამუშაო გასაძლიერებელია, მით უფრო, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გამოყენება სწრაფად იზრდება და რამდენიმე წელიწადში 20 მილიარდ კილოვატ საათამდე მოიმატებს.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენერგეტიკის დარგი, მეტი ადგილობრივი გენერაცია. ლევან დავითაშვილი ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური ზრდის პროპორციით იზრდება ქვეყანაში ენერგომოხმარება და ამას უნდა სდევდეს გენერაციის ობიექტების დამატება და ზოგადად, ქვეყანაში გენერაციის ზრდა.
„ჩვენი პროგნოზებით, ჩვენ 20 მილიარდ კილოვატ საათამდე ენერგიის მოხმარება მოგვიწევს დაახლოებით 2030 წლისთვის, რაც ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი სიმძლავრეების დამატება მოგვიწევს გენერაციის კუთხით. საქართველოს საკუთარი რესურსების გათვალისწინებით გააჩნია რესურსები სწორედ განახლებადი წყაროებიდან ენერგო მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ეს ადეკვატურია მსოფლიო ტენდეციების - მწვანე განახლებადი წყაროებიდან მივიღოთ ენერგორესურსები. ეს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესშიც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინიტრმა.
მისივე თქმით, გენერაციის განვითარების პარალელურად, უნდა მოხდეს ქსელის გაძლიერება, რაც გულისხმობს არამხოლოდ ქვეყნის შიდა გადაცემის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, მნიშვნელოვანია ასევე ტრანსსასაზღვრო გადაცემის ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ევროპასთან პირდაპირ დაკავშირებადობა. ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა ენიჭება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს.