„დროა, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი პარტიის დომინირებისთვის იზრუნოს“

„დროა, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი პარტიის დომინირებისთვის იზრუნოს“

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ყველა პარტია სათავისო ინტერესებზეა ორიენტირებული. რაც შეეხება პარტია „ქართულ ოცნებას“, გამართულ სტრუქტურად მისი ჩამოყალიბება დღემდე ვერ მოხერხდა. აქ ცვლილებები არაერთგზის განხორციელდა და, სავარაუდოდ, კიდევ განხორციელდება.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ იურისტი მანანა კობახიძე პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანამდე უხელმძღვანელებდა. მოგვიანებით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე მყოფი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლა, ხოლო გენერალური მდივანი კახა კალაძე გახდა. საინტერესოა, რომ აღნიშნულ პოზიციაზეც, ისევე, როგორც, სხვა პოსტებზე, დამკვიდრდა როტაციის წესი და უკვე მეხუთე პიროვნება გახდა პარტიის ხელმძღვანელი.

ცვლილებები ამით არ ამოიწურა და ამ რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია უმრავლესობის ლიდერის - დავით საგანელიძის მიერ პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის შესახებ. მართალია, საგანელიძე ირწმუნება, რომ მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და არც წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიუღია, მაგრამ იგი ადასტურებს, რომ პოლიტიკიდან წასვლისა და ბიზნესში დაბრუნების შესახებ მხოლოდ მეგობრების წრეში ისაუბრა და არ არის გამორიცხული, ეს მოხდეს საპარლამენტო ვადის ამოწურვის შემდეგ.

ამას ემატება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობიდან ზაქარია ქუცნაშვილის მოულოდნელი წასვლა, რაც ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებდა და ამას იმთავითვე დავით საგანელიძის ფაქტორს უკავშირებდნენ.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, აქაც ცვლილებები განხორციელდა და 21-დან 12-მდე შემცირდა წევრთა რაოდენობა, რაც ხარისხის ამაღლების სურვილით აიხსნა, რადგან ბევრი ადამიანი ვერ ახერხებდა პოლიტსაბჭოს სხდომაზე მისვლას.

ამ ცვლილებების მიუხედავად, ერთი რამ უცვლელია: „ქართული ოცნების“ წევრები აქამდე ბიძინა ივანიშვილზე იყვნენ დამოკიდებულნი, ახლა კი ჩნდება ეჭვი, რომ ისინი, ასევე წარმატებით, ირაკლი ღარიბაშვილის ფიგურაზე იქნებიან მიჯაჭვულნი. ამდენად, ჩვენ დავინტერესდით, რატომ ვერ ჩამოყალიბდა სტრუქტურულად ისე ძლიერად „ქართული ოცნება“, რომ გამუდმებული ცვლილებები არ განხორციელდეს და რა დაცვის მექანიზმი არსებობს საამისოდ?!

საზოგადოებრივი ურთიერთობის სპეციალისტი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ პარტიაში ცვლილებების განხორციელება სავსებით დროულია და რატომ არ განხორციელდა ეს ცვლილებები აქამდე, ამაში ლოგიკა მართლაც არსებობს.

„მეც მიმაჩნია, რომ უფრო ადრე შეიძლებოდა პარტიაზე მეტი აქცენტის გაკეთება, მით უმეტეს, საფიქრალია, თვითმმართველობის არჩევნებზე რა ფორმატით აპირებენ გამოსვლას. ნებისმიერ შემთხვევაში, კოალიციაში აღნიშნული პარტიის გაძლიერება მიზანშეწონილია თავად პრემიერისთვისაც და თავად „ქართული ოცნების“ პარტიისთვისაც. აქამდე ასეთი მნიშვნელოვანი და ეფექტური ცვლილებების პროცესი იმიტომ არ იწყებოდა, რომ მას შეიძლება მოჰყოლოდა კომენტარი კოალიციის დაშლის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ კოალიცია ფაქტობრივ დონეზე დაშლილია, ანუ ყველა თავისთვის მუშაობს პარტიაში, მაგრამ იმის გამო, რომ ცალ-ცალკე პარტიებს ეფექტური მოღვაწეობისთვის ძალზე დაბალი შანსები გააჩნიათ და, მათი ცალ-ცალკე გავლის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად გაიმარჯვებს, კოალიცია დღემდე ინარჩუნებს საერთო სახეს. ამიტომ, ამაშიც არის ლოგიკა.

თუკი დაიწყებდა პარტია „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვან გაძლიერებას ან მნიშვნელოვან ცვლილებებს, შეიძლება, კიდევ უფრო მეტად აგორებულიყო საზოგადოებრივი კამპანია იმის თაობაზე, რომ კოალიცია იშლება. ჩვენ ვიცით, რომ გარეგანი ზეწოლებით ზოგჯერ პროცესების მართვა შესაძლებელია. ვგულისხმობ საიმიჯო კამპანიას და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, მით უფრო მაშინ, როცა სიტუაცია შიგნით ხშირად სტიქიურია“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.

მისივე განმარტებით, ზოგადად, გუნდის მართვის მხრივ პრობლემები აქვს მთლიანად კოალიციასაც. ამიტომ სამომავლოდ, ალბათ, ნელ-ნელა ეფექტურობისკენ იმუშავებს პარტია „ქართული ოცნება“. უფრო მეტიც, ექსპერტის თქმით, აღნიშნული პარტია შეიქმნა იმ საზომით, რომ კოალიცია შემდგარიყო. ამდენად, თავის დროზე, ცალკე აღებულ პარტია „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებული ფუნქცია არ ენიჭებოდა. მასში არ იყვნენ ისეთი სახეები, რომლებიც საინტერესო იქნებოდნენ. მთელი აქცენტი კეთდებოდა კოალიციაზე. დღეს კი დროულიც არის და საჭიროც, რომ პარტიამ ცალკე იმუშაოს განვითარებაზე. ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილზე აქაც მნიშვნელოვანი წილი მოდის, ეს მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ პრემიერი მაქსიმალურად ცდილობს, ისეთი გუნდი შექმნას, რომელიც მას ხელს არ შეუშლის და რითაც ის დაცულ იქნება. ამის ახსნაც მარტივია - პოლიტიკურ ლიდერს ნამდვილად სჭირდება ეფექტური გუნდი.

არჩილ გამზარდიას მოსაზრებით, ღარიბაშვილმა მაქსიმალურად უნდა იმუშაოს პარტიაში ახალი და ეფექტური სახეების მიღებაზე. საუბარია პოზიტიური იმიჯის მქონე ადამიანებზე, რომლებიც განსხვავდებიან კოალიციაში შემავალი დანარჩენი წევრებისგან. ამიტომ აქცენტები უნდა გაკეთდეს პარტია „ქართული ოცნების“ დომინირებაზე, რადგან პროგრესი არის ის, რომ ხელოვნურად შეკოწიწებული კოალიციები, ბლოკები და ალიანსები არ არსებობდეს და თავად პარტიებმა მიიღონ საზოგადოებისგან შესაბამისი მხარდაჭერა.

„ბოლო პერიოდში ძალიან კარგად წარმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიდან ბევრმა გაითავისა ისეთი პარტია ან პიროვნება ამ კოალიციაში, რომელსაც სრულიადაც არ უჭერდა მხარს, ან მისი წინააღმდეგი იყო. რაც შეეხება იმას, რომ პარტია მონსტრად არ იქცეს, როგორც ეს ნაციონალების დროს იყო, ამის მექანიზმი ერთადერთია - სამოქალაქო საზოგადოების არსებობა, რომელიც რაციონალურ კონტროლს ახორციელებს ხელისუფლებაზე. თუმცა, საქართველოში ამ კუთხით რთული მდგომარეობაა. იმავე ირაკლი ღარიბაშვილის და კონკრეტული პირების ხელში ჩვენ ამ მონსტრისგან დაცულნი ვართ, მაგრამ დაცულობის ნებაც ძალიან პირობითი ცნებაა და ის შეიძლება დღეს ჰქონდეთ და ხვალ არ ჰქონდეთ. ამიტომ პიროვნებებზე ჩამოკიდება სწორი საზოგადოებრივი პროცესი არ არის“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.

პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ თავდაპირველად „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, ამ სახით სტრუქტურირებული არ ყოფილა და, რეალურად, ეს მოხდა იმ ყრილობაზე, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა თავმჯდომარის პოსტი დატოვა და ირაკლი ღარიბაშვილი იქნა არჩეული. ამდენად, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“, როგორც პარტიის დამფუძნებელი ყრილობა. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ცხადია, ბოლო პერიოდში სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებები მოხდებოდა და ეს ცვლილებები ლოგიკურია.

თუ რატომ ვერ ჩამოყალიბდა აქამდე სტრუქტურულად ისე ძლიერად „ქართული ოცნება“, რომ გამუდმებული ცვლილებები არ განხორციელებულიყო, ვახტანგ ძაბირაძეს ერთი ახსნა აქვს - რეალურად, მათ პარტიის მშენებლობისთვის არ ეცალათ. უფრო ზუსტად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და ძირითადად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას ეჩვეოდნენ. გარდა ამისა, დროც არ ჰქონდათ, რომ სერიოზულად ეფიქრათ პარტიის განვითარებაზე. ამას ემატება ისიც, რომ, როგორც ჩანს, ივანიშვილს მაინცდამაინც არ უნდოდა, პარტიის სტრუქტურირება მომხდარიყო ამ ერთი წლის განმავლობაში, რადგან პოლიტიკიდან წასვლას აპირებდა და მისი წასვლის შემდეგ, კიდევ ერთი პერსონალური ცვლილებები, ალბათ, არ სურდა.

„პროცესები მიმდინარეობს „ქართულ ოცნებაში“ და დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები - ის სახელისუფლო პარტიად ჩამოყალიბდება თუ იქნება ერთ-ერთი გამარჯვებული პარტია. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, როგორც კოალიციას, ის ვერ გადაიქცევა მონსტრად და ეს გამორიცხულია მისი მრავალფეროვნების გამო. იქ არ არის ერთი მიმართულების პარტიები, იქ არ არიან ადამიანები გაერთიანებულნი მკაცრი მსოფლმხედველობის ჩარჩოებში, რადგან არის გარკვეული სხვადასხვაობა, თუნდაც, საგარეო ურთიერთობების ტაქტიკასთან მიმართებით. თუ ეკონომიკური კუთხით მივუდგებით, იქ არიან მემარჯვენეები და მემარცხენეები, ანუ „ქართული ოცნება“ თავის თავში როგორც საგარეო ორიენტაციების, ისე საშინაოს მხრივ მოიცავს პოლიტიკური ცხოვრების თითქმის მთელ იდეოლოგიურ სპექტრს. ამას ემატება ისიც, რომ მთლად ჩამოყალიბებულნი არ არიან იმაში, როგორი ქვეყანა უნდა იყოს, უნდა იყოს ფედერალური, რეგიონალური თუ სხვა. როგორც ჩანს, აქაც სხვაობებია. გარდა ამისა, მათი დემოკრატიულობის დონეც განსხვავებულ შეხედულებებს იწვევს. ეს რამდენიმე ფაქტორი „ქართულ ოცნების“ კოალიციას ერთიან მონსტრად ჩამოყალიბების უფლებას არ მისცემს“, -აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, პოლიტოლოგის განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი. თუ „ქართული ოცნება“ დარჩება დამოუკიდებელ პარტიად, ყველაფერი კარგად იქნება და ის იქნება არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ, თუ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყება იმის ტენდენცია, რომ ის თანდათან გადაიქცეს სახელისუფლო პარტიად, მაშინ მივიღებთ იმავე შედეგს, რაც ნაციონალების დროს.

კერძოდ, ნაციონალური კოალიცია ერთი წლის შემდეგ დაიშალა და ჩამოყალიბდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობად“, რომელიც, თავის მხრივ, გადაიქცა მონსტრად, რომლის გარშემოც, ყველა, ვინც მას მხარს არ უჭერდა, უბრალოდ, გადიოდა პოლიტიკური ასპარეზიდან.

ექსპერტის აზრით, მსგავსი ხიფათი დღესაც არსებობს და ეს არის ყველაზე მძიმე ტვირთი, რასაც პოლიტიკოსებმა და მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაუძლოს.

უფრო მეტიც, თუ ქვეყანა ისევ იმ გზით წავიდა, მაშინ ჩვენ იმავე ჭაობში შევალთ, საიდანაც ჯერჯერობით არ გამოვსულვართ, მაგრამ განცხადებების დონეზე გვინდა, თავი დავაღწიოთ ამ ჭაობს და წესიერი ქვეყანა შევქმნათ. ამიტომ ამ პრობლემაზე უნდა იფიქრონ უპირველესად „ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერებმა და, ასევე - ხელისუფლებამაც.