უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა რიგით მეორე რეზოლუცია მიიღო, მაგრამ უმცირესობა მაინც უკმაყოფილოა.
საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და კიევში მიმდინარე პროცესების თაობაზე ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც თვლის, რომ საქართველოს პარლამენტს ტერმინის - „რუსეთის როგორც პრობლემის“ გამოყენების ეშინია.
რეზოლუციაში, რომელიც უმრავლესობამ 86 მომხრე ხმით მიიღო, აღნიშნულია, რომ „საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს უკრაინელი ხალხის ნებას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს და სჯერა, რომ მიუხედავად არსებული პრობლემებისა, საქართველოც და უკრაინაც ღირსეულ ადგილს დაიკავებენ საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის სივრცეში“.
ამას გარდა, დოკუმენტში ხაზგასმულია ის, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესში, ამ ქვეყნებს არჩევანის გაკეთების თავისუფლება ხელუყოფელი უნდა ჰქონდეთ და რუსეთს, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება აღნიშნულ პროცესში ჩაერიოს.
„საქართველოს პარლამენტი ასევე მიესალმება ევროკავშირისა და უკრაინის ძალისხმევას, რომ ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე მოლაპარაკებები განახლდეს. გვჯერა, რომ შექმნილი ვითარებიდან, უკრაინის პოლიტიკური ლიდერები ღირსეულ, მშვიდობიან და ხალხისთვის სასარგებლო გამოსავალს გამონახავენ“, - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ აკრიტიკებს.
იმის მიუხედავად, რომ დოკუმენტში ნახსენებია - რუსეთი, უმცირესობა მაინც თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას და პარლამენტს სიტყვა - რუსეთის გამოყენების ეშინია.
როგორც for.ge-ს გოკა გაბაშვილმა განუცხადა, გასულ კვირას, პარლამენტში უმცირესობის მიერ მომზადებული დოკუმენტი ჩავარდა, სადაც ქართველი ხალხი უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებდა. მისი თქმით, ხელისუფლება რუსეთს - როგორც პრობლემას ვერ ახსენებს.
„ახალი ტექსტი იმას გულისხმობს, რომ პროცესებში არც რუსეთი და არც რომელიმე სხვა მხარე არ უნდა ჩაერიოს. ტოლობის ნიშნის დასმა უადგილოა, რადგან უკრაინისთვის ასოცირების ხელშეკრულების შეთავაზება არანაირი ზეწოლა არ არის. ეს არც მათი სუვერენიტეტის შეზღუდვაა. მართალი გითხრათ, პარლამენტი ვერ ამბობს, რომ პრობლემა პუტინი და რუსეთია. ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს თავწახრილ, გაუგებარ და რუსეთისგან დაშინებულ პოზიციას. უკრაინაში მიმდინარე პროცესებს მსოფლიო ლიდერები გმობენ და საქართველოს პარლამენტს რა გაუხდა, რომ თქვას რაშია პრობლემა?! უკრაინის ევროპულ განვითარებას პუტინი აფერხებს და არა ბომბეი. ამას საქართველო რომ ვერ ამბობს, ეს ძალიან სამწუხაროა“, - აცხადებს გაბაშვილი, რომლის პოზიციასაც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სერიოზულად არ აღიქვამს.
for.ge-სთან საუბარში ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ხელისუფლება შედეგზე ორიენტირებულია და არა პიარ-კამპანიებზე.
„ოპონენტების განცხადებების სერიოზულად აღქმა, რთულია. ბევრი ვიმუშავე, რომ განცხადება ერთობლივად მიგვეღო. თუ შედეგზე ორიენტირებული ვართ, მაშინ დიპლომატიას ვიყენებთ. ნაციონალები როგორც იქცეოდნენ, ისეთივე შედეგები მიიღეს. უკრაინაში მიმდინარე პროცესები დელიკატური საკითხია. უკრაინელ ხალხსა და მთავრობის ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ევროპისკენ იქნება მიმავალი, მხარს ვუჭერთ, მაგრამ ბოლო პერიოდში, გამოჩენილ ძალადობაზე რეაგირების არგაკეთება შეუძლებელი იქნებოდა. ეს კი ნაციონალებისთვის წამგებიანია“, - განუცხადა for.ge-ს დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში პროცესები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობამ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე უარი განაცხადა. კიევი უკვე რამდენიმე კვირაა აქციებმა მოიცვა და ადგილი ჰქონდა საპროტესტო გამოსვლების დარბევასაც, რის გამოც, მსოფლიო ლიდერები უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.
მათ მსგავსად, საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია გასულ კვირას მიიღო, რაც პარლამენტში დაპირისპირების მიზეზი გახდა. პოლიტიკური ძალები რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. უმცირესობის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, უკრაინაში განვითარებული მოვლენები იყო შეფასებული და მასში აქცენტი გაკეთებულია იმ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ზეწოლაზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის მიმართ ახორციელებს. მმართველი ძალის დოკუმენტში კი, ყურადღება ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობაზე იყო გამახვილებული.
გასულ კვირას, პარლამენტის გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული ოთხპუნქტიანი გეგმა ჩავარდა, უმრავლესობის რეზოლუცია კი, 66 ხმით იქნა მიღებული, რომლის გათვალისწინებითაც, ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამდა, ყველა საჭირო ზომა მიიეღო, რათა 2014 წელს, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა განხორციელებულიყო.