თბილისის საკრებულო უკრაინის დროშის ფერებში განათდა

თბილისის საკრებულო უკრაინის დროშის ფერებში განათდა

დღეს ღამით თბილისში, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხდა, მიზეზი უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამომხატველი აქცია გახდა. საქართველოსა და უკრაინის დროშებით და უკრაინულწარწერიანი პლაკატებით აქცია დიდი საკონცერტო დარბაზის წინ დაიწყო და თავისუფლების მოედნაზე დასრულდა.

„უკრაინა! სლავა უკრაინა!“ - სკანდირებდნენ სოლიდარობის აქციის მონაწილეები, რომელთა შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჭარბობდნენ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის ევროპისკენ სწრაფვას და როგორც მოძმე ერი, მის გვერდით ვიქნებით ბოლომდე“, - უთხრა For.ge-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ილია ღლონტმა.

უკრაინელი ხალხისთის სოლიდარობის გამოსაცხადებლად ფილარმონიასთან პოეტი დავით-დეფი გოგიბედაშვილიც მივიდა.

„უკრაინელი ხალხი დღეს თავისუფლებისთვის იბრძვის. ვფიქრობ, ამ დღეებში მიმდინარეობს ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძოლა თავისუფლებისთვის. დღევანდელი სამყარო ტირანიად და თავისუფალ სამყაროდ იყოფა. ტირანია ეს არის რუსეთი, კრემლი, პუტინი. თავისუფალი სამყარო არის - ყველა და ყველაფერი დანარჩენი“, - აღნიშნა For.ge-სთან საუბრისას დავით-დეფი გოგიბედაშვილმა.

საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეებიდან საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობა კობა ხაბაზმა, თეა თუთბერიძემ, ანდრო ბარნოვმა, ბაჩო ახალაიას მეუღლემ და სხვებმაც მიიღეს.

„ჩვენი ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრი“ დღეს სრული შემადგენლობით შეუერთდა ამ აქციას, სწორედ, იმიტომ, რომ ჩვენ გვერდში უდგავართ უკრაინელ ხალხს თავის ევროპულ არჩევანში. უკრაინელები და ქართველები ევროპის განუყოფელი ნაწილნი ვართ, ამას ხელს ვერც პუტინი და ვერც მისი დამქაშები შეუშლიან. ჩემმა მეუღლემ განცხადებაც გაავრცელა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, თავისუფალი რომ იყოს აქ იქნებოდა, ამიტომ მე ორმაგად ვდგევარ უკრაინელი ხალხის გვერდით - მისი და ჩემი სახელითაც“,- თქვა For.ge-სთან საუბრისას ბაჩო ახალიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა.

დიდი საკონცერტო დარბაზიდან „თავისუფლების მოედანზე“ მისულ აქციის მონაწილეებს უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათებული საკრებულოს წინ დახვდნენ თბილისის მერი გიგი უგულავა, თბილისის სხვადასხვა რაიონის გამგებლები, საკრებულოს ნაციონალი წევრები და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე.

„ვარდებისა და ნარინჯისფერი რევოლუციების შემდეგ ჩვენი კოლეგებისგან, მეგობრებისგან, საქართველოს გულშემატკივრებისგან და მათ შორის უკრაინელებისგან ყოველთვის გვესმოდა - თუ შეძლო საქართველომ, შეძლებს უკრაინაც. საქართველო იყო ერთგვარი მოდელი არა მხოლოდ ნარინჯისფერი, არამედ, მომდევნო მთავრობისთვის. მაგრამ დღეს სიტუაცია სხვაგვარად დგას - დღეს თუ შეძლებს უკრაინა, შეძლებს საქართველოც. სწორედ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენი მოქალაქის მხრიდან სოლიდარობა იმ ხალხის მიმართ, რომელსაც უნდა ერთადერთი რამ - ევროპაში ყოფნა. თუ დღეს შეძლებს უკრაინა, ხვალ შეძლებს საქართველო“, - განაცხადა თბილისის მერმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ კი აღნიშნა, რომ დღეს უკრაინის მაიდანზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბედიც წყდება და პროტესტის შედეგი გადამწყვეტი იქნება რუსეთისთვისაც, რადგან, თუ რუსეთი უკრაინას ევრაზიულ კავშირში ვერ შეიყვანს, მისი ინიციატივით დაფუძნებული ეს ორგანიზაცია უფუნქციო იქნება.

საქართველოს პარლამენტმა კი დღის ბოლოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება მიიღო, რომლითაც უკრაინელ ხალხს ევროპული ოჯახის წევრობისთვის ბრძოლაში სოლიდარობა გამოუცხადა და ბოლო დღეების განმავლობაში კიევში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა დაგმო. სპეციალურ განცხადებას პარლამენტის დარბაზში მყოფმა 86-მა დეპუტატმა მხარი ერთხმად დაუჭირა.