„მე ჩემს კუთხეს ძალიან კარგად ვიცნობ, ნუ ბლატაობ, შე ჩმორო“, - ამ რეპლიკით მიმართა სოსო ჯაჭვლიანმა ოპონენტ გიორგი ბარამიძეს. შელაპარაკება ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უმცირესობასა და უმრავლესობას შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი სოსო ჯაჭვლიანის პოლიტიკური განცხადება გახდა, სადაც მან 2004 წელს, გიორგი ბარამიძის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, სვანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრა, რა დროსაც აფრასიძეების ოჯახის რამდენიმე წევრის ლიკვიდაცია მოხდა.
ჯაჭვლიანის გაღიზიანება ბარამიძის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც ყურადღება უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე გაამახვილა და საქართველოს მთავრობას მხარდამჭერი განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდა.
ჯაჭვლიანის შეფასებით, ეს ის ბარამიძეა, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ აღიარა, როგორ დაესხა თავს აფრასიძეების ოჯახს 1500 ჯარისკაცით და 12 ვერტმფრენით.
„ეს ის ბარამიძეა, რომელმაც ბავშვებს თვალწინ მოუკლა ბიძა და ბაბუა, შებილწეს საფლავები, გაატყავეს ადამიანები, მთელ საქართველოს ამცნეს, რომ კალაძის ძმა და გატაცებული ადამიანების საფლავები აღმოაჩინეს. მათ სურდათ, შეეძულებინათ სვანეთი საქართველოსთვის. სპეცოპერაცია იმით გაამართლეს, სვანეთი დავაშინეთ და დავაჩმორეთო. თქვენ თქვენი თავი და ოჯახები დააჩმორეთ და არა - სვანეთი. მოვუწოდებ შინაგან საქმეთა მინისტრს, ხშირად ჩაატაროს რეიდები დამნაშავე „ნაციონალების“ დასაცავად, სადმე არ გადაგეყარონ თქვენ მიერ ნამუსახდილი ადამიანები და არ იხმარონ თქვენი სიმბოლო – ცოცხი და „დუბინკა“. ბარამიძე თავად ამბობს, დამკითხეთო. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოიძიონ ყველა დეტალი. მე კარგად ვიცნობ ჩემს კუთხეს და მინდა მივმართო ბარამიძეს, ნუ ბლატაობ, შე ჩმორო“, - ამ მიმართვით დაასრულა საკუთარი გამოსვლა სოსო ჯაჭვლიანმა, რომლის განცხადებასაც თავად ბარამიძე ბილწსიტყაობით შეხვდა.
ბარამიძემ საკუთარი ადგილიდან ფურცლები გაისროლა და ჯაჭვლიანის მიმართ გინებაც „არ დაიშურა“, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დეპუტატების ჩხუბში როგორც უმრავლესობის წევრები, ასევე უმცირესობის წევრები ჩაერთვენ და ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.
დავით უსუფაშვილის შეფასებით, ის რაც სხდომათა დარბაზში მოხდა, რეაგირების გარეშე არ დარჩება.
„რაც ამ წუთებში მოხდა, ამას რეაგირება მოჰყვება. ამასთანავე, არავის ავურჩევივართ იმისთვის, რომ გარჩევები დავიწყოთ. როგორმე უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი გართულებები, რა მძიმე საკითხებსაც არ უნდა ეხებოდეს საქმე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
ჯაჭვლიანსა და ბარამიძეს შორის დაწყებული კონფლიქტი, საბოლოო ჯამში იმით დასრულდა, რომ დარბაზიდან ჯაჭვლიანი გაიყვანეს, ბარამიძე კი, საკუთარი ადგილიდან ბილწსიტყვაობას განაგრძობდა და ამბობდა, რომ „კონფლიქტი მას არ დაუწყია“.