„იანუკოვიჩისთვის სავარძელი უფრო ძვირფასია, ვიდრე საკუთარი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა“

„იანუკოვიჩისთვის სავარძელი უფრო ძვირფასია, ვიდრე საკუთარი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა“

რა უნდა გააკეთოს ევროპამ, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ ქვეყნებს რუსეთთან მიმართებით დამცავი მექანიზმები შეუქმნას?! ამ კითხვაზე პასუხი ძალიან რთულია, რადგან ევროპის საპირწონედ დგას რუსეთი, მთელი თავისი დერჟავული სულისკვეთებით. პუტინი კი არა მხოლოდ უკრაინის დათმობას არ აპირებს, არამედ არასდროს აპირებს კავკასიიდან წასვლას.

ქართულ საზოგადოებაში ჩნდება მოსაზრება, ევროპა თუ არ დაიცავს უკრაინას, შემდეგი ჯერი საქართველოზე მიდგება და პუტინის რუსეთი კვლავაც შეეცდება საქართველოსთან მიმართებით ძალების მოსინჯვას.

ქართველი ექსპერტები უკვე აკეთებენ მკვეთრ შეფასებებს, რომ ევროპისთვის უკრაინას ასჯერ მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საქართველოს, თუმცა ამის მიუხედავად, ბრიუსელმა უკრაინა „გადააგდო“. ამდენად, იმის გარანტია, რომ ევროპელები რუსეთის აგრესიისგან საქართველოს დაიცავენ, არ არსებობს.

რაც შეეხებათ რუს ექსპერტებს, „იანუკოვიჩისა და ევრომაიდანის“ კონტექსტში ისინი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის სამ შესაძლებელ ვარიანტს განიხილავენ, საიდანაც, ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს დამარცხება ელის. კერძოდ, პირველი - ნიკოლაი აზაროვის მინისტრთა კაბინეტის დათხოვნა და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებაა, მეორე - მაიდანის იგნორირება და დემონსტრანტებზე ზეწოლის მოხდენა და მესამე - მაიდანზე სისხლის დაღვრა, ანუ მომიტინგეების დარბევა. ამით იანუკოვიჩს დიქტატორის სახელი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გარანტირებული ექნება.

ამასობაში ევროპელები ნელ-ნელა აქტიურდებიან. უკრაინაში მასობრივ არეულობაზე დაკვირვების ფონზე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო გრძნობს, რომ ევროკავშირი ვალდებულია, უკრაინას გვერდით დაუდგეს.

„შეხედეთ უკრაინას, ეს ახალგაზრდები გაყინულ ქუჩებში ევროპის ნარატივს წერენ. ჩვენ ვხედავთ კიევის ცივ ქუჩებში კაცებსა და ქალებს ევროკავშირის დროშებით ხელში. ისინი იბრძვიან უკრაინისა და მათი მომავლისათვის. მათ იციან, რომ ევროპა არ არის მხოლოდ ეკონომიკური განვითარების მხარე. მათ ნახეს, რაც მოხდა პოლონეთში, რაც მოხდა ბალტიის ქვეყნებში, მათთვის ევროპა არის, ასევე, იმედისა და თავისუფლების დაპირება. მე ვფიქრობ, ევროკავშირს აქვს უფლება და მოვალეობაც, რომ დაუდგეს გვერდით უკრაინელ ხალხს ამ ძალიან რთულ მომენტში“, - განაცხადა ჟოზე მანუელ ბაროზომ.

ამას მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯებიც და აქამდე მდუმარე ევროპა შეეცადა პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კეთრინ ეშტონი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდი ვითარების დარეგულირების მიზნით უკრაინაში ჩავიდნენ.

პარალელურად, უკრაინის გამო რუსეთი ევროპას აკრიტიკებს და დასავლელ პოლიტიკოსებს აქეთ მოუწოდებს, შეწყვიტონ უკრაინის ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლა. ეს მაშინ, როცა ყველას კარგად ახსოვს ვილნიუსის სამიტზე ვიქტორ იანუკოვიჩის თავის მართლების რეჟიმში ყოფნა, რომელიც, თავის მხრივ, პრივატულ საუბარში უხსნიდა გერმანიის კანცლერს - ანგელა მერკელს, როგორ აღმოჩნდა უკრაინა სამწელიწადნახევრის განმავლობაში მარტო რუსეთის მხრიდან ზეწოლის უთანასწორო პირობებში.

და მაინც, როგორ მოახერხებს ევროპა უკრაინისთვის თანადგომის გამოხატვას და რა ბერკეტები გააჩნია ვითარების განსამუხტად?!

For.ge-სთან საუბარში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი არაკომპეტენტურად მიიჩნევს ცალკეულ ექსპერტთა მოსაზრებას, თითქოს, ევროპამ უკრაინა „გადააგდო“. მას კარგად ესმის მაქსიმალისტების პოზიცია, რომელთაც სურთ, რამდენიმე დღეში შეწყდეს ზეწოლა რუსეთიდან, მაგრამ ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება. ფაქტია, რუსეთს უკრაინაზე ზეწოლის მეტი საშუალება გააჩნია, ვიდრე ევროპას. ამდენად, მხოლოდ უკრაინის მოსახლეობა იქნება ის სუბიექტი, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიაღებინებს უკრაინის ხელისუფლებას, ან უკვე დაიწყებს ზრუნვას იმპიჩმენტზე, რისი უნარიც თავის დროზე საქართველოს პარლამენტს არ აღმოაჩნდა.

ექსპერტის აზრით, ევროპის ძალისხმევა სრულიად თვალსაჩინოა და იგი მიმართულია რუსეთის მხრიდან არაადეკვატური ნაბიჯების აღსაკვეთად და უკრაინის ხელისუფლების გაფრთხილების რეჟიმში დასატოვებლად, რათა მან არ გაბედოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. უფრო მეტიც, სრულიად კოორდინირებულია ეს მდგომარეობა შეერთებული შტატების პოზიციასთანაც. ანალოგიური ზეწოლა ხდება ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებებითაც.

„დარწმუნებული ვარ, უკრაინის, როგორც პარტნიორის, შენარჩუნება იმდენად მნიშვნელოვანია თავად ევროკავშირისთვის, რომ იგი არ დაიშურებს ძალებს იმისთვის, რომ რუსეთს ბოლომდე დაანახოს თავისი ქმედებების უკანონობა. უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვადასხვა ბერკეტს შორის გამოყენებულ იქნება ნეგატიური დამოკიდებულების პერსპექტივა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამიტომაც დღეში ორჯერ მაინც ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები მოძღვრავენ იანუკოვოჩს. ძნელი წარმოსადგენია, რომ რაიმე მიზეზით ასეთი ურთიერთობა შეწყდეს. ასეთ მიზეზად შეიძლება გამოდგეს მხოლოდ ვერაგული ნაბუჯი იანუკოვიჩის მხრიდან, რომელიც, რასაკვირველია, კვლავ რუსეთის წნეხის ქვეშ არის მოქცეული“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

ამასთან, იგი უკრაინის მოვლენებში საქართველოსთან პირდაპირ კავშირს ვერ ხედავს. მისი აზრით, რუსეთს შესწევს იმის უნარი, რომ, როდესაც მოისურვებს რაიმე ტიპის ზეწოლას, განახორციელოს კიდეც როგორც უკრაინის, ისე საქართველოს და სხვა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებზე. თუმცა იმის გაცნობიერებაც მოუწევს რუსეთს, რომ საქართველომ თითქმის მეოთხედი საუკუნით უფრო ადრე გადადგა ის ნაბიჯი, რასაც დღეს დგამს უკრაინა. საუბარია ლენინის ძეგლის დემონტაჟზე ცენტრალურ მოედანზე. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, საქართველოსთვის უცხო არ არის ასეთი ტიპის მზაკვრული ნაბიჯები რუსეთის მხრიდან და ასეთი ზეწოლის შემთხვევაში, საქართველო გაძლებს და ძირითად სათქმელს ღირსეულად იტყვის, როდესაც უკვე ხელმოწერით დააფიქსირებს თავის პოზიციას ევროკავშირთან მიმართებით.

ექსპერტი კონტრშეკითხვას სვამს, განა რა ინსტრუმენტები გააჩნია ევროკავშირს უკრაინის დასაცავად? თუ ვინმეს აქვს იმედი, რომ ბაროზო დააპატიმრებს პუტინს, მაშინ ყველაფერი დასრულებულია. ამიტომ განცხადებების გარდა ევროკავშირის მხრიდან სხვანაირ რეჟიმში საუბარი წარმოუდგენელია.

„ბაროზო იტალიაში მივლინების დროს მიმართავს იანუკოვიჩს, ეშტონი ჩადის უკრაინაში. ისმის პირდაპირი მუქარა, რომ თუ იანუკოვიჩი ძალას გამოიყენებს, მაშინ ჩაიშლება ადრიან გაზაფხულისთვის დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის სამიტი. თუ ეს უნდა უკრაინის ხელისუფლებას, მაშინ ის მუდმივად წააწყდება ევროპისგან წინააღმდეგობას და, პრაქტიკულად, მივიღებთ მეორე ბელორუსიას. ამას აცნობიერებს უკრაინელი ხალხი და ამჟამად მხარდაჭერა სწორედ მათ სჭირდებათ. რაც შეეხება იანუკოვიჩს, ზოგიერთი სხვა პრეზიდენტის მსგავსად, ის მოტივირებულია, შეინარჩუნოს სავარძელი და მოიგოს შემდგომი არჩევნებიც. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მისთვის სავარძელი უფრო ძვირფასია, ვიდრე საკუთარი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უკრაინის მაგალითი საინტერესოა იმ მხრივ, რომ სულ მალე ყველანი დავრწმუნდებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ მხოლოდ ფორმალური, სიმბოლური მნიშვნელობა, თუ ქმედითი მნიშვნელობა. ამ კონტექსტში, ჩვენთვის, საქართველოსთვის ნებისმიერი პასუხი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება საგარეო ორიენტირების მართვის კუთხით.

„უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, ერთი მხრივ, თვალს ვადევნებთ, როგორც თანაგრძნობით პროცესს და, მეორე მხრივ, საინტერესოა, რამდენად აისახება პირადად ჩვენთან მიმართებით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, საუკეთესო შემთხვევაშიც კი, საქართველომ რა შეიძლება მიიღოს ამ ორგანიზაციებისგან და რამდენად მარტო იქნება თანამედროვე გამოწვევებთან მიმართებით. თუკი აღმოვაჩენთ, რომ მათ რეალური ფუნქციური დატვირთვა გააჩნიათ და შეუძლიათ, უკრაინელ ხალხს დაეხმართონ პროცესების წარმართვაში ისე, რომ ხალხმა და ქვეყანამ საკუთარი მომავლისთვის არჩეული პერსპექტივა მიიღოს, მაშინ ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნები, თუ რატომ არ იყო აქამდე ქმედითი ეს საერთაშორისო საზოგადოება საქართველოსთან მიმართებით?! საქართველო საკუთარ კონფლიქტებში არის ცამდე მართალი, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე, გარკვეული შეცდომები დაუშვა მისმა ხელისუფლებამ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი ხალხი დევნილობაშია. ამიტომ ეს შეკითხვა პასუხს საჭიროებს“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.

მისივე განმარტებით, თუკი ევროპა ასე ადვილად არჩევს მასთან დამეგობრებულ ქვეყნებს და მათ თანაბარ საზომში არ განიხილავს, მაშინ სრულიად მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფსევდოევროპულ ფასეულობებთან გვაქვს საქმე. ეს მაშინ, როცა, თანამედროვე სტანდარტით, უკრაინაც და საქართველოც თანაბრად პრიორიტეტული უნდა იყოს და აქ არ უნდა იყოს საუბარი დიდ და პატარა ქვეყნებზე, მიუხედავად მათი „ზომისა თუ წონისა“.

ამასთან, ექსპერტი ფიქრობს, რომ, თუკი ვნახავთ, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები არის ყალბი, ბუტაფორია და რეალურად საკუთარ ინტერესთა გამკლავებაც არ ძალუძთ, მაშინ ღირს კი ასეთი სიმბოლური წევრობა, რასაც ევროპულ თანამეგობრობაში შესვლა ჰქვია?!

„ჩვენი და უკრაინელი ხალხის ორიენტირი ევროპული ფასეულობებია და საინტერესოა, ამ დრამატულ სიტუაციაში თავად ევროპა რამდენად დგას ახლოს ამ ფასეულობებთან. ევროპა - ეს არის ევროპული ფასეულობების რეალური განხორციელება და ჩვენ ამ პროცესის მონაწილეები ვართ, თუ ამ ფუჭ პროცესთან გვაქვს საქმე?! საქართველომ უნდა იცოდეს, რა გარანტიები აქვს და უკრაინამ უნდა იცოდეს, მას რა გარანტიები აქვს. რამდენად შეუძლია ჩვენს არჩევანს ევროპა რეალურად წაადგეს და არა ფორმალურად“, -  გვითხრა არჩილ გამზარდიამ და კითხვა დასვა - წინა ხელისუფლება რეალურად ებრძოდა პუტინის ინტერესებს, თუ მხარში ედგა მას? მით უფრო, რომ, ერთი მხრივ, ყოველთვის წინააღმდეგი იყო ჩვენი რიტორიკა რუსეთთან მიმართებით, მაგრამ, მეორე მხრივ, შედეგები ყოველთვის რუსეთისთვის სასურველი იყო.

დღესაც რთული გასარჩევია, პუტინი რა ფორმით შეეცდება საქართველოსთან მიმართებით პროცესების მართვას.