კურილიის სადავო კუნძულების გამო მოსკოვსა და ტოკიოს შორის პერმანენტული დაძაბულობა არ ნელდება. იაპონიის პრემიერმა ნაოტო კანმა პრეზიდენტ მედვედევის ბოლო ვიზიტს კურილიის კუნძულებზე „უპატიებელი შეურაცხყოფა“ უწოდა. რუსეთის საგარეო მინისტრმა კი ეს განცხადება „არადიპლომატიურად“ მიიჩნია.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის ნაოტო კანის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის კურილიის კუნძულებზე განხორციელებულ ვიზიტს ეხება არადიპლომატიურია და ისინი მკვეთრად ეწინააღმდეგება კანისა და მედვედევის მოლაპარაკებების ტონალობას აზიურ-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
„ეს გამონათქვამები აშკარად არადიპლომატიურია და ისინი ღიად ეწინააღმდეგება იმ თავაზიან და პოზიტიურ ტონალობას, რომელი პრემიერ-მინისტრის ნაოტო კანისა და რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მოლაპარაკებებისთვის იყო დამახასიათებელი გასული წლის შემოდგომაზე იოკოჰამაში გამართული შეხვედრის დროს“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტისა და რუსეთის უმაღლესი პირების ვიზირები ქვეყნის სხვა და სხვა რეგიონებში - ეს რუსეთის საშინაო საქმეა.
თუმცა სერგეი ლავროვი ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლოა მსგავსი გამონათქვამები დაკავშირებულია იმასთან, რომ დღეს იაპონიაში ე.წ. ჩრდილოეთის ტერიტორიის დღეს აღინიშნება.
მისივე თქმით, შესაძლოა, იაპონიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ „არ ჩამორჩენოდა“ იაპონიის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ თემასთან დაკავშირებით, „საკმაოდ მიუღებელი ფორმებით იქცევიან“.
„განსაკუთრებით სამწუხარო და სავალალო კი არის ის, რომ იაპონიის მთავრობა არა მხოლოდ აფინანსებს ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ ბოლო დროს ეს დაფინანსება გაზარდა კიდეც“, – აცხადებს სერგეი ლავროვი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნული განცხადების გაკეთებისას აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავინდებურად მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს იაპონელ მეზობლებთან ამ რეგიონებში კონკრეტული პროგრამების განსახორციელებლად.
„ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მრავალმხრივი ურთიერთქმედება იაპონიასთან ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის მშვიდობიანი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით იმ მიდგომების საფუძველზე, რომლებიც პრეზიდენტმა მედვედევმა პრემიერ ნაოტო კანს იოკოჰამაში ჩამოუყალიბა.
რა თქმა უნდა, ასევე საფუძველი უნდა იყოს ის, რომ ეს საუბარი წარიმართოს მეორე მსოფლიო ომის შედეგების უცილობელი აღიარების პოზიციიდან“, – განაცხადა ლავროვმა.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის პრემიერ მინისტრმა ნაოტო კანმა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ვიზიტს კურილიის კუნძულებზე „უპატიებელი შეურაცხყოფა“ უწოდა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ იაპონია მზადაა კურილიის კუნძულების კუთვნილების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად და ქვეყნებს შორის მშვიდობიანი ხელშეკრულების გაფორმებისათვის.
ამას გარდა, ნაოტო კანი ასევე ტოკოში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და კუნძულის იაპონიისათვის გადაცემა მოითხოვა. აღნიშნული მიტინგი ტოკიოში რუსეთის საელჩოს მიდამოებში გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიტინგის მონაწილე დემონსტრანტებმა შეურაცხყვეს რუსეთის დროშა - დააწერეს მას ლოზუნგები და რუსეთის საელჩოს შორიახლოს ასფალტზე ათრიეს. ტოკიოში რუსეთის საელჩოს შენობას რამდენიმე ასეული პოლიციელი იცავს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კურილიის კუნძულები, რომლებზეც პრეტენზიას იაპონია აცხადებს 2010 წლის ნოემბერში მოინახულა. ამან იაპონიის გაღიზიანება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, აღნიშნული კუნძულები მიმდინარე წლის 4 თებერვალს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა მოინახულა.
ასევე, ცნობისთვის, იაპონია კურილიის კუნძულებზე თავის პრეტენზიას საფუძვლად უდებს 1855 წელს გაფორმებულ ორმხრივ ტრაქტატს ვაჭრობისა და საზღვრების შესახებ. მოსკოვის პოზიცია კი იმაში მდგომარეობს, რომ სამხრეთ კურილიის კუნძულები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში (სამართალმემკვიდრე კი, რუსეთის ფედერაციაა) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შევიდა და რუსეთის სუვერენიტეტი ამ კუნძულებზე ეჭვგარეშეა.
გასულ წელს იაპონიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კურილიის კუნძულებს (რომელსაც რუსეთი აკონტროლებს), იაპონიის ტერიტორიად აღიარებს. კანონის მიხედვით, კუნძულები იტურუპი, შიკოტანი და კუნაშირი იაპონიის განუყოფელი ნაწილია. იაპონიის პრემიერ–მინისტრის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს ამ კუნძულების ოკუპაციას.