თვითმმართველობის კოდექსი - როგორ იქმნება პროდუქტი

თვითმმართველობის კოდექსი - როგორ იქმნება პროდუქტი

დავით ნარმანიას უწყება დათმობაზე მიდის - გუბერნატორებთან არსებულ საბჭოს, რომელიც მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანებას ქმნის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი არ მიენიჭება და ის საკონსულტაციო ორგანოდ ჩამოყალიბდება.

აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე განცხადება მმართველი გუნდის ლიდერებმა - გია ჟორჟოლიანმა და დავით ბერძენიშვილმა დღეს, საკომიტეტო მოსმენისას გააკეთეს და პარლამენტში თვითმართველობის კოდექსის განხილვა მეშვიდე კარის სადაო ნორმების ჩასწორებით დაიწყო.

კერძოდ, გუბერნატორებთან არსებული რეგიონალურ-კოლეგიალური ორგანო იმ სახით, როგორითაც მთავრობა პარლამენტს სთავაზობდა, აღარ შეიქმნება. აღნიშნული ორგანოს ნაცვლად, საკონსულტაციო საბჭო  სახელწოდებით „სამხარეო საკონსულტაციო საბჭო“ შეიქმნება, რომელიც გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე ამოქმედდება და გამგებლის, მერების საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სახით იქნება წარმოდგენილი.

გია ჟორჟოლიანის მოსაზრებით, მიზანშეწონილია, რომ საკონსულტაციო ორგანოში იყოს არა პოლიტიკური წარმომადგენლობა, რაც მთავრობის პროექტის მიხედვით, მასში მუნიციპალიტეტებიდან არჩეული წევრების შეყვანას გულისხმობს, არამედ ექსოფიციო წევრები.

„ექსოფიციო წარმომადგენლები შეიძლება იყოს გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე ან მოადგილე, რითაც საბჭოს პოლიტიკური წარმომადგენლობის შინაარსი გამოეცლება და საკონსულტაციო ორგანოს ფუნქცია ექნება. ანუ, ცენტრალური ხელისუფლება თავის უფლებამოსილებას გუბერნატორის მეშვეობით განახორციელებს, ხოლო გუბერნატორი დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას კონსულტირებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან გაივლის. ეს იქნება ორგანო, რომელიც გუბერნატორის მიერ მთავრობის მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებისას, სათათბირო ფუნქციას გასწევს. ამ ორგანოს არ ექნება ფუნქცია, შეაჩეროს, ან სადაო გახადოს გუბერნატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები“, - განმარტავს ჟორჟოლიანი, დავით ბერძენიშვილი კი წინადადებით გამოდის, რომ გუბერნატორებთან არსებული საკონსულტაციო საბჭოები შეიქმნას.

დავით ბერძენიშვილის შეფასებით, მისი წინადადება ოპტიმალური ფორმაა და ამ ნორმით, თვითმართველობის წარმომადგენელთა რანგი და ფასი გაიზრდება.

„ანუ, გუბერნატორთან კონსულტაციების გასამართად მაღალი ნდობის მქონე პირები წავლენ. ფორმირების ეს წესი, კანონპროექტში წარმოდგენილი ნორმისგან განსხვავდება. რეგიონების დონეზე სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების ჩამოყალიბება უკეთესი ვერსიაა, იმიტომ, რომ თვითმართველობაში ყველაზე მაღალი ნდობის მქონე არჩეული პირები გუბერნატორის საკონსულტაციო ორგანოში, საკუთარი ინტერესების დამცველები იქნებიან“, - განუცხადა for.ge-ს ბერძენიშვილმა, რომელიც სეპარატიზმის საფრთხეს როგორც მის წინადადებაში, ასევე მთავრობის მიერ წარდგენილ ვერსიაშიც ვერ ხედავს, რომლის გათვალისწინებითაც, მუნიციპალიტეტების რეგიონულ გაერთიანებად სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ინსტიტუტი ყალიბდება, რომლის ფუნქციებიც არსებითად იცვლება და მისი უფლებამისილება იქნება - შესაბამისი ტერიტორიის განვითარების სტრატეგიის შექმნა და დამტკიცება, მის მართვაში გადაცემული საავტომობილო გზების მართვა, მის მართვაში შემავალი სხვადასხვა სახის კულტურული დაწესებულებების მოვლა-შენახვა, გაერთიანებაში შემავალი მუნიციპალიტეტების მყარი ნარჩენების გადამუშავება და უტილიზაცია.

ბერძენიშვილის თქმით, სეპარატიზმზე საუბარი „ყურით მოთრეული“ თემაა.

„სეპარატიზმი არც იმ ვერსიაში განიხილებოდა და არც ახალ წინადადებაში. თუ ვინმეს სეპარატიზმის ყურით მოთრევა სურს, არ ვიცი. სეპარატიზმის თემა არასერიოზული იყო, მაგრამ უკეთესი და ოპტიმალური ფორმა გამოვნახეთ, როლითაც  თვითმართველობის წარმომადგენელთა რანგი და ფასი გავზარდეთ და გუბერნატორთან კონსულტაციაზე მაღალი ნდობის მქონე პირები წავლენ“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი, რომელიც განმარტავს, რომ თვითმმართველი ქალაქების გამოყოფა  თავდაპირველად იმ ქალაქებიდან დაიწყება, სადაც გუბერნატორები არიან.

მისი ინფორმაციით, თვითმმართველი შვიდი ქალაქია, რომელიც სადღეისოდ არსებულ ხუთ თვითმმართველ ქალაქს დაემატება და ჯამში, რეფორმის პირველ ეტაპზე, 12 თვითმმართველი ქალაქი იქნება.

დავით ბერძენიშვილის მსგავსად, კოდექსში სეპარატიზმის საფრთხეს ვერ ხედავს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი.

მისი შეფასებით, მთავრობა თანახმაა, მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანებები სამხარეო საკონსულტაციო საბჭოებად გარდაიქმნას, თუმცა, სეპარატიზმის საფრთხეები, რაზეც იყო საუბარი, მთავრობის მიერ წარმოდგენილი რედაქციით, არ არსებობს.

„მთავრობის პროექტი კარგად არის დამუშავებული, მათ შორის - უსაფრთხოების კუთხით. შესაბამისად, ასეთი საფრთხეები არ ყოფილა. გვესმის, რომ ნებისმიერი სიახლე გარკვეულ კითხვის ნიშნებს ქმნის. საბჭოს მოდელი, მთავრობის მიერ შემოთავაზებული რედაქციის მიხედვით, თავისი შინაარსით საკონსულტაციო ორგანოა. მასში საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი მთავრობას გააჩნია, მაგრამ რაკი ეს ტერმინოლოგიური გაურკვევლობები არსებობს და რადგან ჩვენთვის მთავარი ამოცანა კონსულტაციების არსებობაა, მზად ვართ, განვიხილოთ კანონპროექტის კორექტირების საკითხი. ამ შემთხვევაში საუბარია სამხარეო საკონსულტაციო საბჭოზე და შესაბამისად, ეს იყოს მექანიზმი, რომლითაც არ გვექნება ერთპიროვნული მმართველობა იმ ნაწილში, რაც რეგიონულ საკითხებს ეხება“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

იქედან გამომდინარე, რომ პარლამენტის მხრიდან გამოთქმული შეთავაზებები შეთანხმებულია მთავრობასთან, პაკეტში წინადადების ასახვა მიმდინარე კვირას მოხდება, რასაც საპარლამენტო ოპოზიცია დადებითად აფასებს, არასაპარლამენტო კი ხელისუფლებას მოუწოდებს, ცვლილებების კორექტირება მოკლე ვადებში უზრუნველყოს, რადგან მათი ცნობით, თვითმმართველობის არჩევნებამდე ექვსი თვეა დარჩენილი და არჩევნები საფრთხის ქვეშ დადგება.

როგორც for.ge-ს „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, კარგია, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავიდა, გუბერნატორთან არსებულ ორგანოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აღარ ექნება და ამით ქვეყნის სეპარატიზმის საფრთხე გაჩერდა.

„მეორე პრობლემა ის, რომ ყველა სოფელმა პირველი პირი აირჩიოს. ამას ვუწოდებთ  გამგებელს, მამასახლისს, თუ რწმუნებულს, ეს - სულერთია. ამას გარდა, თვითმმართველი ქალაქების ბედი გაურკვეველი ხდება და ხაშურელს ვერ ავუხსნით, თუ რატომ უნდა იყოს ამბროლაური თვითმმართველი ქალაქი, ხოლო ხაშური - არა. ამას გარდა, ხელისუფლებას ვალდებულება აქვს, ჩაატაროს ნორმალური არჩევნები და როცა არ ვიცით, თუ რა რჩება თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შემდეგ და როგორ ვირჩევთ თვითმართველობას, ეს კარგის მომტანი არ იქნება. არჩევნებამდე ექვსი თვე დარჩა და ეს ყველაფერი, გონივრულ ვადებში უნდა მოაგვარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მათ  დაეკისრებათ“, - ამბობს ვეფხვაძე, რომლის მსგავსადაც, კოდექსის მეშვიდე კარის კორექტრებას მიესალმება „ახლების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე.

for.ge-სთან საუბარში კაციტაძე აცხადებს, რომ კოდექსში რეგიონალური გაერთიანება  და საზოგადოებრივი საბჭოები  აღარ იქნება, რაც კარგია.

„პირველი მოსმენისთვის, მსგავსი დათმობა პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, პროცესს თვალ-ყურის მიდევნება სჭირდება. ფაქტია, რომ ოპოზიციის აქტივობამ ფუჭად არ ჩაიარა. ასე იქმნება პროდუქტი და არ ისე, რომ სამი კაცი რომელიმე კაბინეტში საუბრობდეს. ამას გარდა, გარკვეული  მსჯელობა გვქონდა ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე, მაგრამ ამ მხრივ, არ არის სიმკვეთრეები, რაც ცუდია“, - აცხადებს კაციტაძე.  

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის პოზიციას, ნაციონალები მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევას მიესალმებიან, მაგრამ კანონპროექტის დახვეწას მოითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ რიგი მიმართულებები გაურკვეველ ნორმებად რჩება.

სერგო რატიანის აზრით, კოდექსში ბევრი საკითხი დასაზუსტებელია.

„კანონპროექტი სერიოზულ დახვეწას მოითხოვს. გაუგებარია, ამ კანონის ფინანსური უზრუნველყოფა და გაუგებარია უბნის საბჭოები, რომელიც თუ რა მიზანს ემსახურება, ბუნდოვანია. მუშაობა უნდა გაგრძელდეს“, - განუცხადა for.ge-ს რატიანმა.

ცვლილებების პირველი მოსმენით განიხილვა პარლამენტში დღეს დაიწყო და არ არის გამორიცხული, საკანონმდებლო პაკეტში რამდენიმე ჩასწორება განხორციელდეს.

თავად პროექტით კი, თვითმმართველი ერთეულების რაოდენობა 69-დან 120-მდე იზრდება. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 12 ქალაქს მიენიჭება, ხოლო მათ მიმდებარე სოფლებისგან მუნიციპალიტეტები შეიქმნება.  ასევე, მერს და გამგებელს მოსახლეობა პირდაპირი წესით - სამი წლის ვადით აირჩევს. აღნიშნული ვადა 2017 წლიდან შეიცვლება და ისინი ოთხი წლის ვადით იქნებიან არჩეული.  ამასთან, წინადადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური რესურსები მნიშვნელოვნად გაიზრდება ე.წ. წილობრივი გადასახადის ხარჯზე. ამას გარდა, 2014 წლიდან 2017 წლამდე შემცირდება ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულთა პირთა რაოდენობა, რადგან თითოეულ მუნიციპალიტეტში, 500 ამომრჩეველზე ერთი საშტატო ერთეული იქნება განსაზღვრული. მთავრობის პროგნოზი, დღეს დასაქმებულთა რიცხვი დაახლოებით 14 ათასს აღწევს, ხოლო რეფორმის შემდეგ იგი 3 ათასით შემცირდება. 2017 წლის შემდგომ კი ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულ პირთა რაოდენობა კვლავ 14 ათასს გაუტოლდება.

ამას გარდა, პროექტით, არსებითად იცვლება გუბერნატორის ფუნქციები. თუ კი დღევანდელი მდგომარეობით, გუბერნატორის ინსტიტუტის ძირითადი უფლებამისილება თვითმმართველობის ორგანოებზე სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელებაა, რეფორმის შემდეგ ეს ფუნქცია რეგიონული განვითარების სამინისტროს კომპეტენციაში გადადის.

მართალია,  დავით ნარმანიას უწყების პოზიციის ცვლას ოპოზიცია საკუთარ აქტივობას უკავშირებს, მაგრამ ფაქტია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებაზე გავლენა პატრიარქის იმ განცხადებამ მოახდინა, როდესაც ბრძანა, რომ  „პარლამენტი და ხელისუფლება მსჯელობს თვითმმართველობის კანონზე და ეს თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისაკენ და რღვევისკენ. ჩვენ არასდროს არ შევურიგდებით ამას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ შესრულდეს“.