ხელისუფლება და ოპოზიცია ქართული საზოგადოების თვალში ერთნაირად დისკრედიტირებულია. ასეთ დროს ამბობენ ხოლმე – ზედა ფენებს არ სურთ, ქვედა ფენებს კი, არ შეუძლიათო. ამ ფონზე „ეგვიპტური აქლემი“ კარსაა მომდგარი და ყველას წალეკვა–განადგურებით ემუქრება.
ხელისუფლებას სოციალური ყოფის მძიმე პერსპექტივა გააზრებული აქვს და ახალ რეალობაში ძალაუფლების რეინკარნაციის გზებს ეძებს. ერთ–ერთი ვერსიით, პრეზიდენტი სააკაშვილი ახალი არჩევნების შემდეგ პარლამენტის თვმჯდომარეობას უმიზნებს. დაშლილ–დანაწევრებული ოპოზიცია კი საკუთარი უნიათობის გამართლებითაა დაკავებული.
„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, „ოპოზიციური ველი ფაქტობრივად განადგურებულია, რაც, წესით, ხელისუფლებას არ უნდა ახარებდეს, რადგან „ეგვიპტური აქლემი კარსაა მომდგარი“.
მისივე თქმით, „ოპოზიციური ველის განადგურებას ორი მიზეზი აქვს - ოპოზიციის ერთი ნაწილის ახლომხედველობა და ხელისუფლების მხრიდან ჭორების მანქანის ამუშავება“.
„ამ ჭორების მსხვერპლი ეროვნული ფორუმიც არის. ყველას აგენტობას გვაბრალებენ. არ შეიძლება, ერთდროულად რუსეთის, პაპის, ამერიკელების და მერაბიშვილის აგენტი იყო, რასაც ფორუმს აბრალებენ. ეს ან ტყუილია, ან თუ მართალია, ფორუმი დამკაში გასულა. ოპოზიციური ველის დასუფთავება ახალი ჯგუფისთვის ხდება, რომელიც შესაძლოა, მმართველ გუნდს გამოეყოს“, - განაცხადა სანიკიძემ.
ამასთან, მან მოუწოდა ხელისუფლებას, „ნუ გაბედნიერდება იმით, რომ ოპოზიცია სუსტია, რადგან ეს ქვეყანას ეგვიპტესა და ალჟირის მოვლენების განვითარებას უქადის“.
„ეგვიპტური აქლემი კარსაა მომდგარი. ეს პროცესი არ გაჩერდება. თუ ხალხი ქუჩაში გავიდა, მას ვერც ოპოზიცია გააკონტროლებს და ვერც ხელისუფლება. ცნობილი მოვლენები ალჟირშიც და ეგვიპტეშიც სუსტი ოპოზიციის პირობებში განვითარება“, - განაცხადა სანიკიძემ და ჟურნალისტებს მოუწოდა, „როგორც ე.წ მე-4 ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა აიღონ“.
ხელისუფლების გეგმებთან დაკავშირებით გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებას გეგმავს.
„პირWელის“ ინფორმაციით კი, რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა „ნაციონალური“ ელიტა შეკრიბა და მმართველი პარტიის გაძლიერების აუცილებლობაზე ესაუბრა.
შეხვედრაზე სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასავლეთის მხარდაჭერა არ ექნება, ხოლო „გაძლიერებული ნაციონალური მოძრაობის პირობებში“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავების რეალური შანსი აქვს“.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტს უფლება არ აქვს, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კენჭი იყაროს და პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს.
როგორც „პირWელს“ იურიდიულ საკითხთა ექსპერტმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, პრეზიდენტს კენჭისყრის სამართლებრივი უფლება იმ შემთხვევაში ექნება, თუ ის დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირებამდე პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს.
აქედან გამომდინარე, თუკი მიხეილ სააკაშვილს პარლამენტის თავმჯდომარეობის სურვული აქვს, პრეზიდენტობაზე უარის თქმა ვადის ამოწურვამდე მოუწევს, რადგან საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგად სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობას გეგმავს, 2012 წელს არის დაგეგმილი, პრეზიდენტობის ვადა კი 2013 წელს ეწურება.
ამასთან, საეჭვოა, სააკაშვილმა დაკავებულ თანამდებობაზე უარი ვადის ამოწურვამდე განაცხადოს. შესაბამისად, თუკი ის პარლამენტის თავმჯდომარეობაზე საბოლოოდ ჩამოყალიბდება, ან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დანიშნოს, რომელიც საპარლამენტოზე ადრე ჩატარდება, ან კანონში ცვლილებას უნდა ველოდოთ, რომლის მიხედვით, პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნის დროს კენჭისყრის უფლება მიეცემა.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში დასავლეთის მხარდაჭერის იმედი არ აქვს, ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ის რეალურად მიაჩნია: „მიხეილ სააკაშვილს დასავლეთის და მით უფრო აშშ-ის მხრიდან პირდაპირი მინიშნება ექნება, რომ 2013 წელს ამ თანამდებობაზე არ მოიაზრება“.
ამასთან, ცისკარიშვილის ვარაუდით, თუკი სააკაშვილი საბოლოოდ გადაწყვეტს, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს დაეუფლოს, იგი ქვეყნის კონსტიტუციას საკუთარ თანამდებობას მოარგებს.