მშპ-ს ზრდის მაჩვენებელმა აპრილში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.0 პროცენტით განისაზღვრა. დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 12.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია.
„საქსტატის“ თანახმად, აპრილში წინა წელთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გრძელდება პოზიტიური ტენდენციები. აპრილში ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა.
„ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე მშენებლობის და ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ, ასევე პოზიტიური და მნიშვნელოვანია ცოდნაზე დაფუძნებული მომსახურებების წვლილი ეკონომიკურ ზრდაში. ფაქტორებს თუ შევხედავთ, ქვეყანაში იზრდება საინვესტიციო აქტივობა. ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მომსახურების ექსპორტს ეკონომიკურ ზრდაში. მაგალითად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პირველი კვარტლის მაჩვენებლებით, რეკორდულია და 800 მლნ აშშ დოლარს აღემატება“, – აღნიშნა ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად.
„სავალუტო ფონდის აპრილის განახლებული პროგნოზების თანახმად, 2024-29 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და, ზოგადად, ევროპის ქვეყნებს შორის“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მიუხედავად ბოლო სამ თვეში ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების მაღალი ტემპერატურისა და საერთაშორისო აქტორების მხრიდან ხელისუფლების ხშირად ზღვარგადასული კრიტიკისა, ეკონომიკურ ზრდა პიკზეა. ქვეყნის მთლიანი ეროვნული პროდუქტი 2024 წლის აპრილში, სარეკორდო ნიშნულზეა, რაც პანდემიამდელ 2019 წლის აპრილის მაჩვენებელს მთელი 34 პროცენტით აღემატება.
ეკონომიკის ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, აპრილის მაჩვენებელი არათუ მნიშვნელოვნად აღემატება იმავე პერიოდში გლობალური ეკონომიკის მატებას, არამედ რამდენჯერმე უსწრებს ევროკავშირის (+5.9%) ანალოგიურ მაჩვენებელსაც, რომელიც ასევე ყველაზე მაღალია ბოლო წლების მიხედვით.
„თუ გავითვალისწინებთ, რომ ინფლაცია ანუ სამომხმარებლო ფასების დონე კვლავ რჩება წლიურ მიზნობრივ 3-პროცენტიან მაჩვენებლის ფარგლებში და წინა წლის აპრილთან შედარებით მხოლოდ 1.3 პროცენტით არის გაზრდილი, ისედაც ცხადი გახდება ეკონომიკის მდგრადი ხასიათი. შედარებისათვის: იმავე პერიოდში ინფლაციამ აშშ-ში 3.4 პროცენტი, ხოლო ევროკავშირში – 2.4 პროცენტი შეადგინა. ამასთან, 12-თვიანი პერიოდის საშუალო ასეთი დაბალი ინფლაცია (0.6%) 2013 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ოპოზიციის არაერთი მსგავსი მცდელობა კრახით დასრულებულა, ეკონომიკა არც ამჯერად ჩამოიშლება მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და საგარეო ზეწოლისა! ანტისამთავრობო მიტინგები ევროპის არაერთ ქვეყანაში იმართება, მათ შორის ზოგჯერ რადიკალური ფორმებითაც, მაგრამ ეკონომიკის ჩამოშლა არ ხდება!“ - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
ხელისუფლების მოწინააღმდეგე არასამთავრობო სექტორი კი გაკვირვებას ვერ მალავს მიღწეული შედეგით. „მოულოდნელად მაღალია, გაცილებით დაბალ ზრდას ველოდი“, - ასე აფასებს „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი აპრილის ეკონომიკურ ზრდას. დავით კეშელავას უჭირს კონკრეტული ფაქტორის გახსენება, რამაც მშპ 11.8%-ით გაზარდა.
„საბაზო ეფექტი არ არის. რამ გამოიწვია, პასუხის გაცემა გვიჭირს, რადგან კომპონენტების მიხედვით დეტალური ჩაშლა არ გვაქვს. არ ვიცით, ეს მოხმარებიდან მოდის, ინვესტიციებიდან თუ სხვა მხრიდან. კონკრეტულ ერთ პროექტს ან რამე მნიშვნელოვან ფაქტორს, რასაც შეეძლო ამხელა ზრდა გამოეწვია, ვერ ვიხსენებ“, - აღნიშნა კეშელავამ.