კიდევ ერთი მკვეთრი ვარდნის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ თავი შეიმაგრა და ძალიან ნელა, ისევ გამყარებისკენ აიღო გეზი. ეს ტენდენცია უფრო მეტად ივნისში გამოიკვეთება. ბოლო დროინდელ მოვლენებს კი, პოლიტიკურ დაძაბულობასთან ერთად, ფინანსისტები საბანკო სექტორის სპეკულაციებს აბრალებენ.
ფინანსისტი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ამ პანიკურ სიტუაციასა და აჟიოტაჟს თავად კომერციული ბანკები ტეხენ. როგორც წესი, პირველი საბოტაჟი ყოველთვის ბანკების მხრიდან ეწყობა, ისინი ხელოვნურად აწყობენ ბუმს და ასეთი სიტუაციების სწორად გამოყენებით მოგებასაც იღებენ.
„ეროვნული ბანკის მესვეურებმა და მთავრობამ კარგად უნდა იცოდეს, რომ პირველი საბოტაჟი მოდის მაგათგან, სპეციალურად მოახდენენ ბუმს, როგორც მოხდა პირველი ნახტომისებური გაძვირებისას. ძვირად გაყიდიან დოლარს და იაფად იყიდიან. ეს სულ ხდებოდა საბანკო სისტემაში და ამის გამკითხავი არავინ არის. ეს სფერო ასეთი სიტუაციებით ყოველთვის მოგებული გამოდის.
თუ ნახავთ ტექნიკური ანალიზის მიხედვით, რაც მოხდა 1 კვირის წინ დოლარის კურსზე, ეს გრაფიკები ყველა საშუალო კვადრატული გადახრიდან არის ამომხტარი, თითქოს ატომური ბომბი ჩამოვარდნილიყო საქართველოში. ეს არის სპეკულაციური გარიგებები, რაც მოხდა პირველი განცხადებების შემდეგ. დიახ, კურსი გაუფასურდებოდა ამ პოლიტიკური განცხადების გამო, მაგრამ კურსის გაუფასურებას აქვს თავისი ჩარჩო და ამ ჩარჩოდან იყო ამოვარდნილი ძალიან. თითქოს ომი დაიწყო და გაუფასურდა ეროვნული ვალუტა. აი, აქ „სცოდავენ“ კომერციული ბანკები“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ.
იგი საბანკო სისტემის ზოგად მდგომარეობასაც შეეხო და ხაზი გაუსვა, რომ უკვე წლებია სისტემა ოლიგოპოლიურია და ამის გამოსასწორებლად შესაბამისი ზომების მიღება არ ხდება.
„24 წელია საშველი არ დაადგა ამ ოლიგოპოლიური საბანკო სისტემის დაშლას. როგორ შეიძლება ეროვნული ბანკი იყოს მეთვალყურე და მის რეგულაციაში შედიოდეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირება. ამიტომ ხდება ეს სპეკულაციები, ამიტომ ვერ ვვითარდებით, ამიტომ ვერ იზრდება რეალური ეკონომიკა“, - დასძინა ფინანსისტმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
ეროვნული ვალუტის რყევებს ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟურ პროცესებს უკავშირებს ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძეც და აღნიშნავს, რომ მსგავს სიტუაციებს ახასიათებს ერთი თვისება - ის თავიდან რეაგირებს შექმნილ პანიკურ განწყობაზე, თუმცა შემდეგ ბაზარი აღარ მოქმედებს სპეკულაციებზე, დეზინფორაციაზე და უბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.
„ყველა ფუნდამენტური ფაქტორი, რამაც შეიძლება ობიექტური გავლენა მოახდინოს ლარის გაუფასურებაზე, წესრიგშია. ამდენად, თუ გაუფასურების პასუხისმგებლობას ამ აჟიოტაჟზე გადავიტანთ უნდა ველოდოთ, რომ მაქსიმუმ საშუალოვადიან პერიოდში სავსებით შესაძლებელია, რომ ლარმა დაიწყოს დასტაბილურება“, - განაცხადა ანგურიძემ.
მისი აზრით, ეროვნული ბანკის პოლიტიკა ადეკვატურია და სებ-ი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რომლის გამოყენებაც რელევანტურია მსგავსი მოკლევადიანი მერყეობების და პანიკური, ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად შექმნილი განწყობის გასანეიტრალებლად.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაიტანა, საიდანაც 48 მილიონ 700 00 დოლარის ათვისება მოხდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში აჟიოტაჟი ჩამცხრალია და ვითარება სტაბილურდება. რაც შეეხება მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, ყველა პარამეტრი პოზიტიურია. ფინანსისტები ვარაუდობენ, რომ კურსი ივნისში გამყარდება.
„ეროვნული ბანკის მხრიდან რეზერვების გამოყენება არის სწორი. ბუნებრივია, რეზერვები იხარჯება, მაგრამ ის, რომ რეზერვები იცლება, ფუნდამენტურად არასწორია. არსებული მერყეობა წმინდად სპეკულაციურია, პანიკურია და არავითარი კავშირ არ აქვს ფუნდამენტურ ფაქტორებთან. ლარის კურსის დღევანდელი მაჩვენებელი უცხოურ ვალუტასთან არის არარეალური, არა წონასწორული და ის აუცილებლად დაუბრუნდება წონასწორულ მაჩვენებელს“, - განაცხადა მედია-პლატფორმა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბაშიშვილმა.
ლარის გაუფასურების საფრთხე რომ დიდწილად განეტრალებულია, ეს ბოლო ორი დღეა „ბლუმბერგის“ დინამიკითაც დასტურდება. ეროვნული ბანკის ინტერვენციის შემდეგ კურსი მაღლა აღარ წასულა და მცირე ბიჯებით გამყარების გზას დაადგა, თუმცა ძველ წონასწორულ ნიშნულამდე ჩამოსვლას გარკვეული დროს დასჭირდება.